Facebook Twitter

¹ას-44-38-2011 28 თებერვალი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “ს.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება, ხანდაზმულობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 10 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ს.-მ” (დირექტორი მ. ზ-ძე) მოპასუხეების _ ი. დ-ძის, ზ. ა-ძისა და ბ. მ-ძის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოპასუხეებისათვის: ი. დ-ძისათვის _ 9 111 ლარის, ზ. ა-ძისათვის _ 546 ლარისა და ბ. მ-ძისათვის _ 2 543 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეები სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ სს “ს.-ში”, რა დროსაც მათ საზოგადოებისათვის სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობების შესასყიდად მიიღეს თანხა, რაც დანიშნულებისამებრ არ გამოუყენებიათ. 2007 წლის აგვისტოში ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ სს “ს.-ში” ჩაატარა საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი. აღნიშნული შემოწმების აქტით მოპასუხეებზე გაცემული თანხა, რომლის ჩამოწერაც არ იყო დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით, საგადასახადო კოდექსის 174.1 მუხლის მიხედვით განხილულ იქნა, როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რითაც საზოგადოებამ განიცადა მატერიალური ზიანი. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები ნებაყოფლობით თანხას არ აბრუნებდნენ, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიერ მისი კანონიერი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა. სამართლებრივად მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლებზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “ს.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ს.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სს “ს.-ს” სააპელაციო საჩივარი მოპასუხე ზ. ა-ძისათვის 546 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა განუხილველი, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, ზ. ა-ძის მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1 000 ლარს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით სს “ს.-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. დ-ძისა და ბ. მ-ძის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “ს.-ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ი. დ-ძეს სს “ს.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 9 111 ლარის გადახდა, ბ. მ-ძეს _ 2 523 ლარის გადახდა, რაც გასაჩივრდა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით ი. დ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სს “ს.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. დ-ძისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ ი. დ-ძე წარმოადგენდა სს „ს.-ს ხელმძღვანელ პირს – სს „ს.-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და საზოგადოებაში აღარ მუშაობს 2006 წლიდან. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 16 აგვისტოს შემოწმების აქტისა და მხარეთა განმარტებებზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ 2005 წლიდან სს „ს.-ს“ დირექტორია მ. ზ-ძე. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგენილი, 2007 წლის 16 აგვისტოს შემოწმების აქტისა და აქტის ¹10 დანართის საფუძველზე მიიჩნია, რომ 2004 წლის 1 იანვრიდან – 2007 წლის 1 ივლისამდე განვლილ საანგარიშგებო პერიოდში, საზოგადოების სალაროდან ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემულია თანხები, რომელთა ჩამოწერაც არ არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით. პალატამ მიუთითა, რომ 2004 წელს ი. დ-ძის სახელზე გაცემულია 2004 წლის მარტში – 2121,75 ლარი, მაისში – 893 ლარი, ივნისში – 2200 ლარი, ივლისში – 1450 ლარი, აგვისტოში – 188,70 ლარი, სექტემბერში – 685 ლარი, დეკემბერში – 2873 ლარი სულ – 9111 ლარი. დადგენილად ცნო, რომ 2007 წლის 16 აგვისტოს შემოწმების აქტის ¹10 დანართში დაფიქსირებული თანხების ი. დ-ძის მიერ საწარმოს სალაროდან გატანის თაობაზე საქმეში წარმოდგენილია რამოდენიმე სალაროს გასავლის ორდერი, სადაც თანხის გაცემის მიზეზად მითითებულია კრედიტორული დავალიანების დაფარვა, კერძოდ: 2004 წლის მარტში – 2121,75 ლარის, 8 მაისს – 893 ლარის, 23 ივნისს – 2200 ლარის, 21 ივლისს – 950 ლარის, 23 აგვისტოს – 188,70 ლარის, 29 სექტემბერს – 685 ლარის, 16 დეკემბერს – 1685 ლარის, ხოლო 30 დეკემბერს კი - 1188,05 ლარის დავალიანების დაფარვა. ამასთან, 2121,75 ლარის, 2200 ლარის, 950 ლარის, 188,70 ლარის, 685 ლარის გატანაზე ორდერები დამოწმებულია ხელმძღვანელის ხელმოწერით. 2004 წლის მაისში 893 ლარისა და დეკემბერში 1188,05 ლარის გატანაზე ორდერს ხელს აწერს მხოლოდ ი. დ-ძე და მოლარე, ხელმძღვანელის ხელმოწერა კი არ ფიგურირებს. 2004 წლის 16 დეკემბერს 1685 ლარის გატანაზე სალაროს გასავლის ორდერი მხოლოდ ი. დ-ძის მიერ არის ხელმოწერილი, ამასთან მიუთითა, რომ საგადასახადოს აქტის ¹10 დანართში დაფიქსირებული თანხებიდან 1450 ლარის, 416 ლარისა და 2873 ლარის ი.დ-ძის მიერ მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება (სალაროს გასავლის ორდერი) საქმეში არ მოიპოვება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოების სალაროდან თანხის გატანა და მათი განკარგვა ი. დ-ძის, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შიდა საზოგადოებრივ ფუნქციას არ შეესაბამებოდა და მისი უფლება არც საზოგადოების წესდებით არ ყოფილა გათვალისწინებული.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებით და მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ხანაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია. გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ამავე კანონის მე-4 მუხლი და 103-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ საწარმოს თანამშრომლის მიერ საწარმოს საჭიროებისათვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად საწარმოს სალაროდან თანხის მიღება, თუკი ეს ხორციელდება საზოგადოებასთან შეთანხმებით, არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მხარეებს გააჩნიათ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი, მათ შორის, თანხის მიმღებს გააჩნია ვალდებულება, შეიძინოს კონკრეტული ნივთი საწარმოს სახელითა და ხარჯზე, ანუ ეს ურთიერთობა შეესაბამება დავალების ხელშეკრულების არსს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით, 715-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს საზოგადოებისათვის საჭირო ინვენტარის შესაძენად საზოგადოებისათვის სალაროდან ი. დ-ძის მიერ 2004 წელს გატანილი თანხის დაბრუნება, ამდენად, მიიჩნია, რომ იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელთა გაცემაზეც საქმეში წარმოდგენილია ორდერები, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დავალების ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გამოყენებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში დაფიქსირებული მოსაზრებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს ფაქტი იმის თაობაზე, რომ საზოგადოების სალაროდან ი. დ-ძის მიერ 2004 წელში სხვადასხვა დროს გატანილ იქნა თანხა საზოგადოებისათვის საჭირო ინვენტარის შესაძენად, მათ შორის იმ ორდერებითაც, რომლებზეც ხელი საზოგადოების ხელმძღვანელს არ მოუწერია და ხელმოწერილია მხოლოდ მოლარის ან საერთოდ მხოლოდ ი.დ-ძის მიერ. აღნიშნული ოპერაციები შეესაბამებოდა საზოგადოების ხელმძღვანელის ნებას და განხორციელდა მასთან შეთანხმებით, ამასთან შეძენილი ინვენტარის საზოგადოებისათვის გადაცემა და საბუღალტრო დოკუმენტებში დაფიქსირება უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივ.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ, ვინაიდან საქმეში არ არსებობს 2004 წელში, ი. დ-ძის მიერ ორდერების საფუძველზე მიღებული თანხის შესაბამისი ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სს „ს.-ს“ მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე დასაბუთებულია. პალატამ მიუთითა, ვინაიდან მოსარჩელე მ. ზ-ძე 2005 წლიდან არის სს „ს.-ს“ დირექტორი, ამასთან დირექტორად დანიშვნისთანავე მოითხოვა თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა, რაზედაც ი.დ-ძემ უარი განუცხადა, მიიჩნია, რომ ამ დროიდან იგი ვალდებული იყო, შეეტყო ი.დ-ძის მოქმედებით საზოგადოების უფლებების დარღვევის თაობაზე და სამი წლის ვადაში, (2008 წლამდე) წარედგინა სარჩელი სასამართლოში, რაც არ მას გაუკეთებია. ამდენად, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ, მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისა, 2004 წელში, სალაროს გასავლის ორდერებით გატანილი თანხების დაბრუნებაზე, 2009 წლის 10 ივნისს შეტანილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ საზოგადოების სალაროდან თანხის გატანა და მათი განკარგვა ი. დ-ძის, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შიდასაზოგადოებრივ ფუნქციას არ შეესაბამებოდა და მისი ასეთი უფლება არც საზოგადოების წესდებით არ ყოფილა გათალისწინებული, ასევე საზოგადოების თანხა ჩაბარებული ჰქონდა მოლარეს, რომელიც საზოგადოების დირექტორთან შეთანხმებით გასცემდა თანხებს, მიიჩნია, რომ ი. დ-ძეს საწარმოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად თანხა არ გაუტანია, რაც გამორიცხავს მის მიერ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებას (დელიქტი) და მისგან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობას. ამასთან მიუთითა, რომ, მართალია, ი. დ-ძე საზოგადოების სალაროდან სადავო თანხების გატანის პერიოდში წარმოადგენდა საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მაგრამ თანხების გატანა მის შიდასაზოგადოებრივ ფუნქციას არ შეესაბამებოდა და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სალაროს გასავლის ორდერებზე საწარმოს ხელმძღვანელის ხელმოწერა არ არსებობდა, ასეთი მოქმედების განხორციელება არ შეიძლება ჩაითვალოს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ი.დ-ძის მოქმედებით არ დარღვეულა სადავო პერიოდში მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7, 55.10 და 56.4 მუხლებით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის მოვალეობა, რაც გამორიცხავს ამ საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ს.-მ” მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი პირველი და მეორე ნაწილების შინაარსი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და დადასტურებულად ცნო ის ფაქტი, რომ 2004 წელს მოპასუხე ი.დ-ძემ სააქციო საზოგადოების სალაროდან ინვენტარის შეძენის მიზნით გაიტანა გარკვეული რაოდენობის თანხები, რომელიც კომპენსირებული არ ყოფილა ინვენტარის შეძენით, რის გამოც სასამართლომ სააქციო საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა სამართლიანად ჩათვალა, მაგრამ განჩინებაში მიუთითა, რომ, ვინაიდან მ. ზ-ძე 2005 წლიდან არის სს “ს.-ს” დირექტორი, დანიშვნისთანავე მოითხოვა თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა, რაზედაც ი.დ-ძემ უარი განაცხადა. პალატამ მიიჩნია, რომ ამ დროიდან იგი ვალდებული იყო, შეეტყო ი.დ-ძის მოქმედებით საზოგადოების უფლებების დარღვევის თაობაზე და სამი წლის ვადაში 2008 წლამდე წარედგინა სარჩელი სასამართლოში, რაც არ გაუკეთებია. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება არასწორია. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ვინაიდან ი.დ-ძის ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული არ ჰქონდა, იგი უფლებამოსილი იყო, ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა სამი წლის ვადაში პერიოდულად, რომლის მოთხოვნის ვადაც გადიოდა 2007 წელს, იმ პერიოდში, როდესაც მიიღო სადავო თანხა. ი.დ-ძე სს “ს.-ს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობისაგან გათავისუფლდა 2007 წლის 28 აპრილს, ე.ი ამ დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ი.დ-ძე არ შეასრულებდა ვალდებულებას, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა და არა იმ პერიოდიდან, როდესაც დირექტორი გახდა მ.ზ-ძე. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი და ამავე კანონის მე-15 მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით სს “ს.-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ს.-ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ფარგლები და მოთხოვნის ხანდაზმულობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 709-ე მუხლებსა და 715-ე მუხლის პირველ ნაწილს, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს “ს.-ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “ს.-ს” უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 31 იანვარს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 610 ლარის 70% _ 427 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ს.-ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სს “ს.-ს” დაუბრუნდეს 2011 წლის 31 იანვარს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 610 ლარის 70% _ 427 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება