Facebook Twitter

ას-445-417-10 1 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ი-ოვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ა-ოვი (მოპასუხე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 15 მაისს მარნეულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ფ. და ი. ი-ოვებმა მოპასუხე ფ. ა-ოვის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისაგან დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 43,950 ლარის ოდენობით.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. და ი. ი-ოვების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფ. და ი. ი-ოვებმა და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით ფ. ი-ოვის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. ი-ოვმა და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის დასაშვებობად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ფ. ი-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 მაისის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ი. ი-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა, რომ, აპელანტის განმარტებით, მისი მამა _ ფა. ი-ოვი, გარდაიცვალა 2001 წლის 29 აგვისტოს. მის სახელზე ირიცხებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯალოში მდებარე სახლი. მამკვიდრებლის შვილებმა ქონება მიიღეს ფაქტობრივი ფლობით.

2003 წელს მარნეულის რაიონის საკრებულოს თავჯდომარედ მოპასუხის _ ფ. ა-ოვის მუშაობის პერიოდში, მარნეულის რაიონის სასამართლოში წარსადგენად გაიცა ¹254 ყალბი ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ, ამ ცნობის მიხედვით, ფ. ა-ოვმა გააკეთა ჩანაწერი, თითქოს დედის _ ნ. ი-ოვას სახლში, რომელიც მდებარეობს ყიზილაჯალოში, ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მხოლოდ ნ. ი-ოვა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფ. ა-ოვი მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე ამყარებს იმ გარემოებებზე, რომ ფ. ა-ოვის მიერ ცნობის სწორი მონაცემით გაცემის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნებოდა მამკვიდრებლის შვილების ინტერესები და მათ წილ ქონებაზე არ დადგინდებოდა დედის _ ნ. ი-ოვას ფაქტობრივი ფლობა, შესაბამისად, არ გადაწყდებოდა ამ ქონების აუქციონზე გაყიდვა.

სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი, რომლის თანახმად მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითეულის წილის პროპორციულად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით მოსარჩელეები, როგორც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრეები, რომლებიც ფაქტობრივად დაეუფლენ მამკვიდრებლის ნებას, ვალდებული იყვნენ, დაეკმაყოფილებინათ მათი მამის _ მამკვიდრებელ ფა. ი-ოვის კრედიტორის მოთხოვნები.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ი-ოვმა. მან მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები. 2003 წელს მარნეულის საკრებულოს თავჯდომარემ გასცა ყალბი ცნობა, რომლის თანახმადაც, ნ. ი-ოვას სახლში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მხოლოდ ნ. ი-ოვა. ცნობაში არ არის მითითებული ი. ი-ოვი, რომელიც აღნიშნულ ბინაში არის რეგისტრირებული. სასამართლო დაეყრდნო ყალბ ცნობას, რის გამოც სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტები და საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ი-ოვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ი. ი-ოვის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ი-ოვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.