Facebook Twitter

13 ივნისი, 2011 წელი

¹ას-445-420-2011 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «...ს» უფლებამონაცვლე შპს «ს-ა» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჯ-ი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ხელშეკრულბით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «...» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს « ჯ-ის» მიმართ 2008 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში მოხმარებული, განშტოებიდან შემყვანი მილის გამტარუნარიანობით, წყლის ჭავლის დინების 1,5 მეტრწამის სიჩქარით დღე-ღამეში 10 საათიანი მიწოდების ხაგრძლივობით, წყლის ღირებულების დაკისრების მოთხოვნით, რაც მოსარჩელის გაანგარიშებით შეადგენს 80729,60 ლარს შემდეგი გარემოებების გამო:

2007 წლის 30 ნოემბერს სს «...» და შპს « ჯ-სს» შორის გაფორმდა ¹... ხელშეკრულება «ა» და «ბ» დანართებით, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს უნდა გაეწია კანალიზაციისა და წყალმომარაგების გარე ქსელების საექსპლოატაციო და ავარიული მომსახურება, ასევე წყალმომარაგებისა და სარეზერვო ავზებით, წყალსაქაჩი მოწყობილობა დანადგარებით მომსახურება, სანაცვლოდ, მოპასუხეს წყლის მიწოდებისათვის 1 კუბურ მეტრზე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 4.40 ლარი, ხოლო მოწყობილობა-დანადგარებით მოსახურებისათვის _ 1200 ლარი, წყალმზომი მოწყობილობის არქონის ან დაზიანების შემ,თხვევაში გადასახადი უნდა განსაზღვრულიყო მილის გამტარუნარიანობის კვეთის მიხედვით 24 საათის განმავლობაში ყოველ დღეზე.

2008 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ შპს «თ-საგან» მიიღო გაფრთხილება, რომლის თანახმადაც გამოყენებული წყალმზომი დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და მხარეს იგი საკუთარი ხარჯებით უნდა გამოეცვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის მიწოდების ხარჯი განისაზღვრებოდა მილის კვეთის გამტარუნარიანობით წყლის ჭავლის დინების 1.5 მეტრ წამში სიჩქარით 24 საათის განმავლობაში.

2008 წლის 13 ივნისს ანალოგიური გაფრთხილებით მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ¹... წერილითYდა მრიცხველის შეცვლისა და დალუქულ მდგომარეობაში წარდგენისათვის ვადა განუსაზღვრა 30 კალენდარული დღით.

მოპასუხის მიერ გაფრთხილებაში მითითებული გარემოების შეუსრულებლობის გამო «სს «...» აგვისტოსა და სექტემბრის თვის წყლის გადასახადი დაეკისრა 80729,60 ლარი.

დადგენილი 5-დღიანი ვადის დარღვევით, გაფრთხილებიდან 4 თვის შემდეგ მოპასუხემ მოითხოვა ანგარიშ-ფაქტირების კორექტირება, 2009 წლის ¹... და 2009 წლის 10 დეკემბრის ¹... წერილებით კი, სადავოდ გახადა მრიცხველის შეცვლის საფუძვლიანობა, რადგანაც მის მიერ გამოყენებული «Kმეი-ს» ტიპის მრიცხველი გამოიყენება მასიურად, ხოლო მოსარჩელეს არ ჰქონდა მისი დაჯარიმების უფლება. მოპასუხემ საკუთარი პოზიიციის დადასტურების მიზნით მიუთითა შპს «ჯ. ფ-ის» 2009 წლის 2 ოქტომბრის ¹... წერილზე, სადაც რეალობა არასწორადაა ინტერპრეტირებული.

2010 წლის 16 მარტს მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ¹... პრეტენზიის პასუხად მოპასუხემ მიუთითა ასევე, რომ 2007 წლის 30 ნოემბრის ¹... ხელშეკრულების დანართ «ა-ში» კვეთის მიხედვით მილის გამტარუნარიანობაზე არაფერია ნათქვამი.

წყლის მილების გამტარუნარიანობა დიამეტრების მიხედვით იმპერატიულადაა განსაზღვრული წყალსადენის ქსელის ექსპლოატაციის სამსახურის მიერ და მხარეებს მისი თვითნებურად შეცვლა არ შეეძლოთ, შესაბამისად, აღნიშნული დებულება ხელშეკრულების პირობა ვერ გახდებოდა, ხოლო საქართველოს სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წერილით დადასტურებულია, რომ «Kმეი-ს» ტიპის მრიცხველი რეეტრში შეტანილი არასოდეს ყოფილა და მისი გამოყენება დაუშვეელია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მხარეთა შორის 2007 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრულია ...ს ვალდებულება წყალმზომის დამონტაჟებასა და დალუქვაზე და წყლის მოხმარება სწორედ მის მიერ დამონტაჟებული წყალმზომით ხორციელდება. მოსარჩელეს თვითონ უნდა მოეხდინა წყალმზომის გამოცვლა და ანგარიში წარედგინა შპს «ა. ე-სათვის», ასევე პერიდულად გაეკონტროლებინა წყლის მოხმარება. მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხე არ არის ვალდებული აგოს პასუხი.

არასწორია იმის მითითება, რომ მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილება წყალმზომის შეცვლის თაობაზე და მან მხოლოდ 4 თვის შემდეგ იქონია აღნიშნულზე რეაგირება, რადგანაც შპს «ა. ე-სს» შეტყობინება მიღებული აქვს 2008 წლის 22 თებერვალს, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

2008 წლის 13 ივნისის წერილზე დართულ სიაში მითითებულ არც ერთ პირს მოსარჩელის წერილი არ გადასცემია, აღნიშნული მოპასუხის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელს ჩაბარდა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ბოლოს და მიუხედავად ...ს ვალდებულებისა, შეეცვალა წყალმზომი, მოპასუხემ ხელშეკრულება შპს «ა-კთან» გააფორმა და დაიწყო წყალმზომის გამოცვლა.

მხარეთა შორის 2007 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პრეტენზიის 5-დღიან ვადას არ ითვალისწინებს, ამასთან, ამავე ხელშეკრულების 6.1 პუნქტით დადგენილია დავის გადაწყვეტის წესი.

სს «...» წყლით ამარაგებს შპს «ჯ. ფ-ი», რომლის წერილიც უტყუარი მტკიცებულებაა.

მოსარჩელე განსახილველ შემთხვევას არასწორად მიიჩნევს მრიცხველის გარეშე წყლის მოხმარებად, არსებული მრიცხველის დემონტაჟი და კონტროლის განხორცილება მოსარჩელის ვალდებულება იყო და მიუხედავად ამისა, მოპასუხესა და შპს «ა-კს» შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია, რომ 2008 წლს 5 სექტემბერს დამონტაჟებული იყო ახალი მრიცხველი, რის გამოც სექტემბერში გაზრდილი ტარიფით გადასახადის დარიცხვა უკანონოა.

შპს «ა. ე-ი» მრიცხველის დამონტაჟებამდე იხდიდა დაახლოებით იმავე და ზოგჯერ მეტ გადასახადსაც, რაც დასტურდება ანგარიშფაქტურებით.

მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობს ვალდებულებას, რადგანაც ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აეროპორტს მის მიერ მიწოდებული ხელშეკრულების დანართ «ა-ში» უნდა განესაზღვრა მილის გამტარუნარიანობა ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად.

2008 წლის 3 იანვრის ¹... ხელშეკრულების 13.2 და 13.3 პუნქტებით გათვალისწინებულ მესამე პირს არ წარმოადგენს შპს “ა. ე-ი» და ის აეროპორტთან ურთიერთობას არეგულირებს მხარეთა შორის 2007 წლის 30 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2008 წლის 3 იანვარს სს «თ. ა-სა» და შპს «ჯ. ფ-ს» შორის გაფორმებული ¹... ხელშეკრულბის მოქმედების ვადა ამოიწურა2008 წლის 31 დეკემბერს. ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე გაანგარიშებული ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 228000 ლარია, ხოლო შპს «ჯ. ე-სს» მხოლოდ 2 თვის წყლის მოხმარების საფასურად დაერიცხა 80729.60 ლარი, ამდენად შპს «ჯ. ფ-ის» წერილში მითიებული გარემოება, რომ დარიცხული საჯარიმო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება შესაბამის პერიოდში ...ს სისტემაში შემავალ ყველა აბონენტის მიერ მოხმარებული წყლის ღირებულებას სამართლებრივად გამართული და დასაბუთებულია.

2010 წლის 16 მარტის ¹... პრეტენზიის წარდგენამდე მოპასუხემ არაერთხელ მიმართა აეროპორტს ანგარიშფაქტურების კორექტირების თხოვნით, რათა მას ამ მტკიცებულებათა კორექტირების შემდგომ გადაეხადა წყლის საფასური, თუმცა მოსარჩელემ მისი მოთხოვნები უყურადღებოდ დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სს «...ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით სს «...ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 შესაბამისად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სს «...» წარმოადგენდა შპს «ჯ. ფ-ის» აბონენტს, თავის მხრივ სს «...» ჰყავდა 24-ზე მეტი ქვეაბონენტი, რომელთა მიერ მოხმარებული წყლის ხარჯი აღირიცხებოდა მათთან ინდივიდუალურად დამონტაჟებულ მრიცხველებზე, საბოლოოდ კი მთლიანი ხარჯი აისახებოდა სს «...ს» ცენტრალურ მრიცხველზე, სს «...ს» ქვეაბონენტები მათ მიერ მოხმარებული წყლის ღირებულებას უნაზღაურებდნენ მოსარჩელეს, ხოლო მოსარჩელე მოხმარებული წყლის საფასურს უხდიდა შპს «ჯ. ფ-რს». 2007 წლის 30 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება სს «...» და მოპასუხე შპს «ა. ე-სს» შორის. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ...ს ტერიტორიაზე განლაგებული შპს «ა. ე-ის» ობიექტების წყალმომარაგების გარე ქსელების საექსპლუატაციო და ავარიული მომსახურება და წყალმომარაგების სარეზერვო ავზებითა და წყალსაქაჩი მოწყობილობა-დანადგარებით მომსახურება. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ შემდეგ არსებით პირობებზე: მოსარჩელე სს «...» უზრუნველყოფდა მოპასუხეს შპს «ა. ე-სს» წყალმომარაგებით, ხოლო მოპასუხე გადაუხდიდა მოსარჩელეს წყალმომარაგებით და კანალიზაციით სარგებლობის საფასურს. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელე მოპასუხის ხარჯზე დააყენებდა და დალუქავდა წყალმზომს. მოხმარებული წყლის ღირებულება ანაზღაურდებოდა წყალმზომის მაჩვენებლის საფუძველზე. წყალმზომის დაზიანების შემთხვევაში მოპასუხე საკუთარი ხარჯებით აწარმოებდა შესაკეთებელ სამუშაოებს. წყალმზომის არქონის, ან დაზიანების შემთხვევაში გადასახადი წყალზე გამოითვლებოდა მილის გამტარუნარიანობით კვეთის მიხედვით 24 საათის განმავლობაში ყოველ დღეზე. ხელშეკრულების 5.7. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში, როდესაც შპს «ა. ე-ის» მიერ დარღვეული იქნებოდა წყლის მიწოდების ტექნიკური პირობები, კერძოდ, წყალმზომის გამიზნული გაჩერების, დამღის დარღვევისა და წყალმზომის შემოვლითი მაგისტრალის ფარულად დამონტაჟების შემთხვევებში, სს «...» ჰქონდა უფლება, შეედგინა სათანადო ოქმი, დამკვეთისათვის წარედგინა ანგარიში მიყენებული ზარალის აღსადგენად, მილის სრული გამტარუნარიანობით დღე-ღამეში 1 თვის გაანგარიშებით, ან მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. მოპასუხე შპს «ა. ე-სი» წყალს მოიხმარდა მოსარჩელის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 4 მრიცხველის მეშვეობით. 2008 წლის 13 ივნისს სს «...» გაუგზავნა წერილი შპს «ა. ე-სს», მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არსებული მრიცხველის შეცვლა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული რადიომოდულიანი მრიცხველით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს მოხმარებული წყლის საფასური დაერიცხებოდა არა მრიცხველის ჩვენებით, არამედ განშტოებიდან შემყვანი მილის გამტარუნარიანობით, წყლის ჭავლის დინების 1,5 მ/წმ სიჩქარით დღე-ღამეში 24 საათიანი მიწოდების ხანგრძლივობით. აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელემ დაასაბუთა შემდეგი გარემოებით: 2008 წლის 22 თებერვალს შპს «თ. წ-მა» აცნობა მოსარჩელეს არსებული მრიცხველის რადიომოდულიანი მრიცხველით შეცვლის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელმა განახორციელა; მოსარჩელე წერილში აღნიშნავდა, რომ მოპასუხის მიერ მოხმარებულ წყლის ხარჯს მასთან არსებული მრიცხველი ზუსტად ვერ აღრიცხავდა; გარდა ამისა, ის არ შეესაბამებოდა საქართველოს სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. მოპასუხის შპს «ა. ე-ის» მიერ მოხმარებული წყლის ხარჯი აღირიცხებოდა «კმეი-ის» ტიპის მრიცხველის მეშვეობით. საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ცნობით ირკვეოდა, რომ «კმეი-ს» ტიპის მრიცხველი არ იყო რეგისტრირებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში, ცნობაში მითითებული იყო, რომ მისი გამოყენება დაკანონებულ გაზომვის საშუალების რანგში საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო დაშვებული. შპს «ა. ე-ის» სარგებლობაში არსებულ მრიცხველებზე შპს «ჯ. ფ-ის» მიერ აღრიცხვიანობის დარღვევის აქტი არ ყოფილა შედგენილი და, შესაბამისად, სს «...სათვის» 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მოხმარებულ წყლის ხარჯთან დაკავშირებით პრეტენზია არ ყოფილა წარდგენილი. შპს «ა. ე-მა» მის სარგებლობაში არსებული 4 მრიცხველიდან ორი შეცვალა 2008 წლის 5 სექტემბერს, ხოლო დანარჩენი ორი _ 2008 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს. მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ძველ მრიცხველებზე მოსარჩელეს ჩვენება 2008 წლის სექტემბრის და ოქტომბრის თვეში არ ჰქონდა აღებული, ხოლო 2008 წლის სექტემბრისა და აგვისტოს თვეში მოხმარებული წყლის ხარჯი ნაანგარიშები ჰქონდა არა მრიცხველის ჩვენებით, არამედ განშტოებიდან შემყვანი მილის გამტარუნარიანობით წყლის ჭავლის დინების 1,5 მ/წმ სიჩქარით დღე-ღამეში 10-საათიანი მიწოდების ხანგრძლივობით, რის შედეგადაც გაანგარიშებულ თანხაზე _ 80729,60 ლარზე ამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები გადასახდელად წარუდგინა მოპასუხეს, მოპასუხე არ დაეთანხმა წარდგენილ მოთხოვნას. მოპასუხეს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არ ჰქონდა გადახდილი მის მიერ აგვისტოსა და სექტემბრის თვეში მოხმარებული წყლის ღირებულება, ის მორიგების შემთხვევაში თანხმობას აცხადებდა, რომ გადაიხდიდა მოხმარებული წყლის ღირებულებას, მრიცხველის გამოცვლის შემდგომ თვეში საშუალოდ მოხმარებული წყლის ხარჯის მიხედვით, რაზედაც მოსარჩელემ უარი განუცხადა. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს «ჯ. ფ-ის» 2009 წლის 2 ოქტომბრის წერილით ირკვეოდა სს «...ს» მიერ შპს «ა. ე-სათვის» 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დარიცხული თანხა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამავე პერიოდში მთლიანად ...ს სისტემაში შემავალი ყველა აბონენტის მიერ მოხმარებული წყლის ღირებულებას. შპს «ჯ. ფ-ის» 2009 წლის 2 ოქტომბრის წერილით დგინდებოდა, რომ შპს «ჯ. ფ-ის» ინიციატივით საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს დადგენილ იქნა წყალმომარაგების სისტემაში გამოსაყენებლად დასაშვები ახალი მრიცხველის ტიპი. მანამდე კი, ლეგალურად გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის, მათ შორის უკრაინული წარმოების «კმეი-ს» ტიპის მრიცხველი. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, მოპასუხის სარგებლობაში არსებული ოთხი მრიცხველის დაზიანების არსებობის ფაქტი, რის შედეგადაც, როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, მრიცხველები აღრიცხავდა უფრო ნაკლები წყლის ხარჯს, ვიდრე მას მოპასუხე ფაქტობრივად მოიხმარდა, რადგანაც, სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოების საკმარის და პირდაპირ მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული მოპასუხის სარგებლობაში არსებული მრიცხველების გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში აღურიცხაობა და ისიც, რომ მრიცხველების შეცვლის შემდეგ მოპასუხის ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, ძველ მრიცხველებს ლაბორატორიული შემოწმება არ ჩატარებია და, შესაბამისად, ამ წესით არ ყოფილა დადგენილი მათი დაზიანების ფაქტი. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხის სარგებლობაში არსებული ძველი მრიცხველების დაზიანების ფაქტი დადგენილად არ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიუთითა, რომ ადგილი არ ჰქონია მრიცხველის არქონას და არც არსებული მრიცხველის დაზიანებას, მოსარჩელის მოთხოვნა აენაზღაურებინა მოპასუხეს მოხმარებული წყლის ღირებულება მილის გამტარუნარიანობის მიხედვით, დასაბუთებულად არ მიიჩნია, ამასთან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ხარჯი შპს «ჯ. ფ-ის» მიმართ გადახდილ იქნა მისივე ცენტრალური მრიცხველის ჩვენების და არა მილის გამტარუნარიანობის მიხედვით. აეროპორტს მოპასუხის ქმედებით არ მიდგომია ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე მუხლისა და 412-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხის სარგებლობაში არსებული მრიცხველების გაუმართაობის გამო, მოსარჩელეს, თავის მხრივ, შპს «ჯ. ფ-მა» 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მოხმარებული წყლის ღირებულება უანგარიშა არა მრიცხველის ჩვენების მიხედვით, არამედ მილის გამტარუნარიანობით და, შესაბამისად, ის თანხა, რომელსაც მოსარჩელე მოპასუხეს ედავება, შპს «ჯ. ფ-მა» გადაახდევინა მას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების პირობები. სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელებულიყო მართლზომიერად. დაუშვებელი იყო უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიდგომოდა სხვას. ამდენად, მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხის მიმართ წარდგენილ თანხაზე დაუსაბუთებელი იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილბით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

2007 წლის 30 ნოემბერს სს «...» და შპს «ა. ე-სს» შორის გაფორმდა ¹... ხელშეკრულება «ა» და «ბ» დანართებით, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს უნდა გაეწია კანალიზაციისა და წყალმომარაგების გარე ქსელების საექსპლოატაციო და ავარიული მომსახურება, ასევე წყალმომარაგებისა და სარეზერვო ავზებით, წყალსაქაჩი მოწყობილობა-დანადგარებით მომსახურება, სანაცვლოდ, მოპასუხეს წყლის მიწოდებისათვის 1 კუბურ მეტრზე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 4.40 ლარი, ხოლო მოწყობილობა-დანადგარებით მომსახურებისათვის _ 1200 ლარი, წყალმზომი მოწყობილობის არქონის ან დაზიანების შემთხვევაში გადასახადი უნდა განსაზღვრულიყო მილის გამტარუნარიანობის კვეთის მიხედვით 24 საათის განმავლობაში ყოველ დღეზე.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, წყალმზომის გამართულ მუშაობასა და შეკეთებით სამუშაოებზე პასუხისმგებელი იყო დამკვეთი, ხოლო წყალმზომის არქონისა და დაზიანების შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშებოდა მილის გამტარუნარიანობით კვეთის მიხედვით 24 საათის განმავლობაში ყოველ დღეზე.

2008 წლის 22 თებერვალს კასატორმა შპს «თ. წ-საგან» მიიღო გაფრთხილება, რომლის თანახმადაც გამოყენებული წყალმზომი დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და მხარეს იგი საკუთარი ხარჯებით უნდა გამოეცვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის მიწოდების ხარჯი განისაზღვრებოდა მილის კვეთის გამტარუნარიანობით, წყლის ჭავლის დინების 1.5 მეტრ წამში სიჩქარით 24 საათის განმავლობაში, რის საფუძველზეც მხარეთა შორის აღნიშნულზე ზეპირი შეთანხმებით შევიდა ცვლილება 2007 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებაში და მოწინააღმდეგ მხარემ იკისრა ვალდებულება, წყალმზომის დაყენებაზე, სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება შპს «ა-თან» 2008 წლის 27 აგვისტოს, რაც, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე, ადასტურებს მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობის ნამდვილობას. 2008 წლის 13 ოქტომბრის ¹... წერილით მოწინააღმდეგე მხარემ კასატორს აცნობა მხოლოდ 2 მრიცხველის გამოცვლის თაობაზე, რითაც დაირღვა ზეპირი შეთანხმება, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გამოეცვალა ოთხივე წყალმზომი. დასახელებულმა გარემოებამ კი, განაპირობა სექტემბრის თვეში გაზრდილი ტარიფით მხოლოდ 2 მრიცხველზე გადასახადის დარიცხვა.

2007 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების 3.1 პუნქტისა და 2008 წლის 13 ოქტომბრის ¹... წერილით შპს «ა. ე-სი» ვალდებული იყო, წყლის მიწოდების საფასური გადაეხადა მილის გამტარუნარიანობის შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების დანართი «ა» არ შეიცავს აღნიშნულზე მითითებას, პასუხისმგებლობისაგან გამომრიცხავი გარემოება არ არის, რადგანაც არსებობს ზოგადი წესი, რომელსაც იყენებს ქ.თბილისის მუნიციპალური საწარმო თბილწყალკანალის ქსელების ექსპლოატაციის სამსახური და სწორედ აღნიშნული წესების გამოყენებაა მიღებული კერძო სამართლებრივ ურთიერთობებშიც, ამასთან აღნიშნულის თაობაზე ზეპირი შეთანხმება დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დართული ანგარიშფაქტურებითაც, რომლებიც ხელმოწერილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით სს «...ს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2011 წლის 7 ივნისს შპს «ს. გ-ამ» განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და განმარტა, რომ სს «...ს» დამფუძნებელი პარტნიორის სახელმწიფო წარმომადგენლის სსიპ «საწარმოთა მართვის სააგენტოს» 2011 წლის 11 მარტის ¹... ბრძანებით მოხდა სს «...ს» შპს «ს. გ-თან» შერწყმა და აღნიშნული სამეწარმეო რეესტრში აღირიცხა 2011 წლის 19 აპრილს, ამდენად, შპს «ს. გ-ამ» მოითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, სს «...ს» უფლებამონაცვლედ შპს «ს. გ-ის» ცნობა, რაც საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს « ...ს» უფლებამონაცვლე შპს «ს. გ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «...ს» უფლებამონაცვლე შპს «ს. გ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «...ს» უფლებამონაცვლე შპს «ს. გ-ის» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სს «...ს» მიერ გადახდილი 4036.48 ლარის 70% _ 2825.536 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «...ს» უფლებამონაცვლე შპს «ს. გ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სს «...ს» უფლებამონაცვლე შპს «საქართველოს აეროპორტების გაერთიანების» (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» სს «...ს» მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 2825.536 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.