ას-446-418-2010 28 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “საქტრანსგაზმრეწვი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “საქტრანსგაზმრეწვმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის” მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულებისა და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, შემდეგი საფუძვლებით: 1999 წლის 9 დეკემბერს სს „საქტრანსგაზმრეწვსა“ და სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას“ შორის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მომსახურებაზე 2000 წლის 9 ივნისამდე შემდგომი პროლონგაციით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სს „საქტრანსგაზმრეწვის“ მიერ გაზის მომხმარებელთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად კორპორაციის კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ტექნიკური მომსახურება. სს „საქტრანსგაზმრეწვმა“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მაგისტრალური გაზსადენის სისტემის მომსახურების თაობაზე, რაც გაზის ტრანსპორტირების ტექნიკური ბალანსით დასტურდება. აღნიშნული არც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხია. ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტით მოპასუხე სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას“ ეკისრებოდა სს „საქტრანსგაზმრეწვისთვის“ მაგისტრალური სისტემის მომსახურებაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად 2000 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეს სს „საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ წარმოეშვა ვალი 8502097,14 ლარის ოდენობით, საიდანაც 4622171,65 ლარი ძირითადი დებიტორული დავალიანებაა, ხოლო 3879925,5 ლარი _ დარიცხული საურავი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, 1999 წლის 9 დეკემბრიდან 2000 წლის 9 ივნისამდე, სს „საქტრანსგაზმრეწვის“ მიერ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მომსახურებაზე გაწეული მუშაობის შედეგად ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობამ შეადგინა 1618416 მ3, ხოლო ტრანსპორტირების ღირებულების ასანაზღაურებელმა თანხამ _ 5368218 ლარი. ხელშეკრულებაზე სს „საქტრანსგაზმრეწვის“ შენიშვნისა და მის მიერ მოპასუხისადმი გაგზავნილი 1999 წლის 3 დეკემბრის ¹06-12-02/978 წერილის გათვალისწინებით, 1999 წლის დეკემბრიდან 2000 წლის თებერვლის ჩათვლით 1000 მ3 ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ღირებულება იყო 2,4 ლარი, ხოლო 2000 წლის 1 მარტიდან 9 ივნისის ჩათვლით _ 4,5 ლარი.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹63 გადაწყვეტილების საფუძველზე სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას“ დაუდგინდა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი 12,9 ლარიდან 16,6 ლარამდე, შესაბამისად, იგი ავტომატურად უნდა გაზრდილიყო სს „საქტრანსგაზმრეწვისთვისაც“, ვინაიდან საექსპლუატაციო ხარჯებს ამ პერიოდში ფაქტობრივად მოსარჩელე აწარმოებდა. ამავე პერიოდში ტრანსპორტირებისას ბუნებრივი გაზის ტექნოლოგიური დანაკარგების ზენორმატიულმა (6.48%) ოდენობამ შეადგინა 104873,4 მ3, ფაქტობრივმა დანაკარგმა _ 96225,6 მ3. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის გათვალისწინებით ზენორმატიულ და ფაქტობრივ დანაკარგებს შორის სხვაობა, რაც სს „საქტრანსგაზმრეწვს“ უნდა აუნაზღაურდეს, შეადგენს 1010927,1 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქტრანსგაზმრეწვისთვის“ კორპორაციას უნდა გადაეხადა 6379145,08 ლარი.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, მოპასუხეს ანგარიშსწორება უნდა ეწარმოებინა საანგარიშო მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. კორპორაციის მიერ ფაქტობრივად ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 621194 ლარი. ასანაზღაურებელი თანხიდან უნდა გამოქვითულიყო ასევე სს „საქტრანსგაზმრეწვის“ თანამშრომლებისთვის შესყიდული გაზის ღირებულება 9349 ლარის ოდენობით და ზენორმატიული დანაკარგების ბუნებრივი გაზის მოცულობა 11017 მ3 1126430 ლარის ღირებულებით, რაც ჯამში შეადგენს 1768516 ლარს. ამრიგად, მოპასუხის ძირითადმა დავალიანებამ 2000 წლის 1 ივლისისთვის შეადგინა 4622171,65 ლარი, რის შემდეგაც კორპორაციას ანგარიშსწორება არ უწარმოებია. მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების აქტი არ გაფორმებულა მოპასუხის უსაფუძვლო მოთხოვნებისა და აქტის გაფორმებისაგან თავის არიდების გამო. ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების შემთხვევაში მოსარჩელემ ზუსტი გაანგარიშების დასადგენად მოითხოვა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარება.
მოპასუხის მიერ დავალიანების გადაუხდელობამ გამოიწვია სს „საქტრანსგაზმრეწვის“ ბიუჯეტისადმი დავალიანება, რამაც 7,3 მილიონ ლარს გადააჭარბა. დავალიანების გამო სს „საქტრანსგაზმრეწვს“ საგადასახადო ინსპექციის მიერ, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე, ყოველთვიურად ერიცხება საურავი გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით.
სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ, რომლითაც თანხმობა განაცხადა მოსარჩელის სასარგებლოდ 3900992,40 ლარის ანაზღაურებაზე, მაგრამ ამავე დროს მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელისათვის დავალიანების _ 9996466,13 ლარის ანაზღაურების დაკისრება ან, ამავე კოდექსის 442-ე და 444-ე მუხლების შესაბამისად, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად მოსარჩელეს დაეკისროს 6095472,60 ლარის გადახდა შემდეგი მოტივებით: დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პროლონგიზაცია სავალდებულო იყო, ვინაიდან ხელშეკრულების 11.1 პუნქტით მისი ვადა განისაზღვრა 6 თვით შესაძლო პროლონგიზაციით. მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა.
ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება, რომ კორპორაცია ვალდებულია, აანაზღაუროს ძირითადი დავალიანების სახით 4622171,65 ლარი და საურავი _ 3879925,50 ლარი. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მცდარია მოსარჩელის მოსაზრება შესრულებული სამუშაოს ყოველ 1000 მ3 ტრანსპორტირებულ გაზზე 4,5 ლარის მაჩვენებლით ანაზღაურების გაანგარიშების შესახებ. ამავე ხელშეკრულების 7.1 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულის თაობაზე ანაზღაურების _ 2,4 ლარის შემცირების ან გაზრდის შესახებ მხარეები არ შეთანხმებულან და სათანადო წესით არ გაუფორმებიათ.
საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა დამატებითი ანაზღაურების შესახებ, რადგან ხელშეკრულების 4.5 პუნქტით კორპორაციამ უნდა აანაზღაუროს დანაკარგების შემცირების გზით მიღებული მოგების 30% ყოველთვიური ტექნიკური ბალანსების საფუძველზე. სემეკის მიერ დადგენილ ტარიფში არსებული მონაცემით მოგება განსაზღვრულია 14%-ის ოდენობით, ანუ, 9,66 ლარი ყოველ 1000 მ3 დაზოგილ ბუნებრივ აირზე, რაც წარმოადგენს 7730 ლარს. ხელშეკრულების 4.5 პუნქტიდან გამომდინარე, მიუღებელია მოსარჩელის მიერ დამატებითი ანაზღაურების გაანგარიშება შემოსავლიდან 50%-ის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა 1010927,10 ლარის ნაწილში მცდარია და მას შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ 7730 ლარის ანაზღაურება.
არასწორია მოსარჩელის პოზიცია “საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტროს დარგობრივ ნორმებთან დაკავშირებით”, რომელიც ადგენს “მაგისტრალური გაზსადენებით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას ტექნოლოგიური დანაკარგების ნორმატივებს _ 6,48%-ს. აქვე აღსანიშნავია, რომ 6,48%-იანი ნორმა სემეკმა არ მიიღო და ტარიფი შეადგინა მხოლოდ მოქმედი გაზსადენების მიხედვით არსებულ დანაკარგზე, ანუ _ 5,07%-ზე. ამ მეთოდის საფუძველზე მოსარჩელემ ზენორმატიული დანაკარგების დამატებით ასანაზღაურებელი თანხა არასწორად გამოიანგარიშა. სადავო არ არის, რომ სემეკის მიერ დადგენილი ნორმატივით გაზის ტრანსპორტირების დანაკარგად განსაზღვრულია 5,07%, ხოლო ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე სს “საქტრანსგაზმრეწვი” ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას ტარიფით გათვალისწინებული დანაკარგის ზევით მიღებული ზენორმატიული დანაკარგის საფასური გაზის საცალო ფასებით, სულ _ 2976614 ლარი.
სს “საქტრანსგაზმრეწვმა” ასევე უნდა აანაზღაუროს კორპორაციის კუთვნილი ფართით სარგებლობის გადასახადი, ვინაიდან, აღნიშნული ფართის გამოუთავისუფლებლობის გამო, მხარეს არ მიეცა აღნიშნული შენობის გაქირავების შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია ზიანის მიყენება მიუღებელი შემოსავლის სახით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სარჩელი მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა, სს “საქტრანსგაზმრეწვს” შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სასარგებლოდ დაეკისრა 9996466.13 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივრის საფუძველზე აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სარჩელი, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა, სს “საქტრანსგაზმრეწვს” შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სასარგებლოდ დაეკისრა 9996466.13 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს “საქტრანსგაზმრეწვმა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სს “საქტრანსგაზმრეწვის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოცემული საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დანიშნული იყო 2009 წლის 24 აპრილს. აპელანტ სს „საქტრანსგაზმრეწვის“ წარმომადგენელმა ი. გ-ძემ, პროცესამდე ერთი დღით ადრე, 2009 წლის 23 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ იგი 2009 წლის აპრილის თვიდან გათავისუფლებული იყო სს „საქტრანსგაზმრეწვის“ იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე უარს აცხადებდა წარმომადგენლის უფლებამოსილებაზე.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სს „საქტრანსგაზმრეწვის“ იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებით, წარმომადგენელი ი.გ-ძე საერთოდ გათავისუფლდა დაწესებულებიდან, ვინაიდან იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ პირი ვეღარ განახორციელებდა ორგანიზაციის წარმომადგენლობას. შესაძლებელია, იგი გადაყვანილი ყოფილიყო უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე (მაგალითად, რიგით იურისტად) ან დაწინაურებულიყო ისეთ თანამდებობაზე, რომელსაც შესაძლებლობა ექნებოდა, განეხორციელებინა წარმომადგენლობა სასამართლოში. ეს გარემოება სასამართლოს მიერ გამორკვეული და გათვალისწინებული არ ყოფილა. სასამართლოს, ასევე, არ გამოუკვლევია ი. გ-ძის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ინფორმირებული იყო თუ არა მარწმუნებელი ორგანიზაცია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე, ყოველგვარი მოტივირების გარეშე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც აღნიშნულის თაობაზე წარმომადეგენელი აცნობებს როგორც სასამართლოს, ასევე მის მარწმუნებელს. მარწმუნებლისთვის ცნობები ამ მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, ვინაიდან მხარეს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში ან/და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადებაც სწორედ იმის თაობაზე მიუთითებს, რომ სასამართლო ნიშნავს დროს, როდესაც წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა. დროს სასამართლო ნიშნავს სწორედ იმ გონივრული ვარაუდით, რომ მარწმუნებელმა თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში ან აიყვანოს ახალი წარმომადგენელი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის დანაწესი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ამასთან სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო, შეატყობინა თუ არა წარმომადგენელმა თავის მარწმუნებელს უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ ტიპის საპროცესო აქტი წარმოადგენს ერთგვარ სადამსჯელო ზომას არაპატივსადები მიზეზის გამო გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ. განსახილველ შემთხვევაში კი მარწმუნებელი იმედოვნებდა, რომ მისი პროცესზე გამოცხადება უზრუნველყოფილი იყო წარმომადგენელ ი.გ-ძით. ამდენად, იმ გარემოების გამორკვევის გარეშე, საერთოდ აცნობა თუ არა ი.გ-ძემ მარწმუნებელ ორგანიზაციას და ასეთის არსებობის პირობებში, თუ როდის აცნობა უფლებამოსილების მოხსნის შესახებ, ჰქონდა თუ არა მარწმუნებელს გონივრული ვადა ახალი რწმუნებულის ასაყვანად, სასამართლოს მხარის პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიო გარემოებად უნდა შეეფასებინა, რაც გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით.
პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, გადაედო საქმის განხილვა და დრო მიეცა სს „საქტრანსგაზმრეწვისათვის“ ახალი წარმომადგენლის დასანიშნად, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება წარმომადგენლის მიერ მარწმუნებლის ინფორმირებულობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი აცნობა სასამართლოს. ამდენად, სასამართლოში მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ყოველგვარი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, სარჩელის აღძვრიდან განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, არ დასტურდება ის ფაქტი რომ სს „საქტრანსგაზმრეწვმა“ დაკარგა ინტერესი საქმის განხილვისადმი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხე „საქტრანსგაზმრეწვის“ სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო ობიექტური გარემოებით, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 377-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, პალატამ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ერთადერთ საფუძველად აპელანტი მიუთითებდა სასამართლოს მთავარი სხდომის ჩანიშვნის შესახებ სასამართლო უწყების კანონის დაცვით ჩაუბარებლობის ფაქტს, სააპელაციო პალატამ კი იმსჯელა ისეთ გარემოებებზე, რაც სააპელაციო საჩივარში ასახული არ იყო. აღნიშნული საპროცესო დარღვევის არარსებობისას სასამართლო არ დააკმაყოფილებდა სააპელაციო საჩივარს, ვინაიდან სს “საქტრასგაზმრეწვისათვის” სადავო სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება საქმეში წარმოდგენილ შეტყობინების ბარათზე საზოგადოების წარმომადგენელ გიორგაძის მიერ 2009 წლის 14 აპრილით დათარიღებული ხელმოწერით. სააპელაციო პალატამ უგულებელყო ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნებით, ასევე აღნიშნულ მოთხოვნათა დასაბუთების საშუალებებით.
ამდენად, სასამართლომ არასწორად იმსჯელა ი.გ-ძის, როგორც სს “საქტრასგაზმრეწვის” წარმომადგენლის უფლებამოსილების თაობაზე და თავისი განჩინება აღნიშნული საკითხის შეფასებას უკანონოდ დააფუძნა.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე და 185-ე მუხლები, ვინაიდან სს „საქტრანსგაზმრეწვს“ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ ჰქონდა. 2009 წლის 4 ივნისის, 29 ივნისისა და 23 ივლისის განჩინებებით მას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განსაზღვრულ ვადაში მისი გამოსწორება. განჩინებებში მიეთითა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სს „საქტრანსგაზმრეწვმა“ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეავსო, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ 2009 წლის 25 სექტემბერს, მის მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ არ უთხრა უარი მხარეს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, არამედ გასცდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და ამავე წლის 15 ოქტომბერს საჩივარი წარმოებაში მიიღო. ამასთან, აპელანტს საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მოუმართავს. 2009 წლის 25 სექტემბრის შემდეგ სს „საქტრანსგაზმრეწვს“ ხარვეზი რომც შეევსო, ანუ სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა ან წარმოედგინა უტყუარი მტკიცებულებები ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, სასამართლოს მაინც არ უნდა მიეღო წარმოებაში სააპელაციო საჩივარი, რადგანაც ხარვეზი შეივსებოდა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო პალატამ კი სადავო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო აპელანტის მხრიდან ხარვეზის შეუვსებლობის პირობებში. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება ასევე 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაც.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმით ამომწურავადაა განსაზღვრული ის გარემოებები, რა დროსაც დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული არც ერთი გარემოება არ არსებობდა, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა გასცდა ზემოხსენებული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და დაარღვია მისი დანაწესი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გაადწყვეტილების გაუქმებას შემდეგი გარემოებები დაუდო საფუძვლად: სს “საქტრანსგაზმრეწვის” წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე ერთი დღით ადრე აცნობა წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე უარის თქმის შესახებ. საქმიდან კი არ ირკვეოდა იყო თუ არა მარწმუნებელი აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
ამდენად, თუ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია სასამართლო სხდომის თაობაზე და არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ამ სხდომაზე, აღნიშნული შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე კი, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ უწყება, 2009 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის შესახებ, სს “საქტრანსგაზმრეწვის” სახელზე გაიგზავნა სასამართლოსათვის ცნობილი ორივე მისამართზე (ტ. II ს.ფ. 188-189). საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული უწყება სს “საქტრანსგაზმრეწვის” კანცელარიას 2009 წლის 14 აპრილს ჩაბარდა, ამდენად, სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო უშუალოდ მარწმუნებელი.
2009 წლის 23 აპრილს, სხდომის წინა დღეს, სს “საქტრანსგაზმრეწვის” წარმომადგენელმა ი. გ-ძემ სასამართლოს განცხადებით მიმართა და აცნობა, რომ ვინაიდან აპრილის თვიდან გათავისუფლდა მოპასუხე საზოგადოების იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, წარმომადგენლის უფლებამოსილებაზე უარს აცხადებდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ საქმიდან არ ირკვევა, აცნობა თუ არა წარმომადგენელმა მხარეს საპროცესო უფლებამოსილებაზე უარის თქმის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ იგი, ერთის მხრივ ადგენს წარმომადგენლის უფლებას პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, მეორეს მხრივ კი - მარწმუნებლის დროულად ინფორმირების ვალდებულებას, ამასთან ინფორმირება ემსახურება მარწმუნებლის ინტერესების დაცვას, რათა მან თავად უზრუნველყოს პროცესზე გამოცხადება ან ახალი წარმომადგენლის აყვანა მოახერხოს. ნორმის მიზანი არ არის უშუალოდ რწმუნებულის მიერ შეტყობინების ფორმალური მოთხოვნის შესრულება, მთავარია მხარე დროულად იყოს ინფორმირებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ამავდროულად, მარწმუნებლის დროული ინფორმირება არა მხოლოდ წარმომადგენელსა და მარწმუნებელს შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ვალდებულებების დაცვას ემსახურება, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმით უზრუნველყოფილია სამოქალაქო სამართალწარმოების ეფექტურობისა და ეკონომიურობის პრინციპი – სასამართლოში საქმის განხილვის გადადების თავიდან აცილება.
განსახილველ შემთხვევაში წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე უარის თქმა, წარმომადგენლის მითითებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზით მოხდა. შესაბამისად, დამსაქმებელი ორგანიზაციისათვის, რომელიც, ასევე, მარწმუნებელს წარმოადგენდა, იმთავითვე ცნობილი იყო ამ გარემოებების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მარწმუნებელი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, შესაძლოა, გაფრთხილებული არ ყოფილიყო, საფუძველს მოკლებულია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ წარმომადგენელს მითითება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე რაიმე მტკიცებულებით არ დაუდასტურებია.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე უშუალოდ მხარე იყო ინფორმირებული, სხდომის ჩატარებამდე საკმარისი დროით (10 დღით) ადრე. შესაბამისად, მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ პროცესზე გამოცხადება უზრუნველეყოთ. სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სამსახურიდან გათავისუფლება უალტერნატივოდ არ ნიშნავს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმებას. იურიდულ პირს შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭოს როგორც მის ორგანოში მომუშავე, ისე სხვა პირს, თუნდაც ყოფილ თანამშრომელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები: მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საჭირო არ არის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები (მხარის გამოუცხადებლობის ფაქტი, გამოუცხადებლობის მიზეზი) კანონის დარღვევის გარეშეა დადგენილი, ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.