Facebook Twitter

ას-447-419-2010 1 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. მურუსიძე, პ. სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “ს. თ.”, შპს “ლ. თ.” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ი. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკურლების შეწყვეტის გაუქმება, იჯარის ხელშეკურლების შესრულებისა და საიჯარო ურთიერთობების გაგრძელების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “ს. თ.-მ”, შპს “კ. რ.-მ”, შპს “ლ. თ.-მ” თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართეს. მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა იყო:

ა) შპს “ს. თ.-ს”: დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იმ საიჯარო ხელშეკრულების შესრულება, რომელიც მეიჯარე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მოიჯარე შპს “ს. თ.-ს” შორის გაფორმდა, თბილისში, ... გამზ. ¹30-ში მდებარე 48,90 კვ.მ. ფართის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მეიჯარე მ. კ-ძის მიერ უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ; გაუქმდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და დაევალოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს შპს “ს. თ.-სთან” საიჯარო ურთიერთობის 2015 წლამდე გაგრძელება, მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 24 344,20 ლარი.

ბ) შპს “ლ. თ.-ს”: დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იმ საიჯარო ხელშეკრულების შესრულება, რომელიც მეიჯარე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მოიჯარე შპს “ლ. თ.-ს” შორის გაფორმდა, თბილისში, ... გამზ. ¹30-ში მდებარე 200 კვ.მ. ფართის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მეიჯარე მ. კ-ძის მიერ უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ; გაუქმდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და დაევალოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს შპს “ლ. თ.-სთან” საიჯარო ურთიერთობის 2015 წლამდე გაგრძელება, მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 2 354 383 ლარი.

გ) შპს “კ. რ.-ს”: დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იმ საიჯარო ხელშეკრულების შესრულება, რომელიც მეიჯარე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მოიჯარე შპს “კ. რ.-ს” შორის გაფორმდა, თბილისში, ... გამზ. ¹30-ში მდებარე 623.08 კვ.მ. ფართის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მეიჯარე მ. კ-ძის მიერ უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ; გაუქმდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და დაევალოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს შპს “კ. რ.-თან” საიჯარო ურთიერთობის 2019 წლის 14 ივნისამდე გაგრძელება, მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 578 121,45 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების შპს “კ. რ.-ს”, შპს “ს. თ.-სა” და შპს “ლ. თ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2004 წლის 15 ივნისს მ. კ-ძესა და შპს “კ. რ.-ს” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს დროებით სარგებლობაში გადაეცა 623,08 კვ.მ. გაურემონტებელი არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. ¹30-ში, 2019 წლის 14 ივნისამდე, 15 წლის ვადით. ფართი უნდა გაერემონტებინა დამქირავებელს თავისი ხარჯებით, რაც არ შედიოდა საიჯარო ქირის საფასურში, ხოლო ქირის გადახდა დაიწყებოდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ თვეში 2 400 ლარის ოდენობით (ტ. III. ს.ფ. 7);

2. 2006 წლის 1 აპრილს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 7 000 ლარით (ტ. III. ს.ფ. 9);

3. 2006 წლის 1 იანვარს მ. კ-ძესა და შპს “ს. თ.-ს” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს დროებით სარგებლობაში გადაეცა 48,09 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. ¹30-ში, 2015 წლის 1 იანვრამდე (9 წლის ვადით). ქირის ღირებულება განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით (ტ. I. ს.ფ. 7);

4. 2006 წლის 1 იანვარს მ. კ-ძესა და შპს “ლ. თ.-ს” (დირექტორი ი. ქ-ძე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელს დროებით სარგებლობაში გადაეცა 200 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. ¹30-ში, 2015 წლის 1 იანვრამდე (9 წლის ვადით). ქირის ღირებულება განისაზღვრა თვეში 4 000 ლარის ოდენობით (ტ. II. ს.ფ. 7);

5. 2006 წლის 6 ნოემბერს მ. კ-ძესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამინისტრო მიმართავდა საქართველოს პრეზიდენტს ქ. თბილისში, ... გამზ ¹28/ა. ...... ქ. ¹2-ში მდებარე უძრავი ქონების მ. კ-ძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე 1 000 აშშ დოლარად და, თუკი ეს საკითხი დადებითად გადაწყდებოდა, მ. კ-ძეს სამინისტროსათვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა ... გამზ. ¹30-ში მდებარე 879,89 კვ.მ. ფართი (ტ. VI. ს.ფ. 126);

6. შეთანხმების 2.4 პუნქტის შესაბამისად, მხარეთათვის ცნობილი იყო, რომ ... გამზ ¹28/ა. ...... ქ. ¹2-ში მდებარე უძრავი ქონება გაცემული იყო იჯარით და, თუკი პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყდებოდა ამ ფართის მ. კ-ძისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის საკითხი, სამინისტრო უზრუნველყოფდა საიჯარო ურთიერთობის მოშლას, ფართის გამოთავისუფლებას და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში მ. კ-ძისათვის მის გადაცემას 2007 წლის 1 იანვრამდე;

7. ამავე შეთანხმების 2.3 პუნქტის მიხედვით, მხარეთათვის ცნობილი იყო, რომ ... გამზ. ¹30-ში მდებარე უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, რომლისგანაც გათავისუფლება 2007 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველეყო მ. კ-ძეს, რათა სახელმწიფოსათვის გადაცემული უძრავი ქონება ყოფილიყო ყოველმხრივ დაუტვირთავი ნებისმიერი მოთხოვნისაგან და უფლებრივად უნაკლო, ხოლო ფიზიკურად ფართი მ. კ-ძეს უნდა გამოეთავისუფლებინა შეთანხმების 2.4 პუნქტის შესრულებიდან 6 თვის განმავლობაში;

8. 2006 წლის 22 ნოემბერს მ. კ-ძემ წერილობით აცნობა მოსარჩელეებს, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა იჯარით გაცემული ფართების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაცემა და, აქედან გამომდინარე, ისინი საიჯარო ურთიერთობას გააგრძელებდნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან;

9. 2006 წლის 6 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, 2003 წლის 23 ნოემბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ. კ-ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. კ-ძემ პირობადადებულ საკუთრებად 1 000 აშშ დოლარად შეიძინა 1087,65 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. ¹28/ა. ...... ქ. ¹2-ში;

10. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მ. კ-ძე ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი დღის ვადაში ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30-ში მდებარე თავისი კუთვნილი უძრავი ქონება (არასაცხოვრებელი ფართი – 871,89 კვ.მ. მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოსათვის და უზრუნველეყო, რომ ეს უძრავი ქონება არაუგვიანეს 2007 წლის 1 იანვრისა ყოფილიყო ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო;

11. 2006 წლის 23 ნოემბერს მ. კ-ძემ ... გამზ. ¹30-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 871,89 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (იჯარით გაცემული ფართები) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ (საჩუქრად) გადასცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;

12. ხელშეკრულებების მე-7 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებების საგანი დატვირთული იყო იპოთეკით და ქონების გადამცემი (მ. კ-ძე) 2007 წლის 1 იანვრამდე ვალდებული იყო უზრუნველეყო ხელშეკრულების საგნის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოობა;

13. მოსარჩელე საწარმოთა დირექტორმა ი. ქ-ძემ 2006 წლის 12 დეკემბერს წერილობით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (მინისტრის მოადგილეს კ. დ-იას), რომ მ. კ-ძის მიერ საიჯარო ფართების მისთვის გადაცემის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 572-ე მუხლების შესაბამისად, სამინისტრო წარმოადგენდა მეიჯარეს, რის გამოც სთხოვდა, სამინისტროს ეცნობებინა საბანკო ანგარიშის ნომერი, რათა მისთვის გადაეხადა საიჯარო ქირა;

14. 2006 წლის 29 დეკემბერს ი. ქ-ძემ ისევ მიმართა წერილობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (მინისტრს გ. ა-ძეს) საბანკო ანგარიშის ცნობების თაობაზე;

15. 2006 წლის 30 დეკემბერს მ. კ-ძემ წერილობით აცნობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (მოადგილეს კ. დ-იას), რომ 29 დეკემბერს გაუქმდა იპოთეკა, რომლითაც დატვირთული იყო ... გამზ. ¹30-ში მდებარე უძრავი ქონება, რითაც შესრულებული იყო მათ შორის 2006 წლის 6 ნოემბერს დადებული შეთანხმების (ტ. VI; ს.ფ. 126) 2.3. პუნქტის მოთხოვნა, ამასთან, აცნობა, რომ 2006 წლის 23 ნოემბრამდე მის მოიჯარეებს (მოსარჩელეებს) მთლიანად ჰქონდათ შესრულებული საიჯარო ვალდებულებები, ხოლო 23 ნოემბრიდან ისინი, როგორც მოიჯარეები, ურთიერთობას გააგრძელებდნენ სამინისტროსთან;

16. 2007 წლის 12 იანვარს და 2 თებერვალს მოსარჩელეებმა წერილობით აცნობეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (მოადგილეს კ. დ-იას), რომ ვინაიდან სამინისტრომ არ აცნობა საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩარიცხავდნენ საიჯარო თანხას, ამიტომ ნოტარიუსის მეშვეობით მათ გახსნეს სადეპოზიტო საბანკო ანგარიში “გაერთიანებულ ქართულ ბანკში”, რომელზეც ჩარიცხული ჰქონდათ საიჯარო ქირა;

17. ზემოთ დასახელებული წერილების პასუხად, 2007 წლის 2 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოსარჩელეებს აცნობა საბანკო ანგარიშის ნომერი. ამასთანავე, აცნობა, რომ ისინი ვალდებული იყვნენ იჯარით აღებული ფართი ფიზიკურად გამოეთავისუფლებინათ 2007 წლის 1 ივლისამდე;

18. ნოტარიუსის ზემოხსენებულ სადეპოზიტო და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საბანკო ანგარიშებზე მოსარჩელეებს ჩარიცხული ჰქონდათ იჯარის თანხა;

19. 2007 წლის 8 ივნისს მოსარჩელეებმა წერილობით მიმართეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს, რათა სამინისტროს მიეცა თანხმობა, საიჯარო ხელშეკრულებებში შესულიყო ცვლილება, რომლითაც მეიჯარედ დაფიქსირდებოდა სამინისტრო და “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ხელშეკრულებები დარეგისტრირებულიყო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში;

20. აღნიშნულ წერილების საპასუხოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წლის 29 ივნისს წერილობით აცნობა მოსარჩელეებს, რომ მ. კ-ძესთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, ... გამზ. ¹30-ში მდებარე ქონება სახელმწიფოსათვის გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო სახით, რის თაობაზეც სამინისტრომ მოსარჩელეებს აცნობა 12.02.2007წ. წერილით და ამასთან, მიეთითათ, რომ 2007 წლის 1 ივლისამდე უნდა გამოეთავისუფლებინათ ფართი; ხოლო, რაც შეეხება სამინისტროს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე მიმდინარე საიჯარო ქირის თანხის ჩარიცხვაზე სამინისტროს მხრიდან ნებართვის მიცემას, აღნიშნული არ ნიშნავდა, რომ სამინისტროს მიერ გამოთქმული იყო თანხმობა მოსარჩელეებთან საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებაზე;

21. ამავე წერილებით სამინისტრომ შეახსენა მოსარჩელეებს, რომ ... გამზ. ¹30-ში მდებარე სახლმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლების ვადა იწურებოდა 2007 წლის 1 ივლისს;

22. 2007 წლის 3 ივლისს შპს “კ. რ.-ს” და შპს “ს. თ.-ს” სახელით ი. ქ-ძემ წერილობით მიმართა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საიჯარო ხელშეკრულებაში მეიჯარედ სამინისტროს დაფიქსირებაზე ცვლილების შეტანის და ხელშეკრულების საჯარო რეესტრის უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის მიცემის თაობაზე;

23. აღნიშნული წერილების საპასუხოდ, 2007 წლის 13 ივლისს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აცნობა ადრესატებს, რომ ისინი არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული ... გამზ. ¹30-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ფართის 2007 წლის 1 ივლისისათვის გამოთავისუფლების შესახებ და ვინაიდან, უკვე ამოწურული იყო დათქმული ვადა, განმეორებით მოითხოვა ფართის გამოთავისუფლება;

24. დასახელებულ წერილებზე, თავის მხრივ, ი. ქ-ძემ 2007 წლის 18 ივლისს მისწერა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 572-ე და 582-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელეები საიჯარო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სამინისტროსთან, იხდიდნენ საიჯარო ქირას და არ არსებობდა ხელშეკრულების მოშლის საფუძველი;

25. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 30 ივლისის განცხადების საფუძველზე, ამავე დღეს, შპს “კ. რ.-სა” და შპს “ს. თ.-ს” (ი. ქ-ძეს) ჩაბარდათ პოლიციის გაფრთხილება ... გამზ. ¹30-ში მდებარე ფართის 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ;

26. მოსარჩელებს სადავო ფართი ნებაყოფილობით არ დაუცლიათ და ისინი 2007 წლის 7 აგვისტოს პოლიციის მეშვეობით გამოსახლებულ იქნენ ფართიდან;

27. მოსარჩელეთა 2007 წლის 18 ივლისის წერილებზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წლის 9 და 14 აგვისტოს აცნობა ადრესატებს, რომ ისინი არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულნი 2007 წლის 1 ივლისისათვის ფართის გამოთავისუფლების თაობაზე და სამინისტრო ადასტურებდა, რომ მათ შორის 2007 წლის 1 ივლისიდან საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილი (მოშლილი) იყო, რის გამოც მათი პრეტენზია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს;

28. 2008 წლის 8 მაისს შპს “ს. თ.-მ” და შპს “ლ. თ.-მ” ისევ დაიკავეს ... გამზ. ¹30-ში მდებარე ფართი და განაახლეს საქმიანობა, რის თაობაზეც წერილობით აცნობეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტ. VI. ს.ფ. 50), ხოლო შპს “კ. რ.-ს” საქმიანობა არ განუახლებია და ფართი არ დაუკავებია;

29. ... გამზ. ¹30-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების (ფართის) ფიზიკური გამოთავისუფლება, რაც მ. კ-ძეს იჯარით ჰქონდა გაცემული მოსარჩელეებზე, 2007 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველეყო ამ უკანასკნელს. ასევე, მ. კ-ძის მიერ ... გამზ. ¹30-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლო გადაცემის შედეგად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (სახელმწიფოს) და მოსარჩელეებს შორის საიჯარო ურთიერთობა არ ჩამოყალიბებულა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს “ს. თ.-მ”, შპს “კ. რ.-მა” და შპს “ლ. თ.-მ” გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს “კ. რ.-ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

იმავე სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ 2006 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებით (შეთანხმებით), მ. კ-ძეს არა მარტო სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა ... გამზ. ¹30-ში მდებარე ფართი, რომელიც 2007 წლის 1 იანვრამდე უნდა გაეთავისუფლებინა იპოთეკისაგან, არამედ მან ასევე იკისრა ვალდებულება, რომ 6 თვის განმავლობაში, ანუ 1 ივნისამდე, უზრუნველყოფდა ფართის ფიზიკურ გამოთავისუფლებას მოიჯარეთაგან, რათა ქონება ყოფილიყო ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. ამდენად, მ. კ-ძემ ამ შეთანხმებით აიღო ვალდებულება თავის მოიჯარეებთან (მოსარჩელეებთან) იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებთან საიჯარო ურთიერთობებში მ. კ-ძეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ ჩანაცვლებია და შესაბამისად, არც იჯარის ხელშეკრულებები შეუწყვეტია მათთან. მოდავე მხარეებს შორის საიჯარო-სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჩამოყალიბებულა და, ამასთან, მოპასუხე არც რაიმე კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში არ იმყოფებოდა მოსარჩელეებთან მიმართებაში. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხეს მოსარჩელეებთან რაიმე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდა.

სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების არც სახელშეკრულებო და არც არასახელშეკრულებო ფაქტობრივი გარემოებების არსებობა არ დასტურდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.

აღნიშნული განჩინება შპს “ს. თ.-სა” და შპს “ლ. თ.-ს” დირექტორმა ი. ქ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა საჩივრის დასასაბუთებლად შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებზე მიუთითა:

1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან;

2. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგანაც 2006 წლის 6 ნოემბერს მ. კ-ძესა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მ. კ-ძე სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემდა მის კუთვნილ ფართს, საიჯარო ურთიერთობა მოსარჩელეებთან შეწყდა. ამგვარი მტკიცება არასწორია, რადაგანაც მ. კ-ძის მიერ ვალდებულების აღება ავტომატურად იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას არ ნიშნავს;

3. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოსარჩელეთათვის საბანკო ანგარიშის შეტყობინება და წერილობით მიმართვებში გამოყენებული ტერმინები “იჯარის თანხა”, “საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა” არ ნიშნავდა, რომ მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა არსებობდა;

4. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე პირდაპირ აღიარებდა მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობის არსებობას;

5. გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაედო მ. კ-ძის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შესახებ სასამართლოს მსჯელობა, მაშინ, როდესაც თავად მ. კ-ძე საქმეში ჩაბმული არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით შპს “ს. თ.-სა” და შპს “ლ. თ.-ს” დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. თ.-სა” და შპს “ლ. თ.-ს” დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს “ს. თ.-სა” და შპს “ლ. თ.-ს” დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (9218 ლარის) 70% - 6452,6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს. თ.-სა” და შპს “ლ. თ.-ს” დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს “ს. თ.-სა” და შპს “ლ. 2 თ.-ს” დაუბრუნდეთ დირექტორ ი. ქ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (9218 ლარის) 70% - 6452,6 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.