Facebook Twitter
¹ას-448-423-2011

9 ივნისი, 2011 წელი

¹ას-448-423-2011 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ნ-ძე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ნ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1420 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

სარჩელის თანახმად, ვ. გ-შვილმა, თვეში 10%-ის სარგებლის გადახდის პირობით, მ. ნ-ძეს ასესხა 200 ლარი. ვინაიდან მოპასუხეს სასესხო ვალდებულება არ შეუსრულებია, მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის 2006 წლიდან სარჩელის წარდგენის დრომდე პერიოდში (2010 წლის აგვისტო) არსებული დავალიანების _ 1420 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მის სასარგებლოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით ვ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე და 429-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების _ სესხის ხელშეკრულების დადების საფუძველზე, მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცება მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა მხოლოდ ამ გარემოების ამსახველი წერილობითი მტკიცებულების წარდგენით, თუმცა ნაცვლად ამისა, იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით და ამასთან, ვერც მოწმეთა ჩვენებებით შეძლო სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, აპელანტის მითითება მასზე, რომ სასამართლოს შეეძლო დაედგინა სესხის გაცემის ფაქტი, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ გაიზიარა.

აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა სესხის მიღების ფაქტი, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. ნ-ძის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. გ-შვილი ვერ შესძლებდა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურებას, არ ნიშნავდა მისი მხრიდან ვალის არსებობის დადსტურებას და იგი ვერ ჩაითვლებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად და ვერ გახდებოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ვ.გ-შვილმა ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი _ ვერ დაამტკიცა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო, ხელშეკრულების არსებობის დაუდასტურებლობის პირობებში, არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება, რის გამოც ვ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე, 623-ე, 316.1-ე მუხლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სხდომა მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევით ჩაატარა, კერძოდ, პალატამ მას არ მისცა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები გაითვალისწინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით ვ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.