ას-449-420-2010 14 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, თ. თოდრია
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ მ. გ-ური (მოპასუხე)
წარმომადგენელი - დ. ხ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ზ. დ-ელი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება
დავის საგანი _ დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს “... ბანკმა” მოპასუხე მ. გ-ურის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 22 652.38 აშშ დოლარის (დავალიანების ძირითადი თანხა _ 14 008.26 აშშ დოლარი, სარგებელი _ 8 084.6 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია _ 43.69 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო _ 515.83 აშშ დოლარი) დაკისრება. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების დაფარვის მიზნით მ. გ-ურის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
მოპასუხე მ. გ-ურმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის _ 14 008.26 აშშ დოლარის და ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი სარგებლის _ 1 817.46 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ-ურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22 652.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დადგინდა საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, მ. გ-ურის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო .... მისამართი: თბილისი, ... ¹67, ფართი 58.00კვ.მ) აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
2007 წლის 8 ნოემბერს სს “... ბანკმა” და მ. გ-ურმა დადეს ¹802525 ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლითაც შეთანხმდნენ საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივითა და ელექტრონულ ბარათზე საკრედიტო ლიმიტით მომსახურების თაობაზე;
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს იპოთეკით დაიტვირთა მ. გ-ურის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ..., ფართობი _ 372.00კვ.მ (დაუზუსტებელი), მისამართი: თბილისი, ... ¹67, ფართი 58.00კვ.მ. ხელშეკრულებით იპოთეკარს მიენიჭა მოთხოვნის პირველ რიგში დაკმაყოფილების უპირატესი უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით მასსა და მსესხებელს შორის დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით;
სს “... ბანკსა” და მ. გ-ურს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული წესით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში;
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის 2007 წლის 9 ნოემბერს დაიდო ¹802525-764449 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის თანხად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარი, ვადა _ 2014 წლის 11 ოქტომბრამდე, წლიური სარგებელი _ 17%, პირგასამტეხლო _ 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შედგა გადახდის გრაფიკი, რომლის შესაბამისად მსესხებელს ყოველთვიურად უნდა დაეფარა როგორც ძირითადი თანხა, ისე _ სარგებელი. ხელშეკრულების მე-15 მუხლით განისაზღვრა მისი შეწყვეტის პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელი იყო, თუ მსესხებელი დაარღვევდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადას. ხელშეკრულებითვე დადგინდა მსესხებლის ვალდებულება, სესხის მოქმედების განმავლობაში ყოველი თვის 10 რიცხვში გადაეხადა სადაზღვევო პრემია გადახდის მომენტში მოქმედი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად;
სს “... ბანკმა” შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
მ. გ-ური გარკვეული პერიოდის მანძილზე იხდიდა როგორც ძირითად თანხას, ისე, სარგებელს, მაგრამ შემდგომ შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, რაც ასევე არ გამხდარა სადავო მხარეთა შორის;
2009 წლის 25 მარტს მ. გ-ურს ეცნობა დავალიანების შესახებ და გაფრთხილებულ იქნა 14 დღის ვადაში დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტისა და სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე;
სასამართლოში სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის მიერ 2007 წლის 9 ნოემბრის ¹802525-764449 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენდა 14 008.26 აშშ დოლარს;
2009 წლის 18 სექტემბრისათვის მ. გ-ურის საპროცენტო დავალიანება მოპასუხის მიმართ შეადგენდა 1 817.46 აშშ დოლარს;
¹802525-764449 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 2009 წლის 15 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 515.83 აშშ დოლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ურმა (წარმომადგენელი დ. ხ-ია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მ. გ-ურს დაეკისრებოდა დავალიანების ძირითადი თანხა 14 008 აშშ დოლარი და ერთ წლის გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი 1 817.46 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით მ. გ-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ სასამართლო მიუღებელი შემოსავლის ცნებას მოეკიდა ფორმალურად და არ გაითვალისწინა, რომ მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ხელშეკრულების შეწყვეტით განპირობებული მიუღებელი შემოსავლის ოდენობის მხოლოდ 1 817.46 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე და სწორად განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, ამდენად, მისი ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, თუ რამდენად იყო მოსალოდნელი ამ შემოსავლის მიღება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა უშუალოდ იმოქმედა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანი იყო და საქალაქო სასამართლომ იგი მართებულად დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ურმა (წარმომადგენელი დ. ხ-ია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მითითებით, მიუღებელი შემოსავლის სახით ასანაზღაურებელი თანხის (8 084.6 აშშ დოლარი) მოპასუხისათვის დაკისრებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ. გ-ური 2008 წლის სექტემბრამდე ჯეროვნად ასრულებდა ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ შემდგომ, საქართველოში მიმდინარე საომარი მოქმედებისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, ობიექტური წინაპირობებიდან გამომდინარე, ვერ შეძლო სესხის დროულად დაბრუნება. მან სასამართლოს სთხოვა ძირითადი ვალის და საქმის განხილვის მომენტისათვის გადაუხდელი სარგებლის დაკისრება. სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ პროპორციულად დაეცვა ორივე მხარის ინტერესი, არ გაითვალისწინა შექმნილი გარემოებები და მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ დააკისრა სამომავლოდ _ 8 წლის მანძილზე გადასახდელი პროცენტი, რითაც ხელი შეუწყო ბანკის უსაფუძვლო გამდიდრებას, ხოლო მოვალე ჩააყენა უმძიმეს მდგომარეობაში. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. მ. გ-ური 2007 წლის 8 ნოემბერს დადებული სტანდარტული ხელშეკრულებით, ნებისმიერი საშუალო გონივრული განსჯიდან გამომდინარე, ვერ გაითვალისწინებდა, შეუშლიდა თუ არა მას ხელს ვალდებულების ჯეროვან შესრულებაში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი.
სკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს “... ბანკის” წარმომადგენელმა ზ. დ-ელმა წარმოადგინა განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ “სს “... ბანკის” სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 14 დეკემბერს სს “... ბანკის” წარმომადგენელმა ზ. დ-ელმა წარმოადგინა განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ, რომელსაც ეთანხმება მოპასუხე მ. გ-ური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს “... ბანკის” მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის მიერ სარჩელის გახმობის გამო, მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლების გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს, ხოლო სს “... ბანკის” სარჩელი დარჩეს განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების საფუძველზე, სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “... ბანკმა” მ. გ-ურს უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 367,77 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 275-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “... ბანკის” სარჩელი დარჩეს განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;
3. სს “...” ბანკს დაეკისროს მ. გ-ურის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 367,77 ლარის ანაზღაურება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.