ას-450-421-10 15 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ტ. ტ-იჩი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ჯ-ი” (მოპასუხე)
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2010 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ტ. ტ-იჩმა მოპასუხე შპს ,,ჯ-ის” მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღურება 10 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტ. ტ-იჩის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ტ-იჩმა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით ტ. ტ-იჩის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ტ. ტ-იჩი 1998 წლის 29 სექტემბრიდან იყო შპს ,,ჯ-ის” აბონენტი. საქმეში წარდგენილი 1998 წლის 29 სექტემბრის შპს ,,ჯ-ისა” და ტ. ტ-იჩის შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ-მა” იკისრსა ვალდებულება ტ. ტ-იჩისათვის გაეწია მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურება, რისთვისაც მოსარჩელემ იკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. ტ-იჩს და შპს ,,ჯ-ს” შორის არსებობდა სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა. ასევე დადგენილია, რომ ტ. ტ-იჩს არ დაუკარგავს სიმ ბარათი და შპს ,,ჯ-ს” უცხო პირზე არ გადაუცია ახალი სიმ ბარათი.
ტ. ტ-იჩმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი ტელეფონის სიმ ბარათის დაკარგვის ფაქტს და შპს ,,ჯ-ის” მხრიდან ახალი სიმ ბარათის უცხო პირზე გადაცემი ფაქტს.
აღნიშნული განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ტ. ტ-იჩმა. კასატორმა განმარტა, რომ მან სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ კასატორმა არაერთგზის მიმართა შპს ,,ჯ-ის” ხელმძღვანელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კასატორს დაკარგული ჰქონდა სიმ ბარათი, რომელიც მისი ნების გარეშე იქნა აღდგენილი სხვა პირზე. კასატორმა ორჯერ წერილობით მიმართა შპს ,,ჯ-ის” ხელმძღვანელობას, რათა მათ გაეცათ პასუხი, თუ რატომ იქნა აღდგენილი მისი სიმ ბარათი სხვა პირზე, მაგრამ ყველა ასეთი წერილობითი განცხადება დარჩა უპასუხოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ტ-იჩის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ტ. ტ-იჩის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. ტ-იჩის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.