¹ას-452-427-2011 23 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. რ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ზ-ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სასარგებლო მოდელით სარგებლობის აკრძალვა, რეალიზაციის შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ზ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. რ-იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დ. ზ-ვას მიერ დაპატენტებული სასარგებლო მოდელის გამოყენების აკრძალვა და მისი რეალიზაციის შეწყვეტის დავალდებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე ეწევა ალკოჰოლური სასმელების, კერძოდ, ღვინის რეალიზაციას, რომელიც ჩამოსხმულია პატარა ტიკებში და დაწნულ ბოთლებში. მოპასუხის დიზაინით შექმნილ სამრეწველო ნიმუშზე პატენტი გაიცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ გამოგონების, დიზაინისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ზ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. რ-იას აეკრძალა დ. ზ-ვას სახელზე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «საქპატენტის” მიერ სასარგებლო მოდელზე: საფუთავი ალკოჰოლიანი სასმელების ან სხვა სითხეებისათვის, გაცემული UU1168 პატენტის მიხედვით საქონლის გამოყენება და დაევალა რეალიზაციის შეწყვეტა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ვ. რ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. რ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1100-ე მუხლი და «საქართველოს საპატენტო კანონი», რის შედეგადაც კასატორს წაერთვა პატენტით მინიჭებული მისი კანონიერი უფლების განხორციელების შესაძლებლობა. პალატას არ დაუდგენია, რაში გამოიხატება დ.ზ-ვას სასარგებლო მოდელისა და კასატორის მიერ დაპატენტებული სამრეწველო ნიმუშის იდენტურობა. არც ერთი ინსტანციის სასამათლომ არ გაითვალისწინა, რომ «საქპატენტი» საქმეში მესამე პირად ჩაბმული არ ყოფილა.
სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია არც იმ გარემოებაზე, რომ ვ.რ-იას სასარგებლოდ გაცემული სამრეწველო ნიმუშის პატენტი გაუქმებული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ვ. რ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ზემოხსენებული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გაზიარების შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლოს. კანონის ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებსა და სასამართლოს, როგორც პირის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალების მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. «მოკლე დასაბუთება» არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, შეიძლება ეს შეფასებები და დასკვნები არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე და არა ზოგადად გადაწყვეტილებაზე ან მის რომელიმე სტრუქტურულ ნაწილზე მითითებით.
«ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის» ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით არ შეუფასებია. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები საქმის ფაქტობრივ გარემოებათა და მათ იურიდიულ შეფასებათა თაობაზე და გადაწყვიტოს დავა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. რ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.