ას-453-424-2010 28 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენელი ნ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ნ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ მამობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. მ-ძემ მოპასუხე ნ. გ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 1984 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული მ. ბ-ძის მამად თ. ჯ-შვილის აღიარება, მ. ბ-ძისათვის მამის გვარის მინიჭება და მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ტომი I, ს.ფ. 2-11, 91-98).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე ნ. მ-ძე შეიცვალა სათანადო მოსარჩელე მ. ბ-ძით, ხოლო ნ. მ-ძე მიჩნეულ იქნა მის კანონიერ წარმომადგენლად (ტომი I, ს.ფ. 91-98).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენელ ნ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 126-132).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი II, ს.ფ. 137-145).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებს და სწორად დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მამობის დადგენისათვის სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობის არსებობა (ტომი II, ს.ფ. 47-54).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მოთხოვნის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია იმ მოწმეების დაკითხვა, რომელთა ჩვენების საფუძველზე დადასტურდებოდა მ. ბ-ძის სარჩელის მოთხოვნის სისწორე;
სასამართლომ მოითხოვა ისეთი მტკიცებულება, რომლის წარდგენაც შეუძლებელია;
სასამართლომ არ გამოითხოვა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საბუთი. აღნიშნული შუამდგომლობა მოსარჩელეს დაყენებული ჰქონდა სარჩელში (ტომი II, ს.ფ. 61-67).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენელ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.