ას-455-425-10 23 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “...” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ე-ა” (მოპასუხე)
დავის საგანი – არასწორად დარიცხული თანხის გადახდისაგან განთავისუფლება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2008 წლის 8 დეკემბერს წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,...” მოპასუხე სს ,,ე-ას” მიმართ და მოითხოვა გადასახდელი თანხის დარიცხვის გაუქმება და ელექტროენერგიის მომარაგების აღდგენა.
2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით განსახილველი საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,...” გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მრიცხველის შემოწმება თავდაპირველად განხორციელდა 2008 წლის 11 სექტემბერს, პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი შემოწმება თავდაპირველად განხორციელდა 2008 წლის 17 სექტემბერს. საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა ადმინისტრაციული სამართალდარვევის შესახებ დადგენილების საფუძველზე დადგენილი ფაქტი, რომ მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება, რაშიც ბრალეულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...” და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა მოწმეთა დაკითხვაზე, შესაბამისად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის სსკ-ის 83-ე და 103-ე მუხლებში განმტკიცებული უფლება.
სააპელაციო სასამართლომ თავად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს შეეძლო წარედგინა სხავდასხვა მტკიცებულებები, მაგრამ მხარეს არ მიეცა მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებების) წარდგენის შესაძლებლობა.
გასაჩივრებულ განჩინებაში არ უმსჯელიათ იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო დასაბუთებული პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ,,დატაცებული” ელექტროენერგიის ოდენობის შესახებ. შედეგად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “...” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “...” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
შპს “...” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.