Facebook Twitter
ბს-1166-741(კ-05) 2 მარტი, 2006წ.
თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ მ. დ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 23 მარტს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. დ-მ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. მოპასუხე ორგანიზაციაში ზონის ...ის თანამდებობაზე აღდგენა;
ბ. ხანდაზმულობის გაშვებული ერთთვიანი ვადის აღდგენა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობებზე. სამუშაოდან გათავისუფლებამდე იგი იყო ფილიალის ზონის ...ი მთლიან საშტატო განაკვეთზე. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსის 2005 წლის 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, 36-37-ე მუხლების საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან მოპასუხეს არ უმსჯელია სამუშაოზე მისი უპირატესი დარჩენის საკითხზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ, თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლეოდა ოჯახის მეპატრონეს, თუ კმაყოფაზე ჰყავდა ორი ან მეტი პირი. მოსარჩელეს ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი იყო ბავშვობიდან ინვალიდი. ამასთან, მოსარჩელეს ჰქონდა 17 წლამდე მუშაობის სტაჟი, რის გამოც სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესობით.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ორგანიზაციამ ასევე დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებული იყო სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. მოპასუხეს მისთვის არ შეუთავაზებია სხვა სამუშაო, მაშინ როდესაც ორგანიზაციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელების შემდეგ დარჩა 16 საშტატო ერთეული, რომელთაგან 2 იყო ვაკანტური. აქედან გამომდინარე, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებოდა სამუშაოზე მისი აღდგენის საფუძველი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, მართალია, სამუშაოდან გათავისუფლდა 2005 წლის 25 იანვარს, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე იგი მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რის გამოც ითხოვდა გაშვებული ერთთვიანი ვადის საპატიოდ ჩათვლას.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. დ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, საპატიოდ ჩაეთვალა სასამართლოსადმი მიმართვის გაშვებული ვადა, გაუქმდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსის 2005 წლის 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანება მ. დ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მ. დ-ა აღდგენილ იქნა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის ზონის ...ის ტოლფას თანამდებობაზე.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალი ითვლებოდა საჯარო სამსახურად, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მ. დ- საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენდა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. დასახელებული კანონის 96-ე მუხლი მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა მხოლოდ ლიკვიდაციის შემთხვევაში, დაწესებულების რეორგანიზაცია კი არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. აღნიშნულის საფუძველზე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმების შემთხვევაში მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მ. დ-ა სამუშაოდან დაეთხოვა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც იგი უარს განაცხადებდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. მოსარჩელისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამი თვით სამუშაოზე დარჩენის შესაძლებლობის მიცემა ვერ ჩაითვლებოდა სხვა სამუშაოს შეთავაზებად. რაც შეეხებოდა სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიან ვადას, მართალია, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით აღნიშნული ვადის აღდგენა არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც არ წესრიგდებოდა ამ კანონით, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი ვადის აღდგენის შესაძლებლობას უშვებდა, თუ მოსარჩელეს ჰქონდა საპატიო მიზეზი. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა ის გარემოება, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემისთანავე მოპასუხემ მოსარჩელეს დროებით შესთავაზა სამუშაო. ამასთან, 2005 წლის 10 მარტს მოსარჩელემ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალიდან მიიღო წერილობითი პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციაში არსებული ორი საშტატო ერთეულის დაკომპლექტება გათვალისწინებული იყო მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის უფროსმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, 2005 წლის 25 იანვრის ¹09/ბ ბრძანება, რომლითაც მ. დ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ეფუძნებოდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ბრძანების ¹4 დანართს “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული, რაიონული და საქალაქო ფილიალების მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” შესახებ. აღნიშნული დანართის შესაბამისად, უმაღლესი განათლების არმქონე მუშაკი შეიძლებოდა დანიშნულიყო მხოლოდ სპეციალისტის თანამდებობაზე. ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ზონის ...ის თანამდებობა, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა და მის ნაცვლად შემოღებულ იქნა მთავარი სპეციალისტისა და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობები. ამ თანამდებობებზე უნდა დანიშნულიყვნენ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირები. ვინაიდან მ. დ-ა ამ პირობას არ აკმაყოფილებდა, ამდენად, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. მუშაკთა შერჩევისას კი გამოყენებულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც უპირობო უპირატესობა ენიჭებოდა მუშაკის კვალიფიკაციას, კონკრეტულ შემთხვევაში, უმაღლეს განათლებას. აპელანტის მოსაზრებით, სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლი, რადგან სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მის მუშაკებთან მიმართებაში მხოლოდ შრომის კანონთა კოდექსი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, მ. დ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹01/163 ბრძანებით განხორციელდა ფონდის სტრუქტურული რეორგანიზაცია. 2004 წლის 14 დეკემბერს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ იქნა ახალი ბრძანება ¹01/168, რომლითაც ცვლილება შევიდა 2004 წლის 3 დეკემბრის ბრძანებაში. ამ ბრძანების მიხედვით, განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და დამტკიცდა მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები, სულ _ 19 საშტატო ერთეული. 14 დეკემბრის აღნიშნული ბრძანებით მთავარი და წამყვანი სპეციალისტების თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვრა უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება. დასტურდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რაც გამოიხატა სტრუქტურულ ცვლილებებში. მ დ-ა მუშაობდა ზონის ...ად. რეორგანიზაციის შედეგად ეს თანამდებობა გაუქმდა. შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია ადმინისტრაციას უფლებას აძლევდა, შეეწყვიტა მუშაკთან შრომის ხელშეკრულება. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მ. დ-ა გაფრთხილებულ იქნა ადმინისტრაციის მიერ, რითაც დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის მიერ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, რადგან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა მუშაკის სამუშაოზე უპირატესი დარჩენის პირობებს მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების დროს, მოცემულ შემთხვევაში კი რეორგანიზაციის შედეგად ზონის ყველა ...ი იქნა დათხოვნილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალში განხორციელებულ რეორგანიზაციას არ გამოუწვევია მუშაკთა რიცხოვნობისა და შტატების შემცირება, მაშინ როდესაც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა როგორც მუშაკთა რიცხოვნობა, ისე შტატები. რეორგანიზაციამდე ფილიალში არსებობდა 18 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შედეგად კი დარჩა 16 საშტატო ერთეული. კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოხდა ყველა ზონის ...ის გათავისუფლება. კასატორი მიუთითებდა, რომ სინამდვილეში, რეორგანიზაციის მოტივით, ყველა ზონის ...თან დაიდო მოკლევადიანი (არა უმეტეს სამი თვისა) შრომის ხელშეკრულება, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ მოხდა ზონის ...ების თანამდებობებზე დაკომპლექტება, მათ შორის, მოკლევადიან საკონტრაქტო სისტემაზე გადაყვანილი მუშაკების რიცხვიდან.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, მისი კვალიფიკაციის დადგენის მიზნით, არ შეაფასა დიპლომი, რომლის მიხედვითაც მას დამთავრებული ჰქონდა საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროს თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი სპეციალობით _ სამართალმცოდნეობა და აღრიცხვა სოცუზრუნველყოფის სისტემაში და სახელმწიფო საკვალფიკაციო კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდა “იურისტის” კვალიფიკაცია. ამასთან, იგი ირიცხებოდა ... სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების მეორე კურსის სტუდენტად. ამდენად, მისი კვალიფიკაცია ატარებს მაპროფილებელ ხასიათს, ანუ პირდაპირ ითვალისწინებდა სოციალური უზრუნველყოფის (დაზღვევის) სისტემაში მუშაობის შესაძლებლობას.
კასატორის მითითებით, სამუშაოდან მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების მიღებისას ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. ამასთან, თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლეოდა ოჯახის მეპატრონეს _ თუ კმაყოფაზე ჰყავდა ორი ან მეტი პირი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეუფარდა სადავო ურთიერთობას კანონის ნორმა.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან გაურკვეველია, მოსარჩელის რომელი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შეამოწმა სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ითხოვდა ზონის ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას და გაშვებული ხანდაზმულობის ვადის აღდგენას, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე განხილულია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ორგანიზაციის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გარემოებაზე არ უმსჯელია და არ გამოურკვევია, სინამდვილეში რას წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე და არ დაადგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ამ ნაწილში საერთოდ შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დაადგინა საქმისათვის ძირეული ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხე ორგანიზაციაში მოხდა თუ არა მუშაკთა რიცხოვნობისა და შტატების შემცირება და მიიჩნია, რომ თავისთავად, დაწესებულების რეორგანიზაცია წარმოადგენდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სამუშაოდან მუშაკის დათხოვნის საფუძველს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ შრომის კანონთა კოდექსის მითითებული ნორმის განმარტებას იმგვარად, რომ იგი ადმინისტრაციას უფლებას აძლევს, რეორგანიზაციის შემთხვევაში უპირობოდ შეწყვიტოს მუშაკთან შრომითი ურთიერთობა. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაციის მოტივით ზონის ყველა ...ი იქნა დათხოვნილი, ადმინისტრაციას არ ჰქონდა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენების ვალდებულება. აღნიშნული 36-ე მუხლი არეგულირებს სწორედ მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების საკითხს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან მუშაკის გათავისუფლება შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, ან მუშაკთა რიცხოვნობისა და შტატების შემცირების გამო, არ გულისხმობს საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ მუშაკის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობას. მუშაკის დათხოვნა დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და თუკი მუშაკი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია, შესთავაზოს მუშაკს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია, აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაკთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. ამდენად, სავალდებულო არ არის, რომ მუშაკი დაინიშნოს იმავე თანამდებობაზე. იგი შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, თუკი თანახმა იქნება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან აღნიშნულ მუშაკს არა აქვს შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მუშაკის გათავისუფლება. ზემოაღნიშნული მოთხოვნები განეკუთვნება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ დასაცავ იმ პირველი რიგის მოთხოვნებს, რომელთა დაუცველობა მუშაკის შრომის უფლებების უხეში დარღვევად განიხილება და ამდენად, მუშაკის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი შეიძლება გახდეს.
შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ან წინანდელი პროფესიის მიხედვით სამუშაოს მიცემით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის უქონლობისას _ სხვა სამუშაოს მიცემით პირადი სურვილისა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება განისაზღვრება ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად. კანონის აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალი ვალდებული იყო, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საშტატო ერთეულებზე, პირველ რიგში, დაესაქმებინა ფილიალში რეორგანიზაციამდე დასაქმებული მუშაკები, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საშტატო ერთეულების რაოდენობა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი, მუშაკების დანიშვნის საკითხი გადაეწყვიტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გზით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების საკითხის გამოსარკვევად გადამწყვეტია მუშაკის კვალიფიკაცია და შრომის ნაყოფიერება, ხოლო ყველა სხვა გარემოება, მათ შორის, მუშაკის ოჯახური მდგომარეობა და შრომის სტაჟი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოიყენება მხოლოდ კვალიფიციურობის თვალსაზრისით თანაბარი პირობების შემთხვევაში.
ამდენად, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და დასაბუთებული გადაწყვეტილებით მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, დაადგინოს, თუ როდის მიმართა მოსარჩელემ განცხადებებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, როდის ჩაიბარა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მოპასუხე ორგანიზაციის პასუხები (ს.ფ. 12-14), სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, არსებობდა თუ არა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი. ასევე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ნამდვილი მოთხოვნის ფარგლებში უნდა გამოარკვიოს, მოხდა თუ არა მოპასუხე ორგანიზაციაში შტატებისა და მუშაკთა რიცხოვნების შემცირება, შტატების შემცირების შემთხვევაში იხელმძღვანელა თუ არა ადმინისტრაციამ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით და ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით გამოარკვია თუ არა ახლადშექმნილ საშტატო ერთეულებზე სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხი მოსარჩელესთან მიმართებაში, შესაძლებელია თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელის სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევის გარეშე სადავო საკითხის გადაწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და 412-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.