Facebook Twitter

¹ას-461-436-2011 6 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს. რ-ა» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ჯ. ფ-ი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ დავალიანების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს. რ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში» შპს «ჯ. ფ-ის» მიმართ მოითხოვა შპს «ჯ. ფ-ის» მიერ 2010 წლის 4 მაისის ¹... აქტის საფუძველზე შპს «ს. რ-თვის» დარიცხული 2313,50 ლარის უკანონოდ ცნობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე დავალიანების არარსებობის აღიარება შემდეგი გარემოებების გამო:

2010 წლის 4 მაისს შპს «ჯ. ფ-ის» თანამშრომლებმა ქ.მცხეთაში შპს «ს. რ-ის» მცხეთის სადგურის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის მდგომარეობის შემოწმებისას დაადგინეს, რომ ობიექტზე დაცვის სამსახურს წყალმომარაგება მიეწოდება მრიცხველის გარეშე, რის გამოც მოსარჩელეს დ-15 მილზე დაერიცხა 2313.15 ლარის ოდენობით ჯარიმა და შედგა ¹... აქტი. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ აქტში მოყვანილი ფაქტები საფუძველს მოკლებულია, აქტი შედგენილია ცალმხრივად, ვინაიდან მის შედგენას არ ესწრებოდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები. ამ ფატს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ აქტს ხელს ობიექტის წარმომადგენლები არ აწერენ. სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას მოიხმარდა თუ არა წყალს დ-15 ქსელიდან სადგური მცხეთა. ასევე დაუსაბუთებელია აქტით დარიცხული თანხის ოდენობა და მისი სამართლებრივი საფუძველი.

მოპასუხე შპს «ჯ. ფ-ის» წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია. მოსარჩელე არ უარყოფს წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტს, თუმცა აქტის უკანონობის სამართლებრივ არგუმენტირებას ახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების მიხედვით, კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უკანონო მოხმარების ფაქტზე აბონენტი უნდა დაჯარიმებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით და აქტში მითითებული დარიცხვის გაანგარიშების წესი უკანონოა, ამასთან ვერ უთითებს, თუ რა ოდენობის თანხა მიაჩნია რეალურად და საიდან გამომდინარე. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 25 იანვრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ჯ. ფ-ის» მიერ 2010 წლის 4 მაისს შედგენილ ¹... აქტზე აბონენტი ორგანიზაციის წარმომადგენლის სახელით ხელს აწერს მ. პ-ია. სასამართლოს მითითებით, ორგანიზაციის სახელით ხელმოწერის არსებობის პირობებში, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ხელმომწერი პირი ორგანიზაციის თანამშრომელი და ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირია. სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული პრეზუმფციების მიხედვით, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების საფუძველზე, საწინააღმდეგოს დადასტურება მოსარჩელის ვადებულებას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა შპს «ს. რ-ამ» ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მ. პ-იას მიერ აბონენტი ორგანიზაციის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილების არქონის ფაქტი. შპს «ჯ. ფ-ის» მიერ საჯარიმო სანქციის დარიცხვა დ-15 მილზე განხორციელდა. აპელანტი სადავოდ ხდის დ-15 მილზე ჯარიმის დარიცხვის ფაქტს, თუმცა, ვერ ადასტურებს შპს «ს. რ-ის» მიერ სხვა დიამეტრის მილის გამოყენებას, რომლის გამტარუნარიანობა წყლის ჭავლის სიჩქარეზე უფრო დაბალი იქნებოდა. აღნიშნულთან მიმართებით შპს «ჯ. ფ-მა» წარმოადგინა შპს «თ. წ-ის» გენერალური დირექტორის 2007 წლის 13 მარტის ¹... ბრძანებით დამტკიცებული წყალსადენის ფოლადის, თუჯისა და პოლიეთილენის მილების წყლის ჭავლის 1,5 მეტრი წამში სიჩქარეზე გამტარუნარიანობის ამსახველი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ფოლადისა და თუჯის მილების მინიმალური დიამეტრი 15 მილიმეტრია. აღნიშნული დიამეტრის მქონე მილში წყლის ხარჯი 30 დღეზე 660,9 კუბმეტრს შეადგენს. ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევებში, საჯარიმო სანქციის გამოყენებისას უკანონოდ გახარჯული წყლის ოდენობის დადგენა მილის დიამეტრზეა დამოკიდებული, შესაბამისად, მილის გამტარუნარიანობის გამოანგარიშებისას სახელმძღვანელო დოკუმენტს სწორედ აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ჯ. ფ-მა» საჯარიმო სანქციის გამოანგარიშების დროს ყველაზე მცირე დიამეტრის მილის მაჩვენებლებით იხელმძღვანელა, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ფაქტის გასაქარწყლებლად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, შპს «ს. რ-ამ» საწინააღმდეგო არგუმენტი და ამ არგუმენტის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დარიცხული ჯარიმის ოდენობის უსწორობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე, რადგანაც შპს «ს. რ-ზა» ვერ ასახელებს არგუმენტს და ვერ უთითებს შესაბამის მტკიცებულებაზე, რაც ჯარიმის ოდენობის კანონიერებაში სასამართლოს მიერ ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ამასთან პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ჯ. ფ-ის» მიერ 2010 წლის 4 მაისს შედგენილი ¹... აქტის მიხედვით, წყალმომარაგების ქსელზე უნებართვოდ მიერთების გამო, შპს «ს. რ-თვის» დარიცხული საჯარიმო სანქციის (...) გამოთვლის წესი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ¹... დადგენილებით დამტკიცებულ «სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების» 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტთან. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-15 მილი წარმოადგენს ყველაზე ნაკლები დიამეტრის წყალსადენ მილს, რომელიც საათში 0,918მ3 წყალს ატარებს, შესაბამისად, წყლის ხარჯი თვეში (30 დღეში) დ-15 მილის დიამეტრის გათვალისწინებით 660,9 კუბური მეტრია. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის ¹... გადაწყვეტილებით დამტკიცებულია, რომ 1 კუპური მეტრი სასმელი წყლის მიწოდების ტარიფი 3,50 ლარია. ამდენად, სააპელაციო პალატამ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია შპს «ს. რ-თვის» დაკისრებული საჯარიმო სანქცია _ 2 313,15 ლარის ოდენობით.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ განსახილველი შემთხვევა შეეხება სპეციალურ სამართალურთიერთობას, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ¹32 დადგენილებით დამტკიცებულ «სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების» რეგულირების რეჟიმში ექცევა. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება წყალმომარაგების მოწესრიგების სპეციალურ წესებს შეიცავს, რომლის თანახმადაც მიმწოდებლები წყალმომარაგებისას ვალდებული არიან, იმოქმედონ «სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით».

ამავე დადგენილებით დამტკიცებული «სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების» მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს «ს. რ-ის» მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა წყალმომარაგების ქსელზე უნებართვოდ მიერთებაში, რის შედეგადაც აბონენტი სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდა.

სასამართლომ მიუთითა «სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების» მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებზე, რომლებიც ადგენენ მომხმარებლის ვალდებულებას მიმწოდებელს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე გადაუხადოს უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება, ხოლო მიმწოდებელმა შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამავე წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით, კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ს. რ-ზა» არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელია.

სასამართლომ განმარტა, რომ შპს «ს. რ-თვის» დარიცხული ჯარიმის საფუძვლები და ოდენობა, სამართლებრივი თვალსაზრისით, დასაბუთებული და კანონიერია «სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების» 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაქუმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, სასამართლომ არასწორად გაიზიარა ის ფაქტი, რომ შპს «ს. რ-ის» კუთვნილი ტერიტორიაზე აღმოჩნდა წყალმომარაგების ქსელზე უნებრთვო მიერთება, რის გამოც სეწმეკ-ის ¹32 დადგენილებით დამტკიცებული «სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების» მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შედგა აქტი. სასამართლომ არასწორად განმარტა მითითებული წესის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან სადავო 2010 წლის 4 მაისის აქტში არ არის მითითებული სამართლებრივი საფუძველი კასატორისათვის 2313.15 ლარის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნული აქტი არასწორად შეაფასა კანონით დადგენილი წესით შედგენილად.

სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 4 მაისის ¹003067 აქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა უკანონოდ უნდა ეღიარებინა და დაედგინა, რომ კასატორი არ არის ვალდებული, გადაიხადოს აღნიშნული თანხა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» და «ე1» ქვეპუნქტების საფუძველზე გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს. რ-ას» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს «ს. რ-ას» (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹... დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.