Facebook Twitter

ას-467-437-2010 28 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სს “კ. ს. ბ.” (წარმომადგენელი ე. ყ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ე. ბ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ თნახის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე. ბ-იამ სს “კ. ს. ბ.” წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 688.25 ევროსა და ზიანის ანაზღაურების სახით 688.25 ევროს წლიური 9.2%-ის დაკისრება 2008 წლის 18 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ტომი I, ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ბ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს “კ. ს. ბ.” დაეკისრა 688.25 ევროს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 56-62).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “კ. ს. ბ.” და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 69-80).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სს “კ. ს. ბ.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 15.03.2007წ ¹70 ბრძანებით დამტკიცებული საბანკო პლასტიკური ბარათის შესახებ დებულების პირველი მუხლის “ი” ქვეპუნქტით, საბანკო პლასტიკური ბარათის მფლობელია საბანკო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი და გახსნილია საბარათე ანგარიში ემიტენტ ბანკთან ხელშეკრულების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხე ბანკში გახსნილი ჰქონდა საბარათე ანგარიში ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტ სტერლინგში, რომლიდანაც ძირითადი ვალუტა იყო ევრო. ამდენად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც ბანკს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად უნდა განეხორციელებინა საბანკო პლასტიკური ბარათის მფლობელის საბანკო მომსახურება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია, ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში. შესაბამისად, რადგან დადგენილი იყო ბ-იას საბარათე ანგარიშიდან მისი ნების გარეშე თანხის განკარგვის ფაქტი, ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული ვალდებულების სს “კ. ს. ბ.” მხრიდან დარღვევას, რაც შესაბამისი თანხის _ 688.25 ევროს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 15.03.2007წ ¹70 ბრძანებიით დამტკიცებული საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ დებულების მე-6 მუხლი, რომლის თანახმად, ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულდა მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გამო.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა აღნიშნული ნორმის გამოყენების და აპელანტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან დებულების 6.6 მუხლი არეგულირებს ისეთ ურთიერთობებს, როდესაც ბარათი მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გადის მისი მფლობელობიდან (დაკარგვა, მოპარვა), რაც თავისთავად გულისხმობს იმის შესაძლებლობას, პირმა შეიტყოს, რომ ბარათი მის მფლობელობაში აღარაა. ასეთ დროს დებულების 6.2 მუხლი ავალდებულებს პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტ ბანკს ამის შესახებ, ბარათის ბლოკირების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ბარათის გაყალბებას (რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა) ან მასზე ინფორმაციის ნებისმიერი სხვა გზით არასანქცირებულ გამოყენებას, რასაც არ ახლავს კლიენტის მფლობელობიდან ბარათის გასვლა, აღნიშნული გამორიცხავს შეტყობინებას ემიტენტისთვის, რამეთუ პირმა არ იცის ამის თაობაზე, მის მიმართ ვეღარ მოქმედებს ბარათის ბლოკირების გზით ანგარიშის არასანქცირებული წვდომისაგან დაცვის დამცავი მექანიზმი. სწორედ ასეთს ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში: ერთი და იმავე დღეს ტრანზაქცია განხორციელდა როგორც ინგლისში, ასევე საქართველოშიც. ბარათი რჩებოდა მოსარჩელის მფლობელობაში და ის ვერ შეატყობინებდა ემიტენტ ბანკს ბარათის დაკარგვას ან ანგარიშის ბლოკირებას ვერ მოითხოვდა (ტომი II, ს.ფ. 35-45).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “კ. ს. ბ.”, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ნორმა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 15.03.2007წ. ¹70 ბრძანებით დამტკიცებული დებულება (პუნქტი 6), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილი, 412-ე მუხლი.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბანკს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ მოქმედებაზე, რაც განხორციელდა ბარათის არასანქცირებული გამოყენების შესახებ შეტყობინების მიღებამდე, ბანკი ვერ აგებს პასუხს მისი მიზეზისა და ბრალის გარეშე ბარათის მფლობელის მიმართ დამდგარ ზიანზე (ტომი II, ს.ფ. 55-63).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “კ. ს. ბ.” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, სს “კ. ს. ბ.” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სს “კ. ს. ბ.” უნდა დაუბრუნდეს საკასციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს “კ. ს. ბ.” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სს “კ. ს. ბ.” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.