¹ ბს-1166-995-კ-04 22 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ე. ქ.” დირექტორმა ს. ა-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, თერჯოლის რაიონის გამგეობის, თერჯოლის რაიონის საკრებულოს, მესამე პირის _ თერჯოლის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მიუთითა, რომ თერჯოლის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ რაიონის მიწის მართვის სამმართველოდან წარდგენილ მიწათმოსარგებლეთა საგადასახადო სიების საფუძველზე, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, საინკასო დავალებით ანგარიშიდან ჩამოაჭრა თანხა და მიაჩნდა, რომ აღნიშნული ქმედებით საგადასახადო ინსპექციამ დაარღვია საგადასახადო კოდექსის 152-ე, 156-ე და 256-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ “წიაღის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, წიაღით მოსარგებლეს უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც გაიცემა წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან ერთად მიწათსარგებლობის პირობების შეტანით. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ლიცენზია წარმოადგენდა გარიგებას სახელმწიფოსა და იურიდიულ პირს შორის. მათზე გაცემულ ლიცენზიაში მიწათსარგებლობის გამო მიწის გადასახადის შესახებ მითითება არ იყო და, ამდენად, მიწის გადასახადი არ უნდა გადაეხადა მას, როგორც წიაღით მოსარგებლეს და უნდა გადაეხადა წიაღით სარგებლობის გადასახადი, რასაც იხდიდა კიდეც. იმ შემთხვევაში, თუ მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე გადასახდელი იქნებოდა რაიმე გადასახადი, აღნიშნულის შესახებ სამინისტროს უნდა მიეთითებინა დამატებით პირობებში და საჯარო რეესტრში მიწათსარგებლობის უფლება მისთვის უნდა დაემაგრებინა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი მფლობელობის სხვა ფორმას არ ცნობდა.
მოსარჩელე “წიაღის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის, სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის, საგადასახადო კოდექსის 146-ე და 148-ე მუხლების საფუძველზე ითხოვდა თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, კერძოდ, სასამართლოს ბათილად ეცნო: 1. თერჯოლის რაიონის საკრებულოს 2000წ. 25 თებერვლის ¹99 დადგენილება;
2. თერჯოლის რაიონის საკრებულოს 2001წ. 13 თებერვლის ¹184 დადგენილების მესამე პუნქტი;
3. თერჯოლის რაიონის საკრებულოს 2003წ. 18 თებერვლის ¹6 გადაწყვეტილების მესამე პუნქტი;
4. თერჯოლის რაიონის გამგეობის 2003წ. 12 თებერვლის ¹38 დადგენილების მე-15 პუნქტი და აღნიშნული აქტებით დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები 1998, 2000, 2001, 2003 წლებისათვის სს “ე. ქ.” არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში შეყვანის ნაწილში.
მოსარჩელე ითხოვდა, რომ სს “ე. ქ.” აღიარებულიყო მიწათსარგებლობის გადასახადის გადამხდელად მხოლოდ მიწის იმ ფართობზე, რომელზეც განთავსებული იყო საწარმოს შენობა-ნაგებობები, მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ტერიტორიით, რომელიც 2003წ. საგადასახადო სიის მიხედვით და ლიცენზიაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის გამოკლებით შეადგენდა 25590 მ2-ს (4505902-425000-25590მ2). ასევე ითხოვდა, დადგენილიყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სოფლის დასახლებათა შორის არეალში, რაზეც უნდა გაწერილიყო მიწის გადასახადი 0,0258 ლარის ოდენობით, თერჯოლის რაიონის გამგეობის 2003წ. 12 თებერვლის ¹38 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს ,ე. ქ.” სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ასევე დაკმაყოფილდა მესამე პირების - შპს “ე.” და შპს “ფ. ქ.” დამოუკიდებელი სარჩელები.
სააპელაციო სასამართლომ “წიაღის შესახებ” კანონის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ წიაღის ფონდის მიწები წარმოადგენდა სარეკულტივაციო მიწებს. ასეთი მიწის ფართობებით სარგებლობა კი, საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, მიწის გადასახადით არ იბეგრება. ასეთ შემთხვევაში იბეგრება მხოლოდ წიაღით სარგებლობა, რაც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით და შეტანილია მიწათსარგებლობის ლიცენზიაში. საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად: წიაღით სარგებლობის გადასახადის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება წიაღით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს მიერ და შეიტანება წიაღის სარგებლობის ლიცენზიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წიაღის ობიექტებზე მიკუთვნებული მიწების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით სარგებლობის გადასახადით დაბეგვრა და ამ მიწების შეტანა გადამხდელთა სიაში არასწორი იყო. სკ-ის 149-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი მასში შემავალი წიაღისეულით წარმოადგენდა ერთიან ნივთს და ცალკე მიწის ნაკვეთზე და ცალკე წიაღისეულზე არ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დამოუკიდებელი სანივთო უფლება, ასევე, დაუშვებელი იყო, რომ მიწის ნაკვეთი ან წიაღისეული დამოუკიდებელი ვალდებულებითი უფლების ობიექტი იყოს.
საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით სს “ე. ქ.” დაუდგინდა სარგებლობის უფლება 59,5 ჰა მიწის ნაკვეთზე, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა მიწით სარგებლობის ფორმა. შესაბამისად, საჯარო რეესტრში აისახა სარგებლობის უფლება ზოგადად ფორმის მიუთი-თებლად, ხოლო შპს “ე.” და შპს “ფ. ქ.” საერთოდ არ გააჩნდათ მიწათსარგებლობის დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიწით სარგებლობის ფორმის განსაზღვრის გარეშეც უნდა მომხდარიყო გადასახადის განსაზღვრა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად _ საქართველოს პრეზიდენტის ¹327 ბრძანებულების საფუძველზე და მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანებულება ეხება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” წესს და იგი არ ვრცელდებოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თერჯოლის რაიონის გამგეობამ, თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და საგადასახადო ინსპექციამ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრები, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევებით. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, გადაწყვეტილება იურიდიულად დუსაბუთებელია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილეს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, რომლის მიერაც გაცემულია წიაღით სარგებლობის ლიცენზიები, რადგან ლიცენზიის საფუძველზე დაუმაგრდა ლიცენზიანტებს მიწის ნაკვეთი სამთო მინაკუთვნის სახით. ამდენად, საქმის განხილვისას დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის რაიონის საკრებულოს 2000წ. 25 თებერვლის ¹99 დადგენილების მე-4 პუნქტი, 2001წ. 13 თებერვლის ¹184 დადგენილების მე-3 პუნქტი, თერჯოლის რაიონის გამგეობის 2003წ. 12 თებერვლის ¹38 დადგენილების მე-15 პუნქტი. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დადგენილებების მითითებული პუნქტებით დამტკიცდა თერჯოლის რაიონის მიწათმოსარგებლეთა სიები, რომლებიც, გარდა სს “ე. ქ.”, შპს “ე.” და შპს “ფ. ქ.”, არანაირ შემხებლობაში არ არის დავის საგანთან. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს გადასახადის გადამხდელთა სიები მოსარჩელეთა მიმართებაში, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული, რომ სს “ე. ქ.” მიწის გარკვეულ ნაწილზე აღიარებდა გადასახადის გადახდას, კერძოდ, მიწის იმ ფართობზე, რომელზეც განთავსებული იყო საწარმოს შენობა-ნაგებობები და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ტერიტორია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული მსჯელობა და გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილი არ არის შესაბამისობაში, წინააღმდეგობრივია და საჭიროებს დაზუსტებას.
სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 პუნქტის “ი” ქვეპუნქტი, ნაცვლად სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 158-ე მუხლისა.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სამთვიანი ვადა, ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლით დადგენილი 6 - წლიანი ვადისა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის გადაწყვეტისას სწორად იქნა გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლი, რადგან დადგენილია, რომ გასაჩივრებული დადგენილებები ეხება მიწის გადასახადის გადამხდელთა სიების დამტკიცებას და გადასახადის ამოღებას. საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ნორმები გამოიყენება გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, გადასახადით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობის დროს გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, მიწის გადასახადით არ იბეგრება სარეკულტივაციო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ე. ქ.”, შპს “ე.” და შპს “ფ. ქ.” სარგებლობაში არსებული მიწები განეკუთვნებოდა სარეკულტივაციო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 21.07.03წ. ¹2/14-694 წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთი განეკუთვნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, მითითებული ნაკვეთები სამართლებრივად განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თუ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და როგორ იყო იგი რეგისტრირებული საჯარო რეესტრში 2002წ. 1 მარტამდე. ხოლო ამ პერიოდის შემდეგ, “წიაღის შესახებ” კანონის მე-3 და მე-8 მუხლების საფუძველზე, ისინი წარმოადგენდნენ სახელმწიფო ფონდის მიწებს, რომლებიც მიწის გადასახადისაგან განთავისუფლებულია. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასარკვევია მიწის გადასახადის დაკისრების კანონიერების საკითხი 2002წ. 1 მარტამდე პერიოდისათვის, ხოლო აღნიშნული პერიოდის (1.03.02) შემდეგ, დადგენილად მიაჩნია, რომ წიაღით მოსარგებლეები მიწის გადასახადს არ იხდიან.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ე. ქ.”, შპს “ე.” და შპს “ფ. ქ.” აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. სასამართლომ ისე აღიარა ისინი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელებად 25590 მ2, 5000 მ2 და 10800 მ2 მიწის ნაკვეთზე, რომ აღნიშნული ოდენობის ფართობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, გარდა მოსარჩელეთა მითითებებისა. ასევე, დასადგენია მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის სოფლის დასახლებათა შორის არეალში ყოფნის ფაქტი, რადგან საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე უნდა არსებობდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თერჯოლის რაიონის გამგეობის, თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და თერჯოლის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.