Facebook Twitter

¹ას-468-442-2011 30 მაისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ პ. ჯ-.ი, გ. ბ-ე (წარმომადგენელი დ. გ-ა)

მოწინააღმდეგე მხარე _ ფონდი «... ... ...»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 11 მაისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს პ. ჯ-.მა და გ. ბ-ემ მოპასუხე ფონდი «... ... ...ს» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმავალი გზის გახსნა (აღდგენა).

სარჩელის თანახმად, სიღნაღში, ქ-ის დ-ში მოსარჩელეების საკუთრებაშია 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია 56.14.16.060. მეზობელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობდა საავადმყოფო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2008 წელს გაასხვისა მოპასუხეზე. მოპასუხემ თავის მიწის ნაკვეთზე დაიწყო მშენებლობა. მან მშენებლობის პროცესში მთლიანად გადაკეტა მოსარჩელეების მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ერთადერთი გზა, რის შედეგადაც მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისვლა გახდა შეუძლებელი. აღნიშნულით ილახებოდა საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექის 170-ე მუხლით გარანტირებული მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, ვინაიდან გზის გადაკეტვის შედეგად ისინი თავისუფლად ვეღარ ფლობდნენ და სარგებლობდნენ საკუთრებით (ტომი 1, ს.ფ. 1-9).

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით პ. ჯ-.ისა და გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ფონდი ... ... ... არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დარეგისტრირებულია 2003 წლის 25 თებერვალს;

2007 წლის 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საჯარო აუქციონის შედეგების საფუძველზე ფონდ «... ... ...ს” პირობადებული საკუთრების უფლებით საკუთრებაში გადასცა მათ შორის ქ.სიღნაღში, ქ-ის დ-ში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 10960 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, რაც გაქრისტიანების მუზეუმის მოწყობის მიზნით შენობა-ნაგებობების აშენებას და მუზეუმისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურით მის უზრუნველყოფას ითვალისწინებს;

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 24 ივლისის თარიღით გაცემული ¹94 «საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის” საფუძველზე ფონდ “... ... ...ს” საკუთრებაში გადაეცა, ქ.სიღნაღში, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე 15000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი, საკადასტრო კოდით ... ... ...;

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 13 ოქტომბრის ¹2105 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა მუზეუმის მშენებლობის პროექტი, ხოლო 2009 წლის 30 ოქტომბრის თარიღით გამგეობამ დამკვეთ საქველმოქმედო ფონდ «... ... ...ზე” გასცა გაქრისტიანების მუზეუმის (განვითარება) მშენებლობის ნებართვა ¹21. მშენებლობა დაწყებულია და იგი მოიცავს მთელ ტერიტორიას სხვადასხვა დონეზე;

2008 წლის 6 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით გ. ბ-ემ და პ. ჯ-მა გ.ყ-ისგან ნასყიდობით შეიძინეს 280 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ¹56.14.16.060, რაც 2008 წლის 15 თებერვლიდან დარეგისტრირებულია მათ საერთო საკუთრებად;

მოსარჩელეთა კუთვნილი 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გორაკის მოსწორებულ თავზე მდებარე ბალახით დაფარულ მინდორს, რომელიც შემოგარენისაგან შემოსაზღვრული არ არის. მიწის ნაკვეთი ამჟამად რაიმე დანიშნულებით, მათ შორის, სამეურნეო საქმიანობისათვის ათვისებულ-გამოყენებული არ არის და მასზე არც რაიმე ნაგებობა, ნარგაობა, ინვენტარი ან სამშენებლო მასალაა განლაგებული (ადგილობრივი დათვალიერების შედეგები);

ფონდი «... ... ...სა” და მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები უშუალოდ ერთმანეთს არ ემიჯნება და მათ შორის მანძილი, რაც დაახლოებით 300-350 მეტრს შეადგენს, დაფარულია ბუნებრივი ბუჩქოვანი ტყით, რომლის ფეხით გავლა დაუბრკოლებლად შესაძლებელია დაახლოებით 3 მეტრი სიგანის ფეხით სასიარულო ბილიკით (ადგილობრივი დათვალიერების შედეგები);

ფონდი «... ... ...ს” კუთვნილი მიწის ნაკვეთი მეორეხარისხოვან საჯარო დანიშნულების დახრეშილ საავტომობილო გზებს უკავშირდება ორი მიმართულებით, ხოლო მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება იმავე გზებით, შეუძლებელია ფონდი «... ... ...ს” ტერიტორიის ცენტრალური მონაკვეთის გაუვლელად, რომელიც მშენებლობის მოცემულ ეტაპზე სრულად არის განაშენიანებული (ადგილობრივი დათვალიერების შედეგები);

სიღნაღის ტექ. ბიუროში მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან დაკავშირება ნაჩვენები არ არის;

მშენებლობის მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელისათვის სატრანსპორტო კომუნიკაციის უფლების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მშენებლობის არსებული პროექტის გადაკეთებით ან აშენებულის დანგრევით, რაც არ წარმოადგენს სარჩელის დავის საგანს, ამასთან მოსარჩელე არ მოითხოვს აუცილებელ გზას და წინააღმდეგია კომპენსაციის გადახდაზე აუცილებელი გზისათვის;

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო გზებთან დამაკავშირებელ გზას ფონდი «... ... ...ს” საკუთრებაში არსებულ მიწაზე გავლით არ უარსებია და არც მოპასუხის თვითნებურ მოქმედებათა შედეგად იყო მოშლილი. შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა არსებული საჯარო გზის აღდგენის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პ. ჯ-მა და გ. ბ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 90-100).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით პ. ჯ-ისა და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

მოსარჩელეთა კუთვნილი 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გორაკის მოსწორებულ თავზე მდებარე ბალახით დაფარულ მინდორს, რომელიც შემოგარენისაგან შემოსაზღვრული არ არის. მიწის ნაკვეთი ამჟამად რაიმე დანიშნულებით, მათ შორის, სამეურნეო საქმიანობისათვის ათვისებულ-გამოყენებული არ არის და მასზე არც რაიმე ნაგებობა, ნარგაობა, ინვენტარი ან სამშენებლო მასალაა განლაგებული;

ფონდი «... ... ...სა” და მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები უშუალოდ ერთმანეთს არ ემიჯნება და მათ შორის მანძილი, რაც დაახლოებით 300-350 მეტრს შეადგენს, დაფარულია ბუნებრივი ბუჩქოვანი ტყით, რომლის ფეხით გავლა დაუბრკოლებლად შესაძლებელია დაახლოებით 3 მეტრი სიგანით ფეხით სასიარულო ბილიკით;

ფონდი «... ... ...ს” კუთვნილი მიწის ნაკვეთი მეორეხარისხოვან საჯარო დანიშნულების დახრეშილ საავტომობილო გზებს უკავშირდება ორი მიმართულებით, ხოლო მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება იმავე გზებით, შეუძლებელია ფონდი «... ... ...ს” ტერიტორიის ცენტრალური მონაკვეთის გაუვლელად, რომელიც მშენებლობის მოცემულ ეტაპზე სრულად არის განაშენიანებული.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ისინი ითხოვდნენ არა აუცილებელი გზას, არამედ საჯარო გზის აღდგენას;

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სიღნაღის ტექ.ბიუროში მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან დაკავშირება საერთოდ არ არის ნაჩვენები. ასეთი დაკავშირება აღნიშნულია მხოლოდ ინდმეწარმე «ი. წ-შვილის” მიერ მომზადებულ ე.წ. სიტუაციურ გეგმებზე. ამასთან, აღნიშნულ სიტუაციურ გეგმებზეც, რომელიც პ.ჯ-ის დაკვეთით იქნა მომზადებული, არ არის დატანილი აღნიშვნა კონკრეტულად საავტომობილო გზის არსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარადგინა რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი საჯარო გზებთან დაკავშირებული იყო ამჟამად ფონდი «... ... ...ს” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ ასეთ საჯარო გზას ამჟამად ფონდი «... ... ...ს” საკუთრებაში არსებულ მიწებზე გავლით არ უარსებია და არც მოპასუხის თვითნებურ მოქმედებათა შედეგად ყოფილა მოშლილი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეები მოითხოვდნენ არა აუცილებელ გზას, არამედ ადრე არსებული საჯარო გზის აღდგენას, ამიტომ მათი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და სარჩელის დავის საგანი აუცილებელი გზის დადგენაში კი არა, არამედ გზით სარგებლობით ხელშეშლის აღკვეთაში მდგომარეობდა. ხელშეშლის აღკვეთის მოცემული მოთხოვნის მართლზომიერების დასადგენად, გადამწყვეტი იყო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა ფონდი „... ... ...“ იმ მიწის ნაკვეთის მესკუთრეს, რომელზეც მოსარჩელეთა მოთხოვნით უნდა აღდგენილიყო საჯარო გზა. საქმის მასალებით უდავოდ დგინდებოდა, რომ ფონდი „... ... ...“ წარმოადგენდა ქ.სიღნაღში, ქ-ის დ-ში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული 10960 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის და ქ.სიღნაღში, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე 15000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართის, საკადასტრო კოდით ... ... ... მესაკუთრეს. ამასთან, მოსარჩელეთა მიერ მითითებულ საჯარო გზას ამჟამად ფონდი «... ... ...ს” საკუთრებაში არსებულ მიწებზე გავლით არ უარსებია და არც მოპასუხის თვითნებური მოქმედებათა შედეგად ყოფილა მოშლილი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო პ. ჯ-ის და გ. ბ-ის მოთხოვნა კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დავალებოდა მოპასუხეს საჯარო გზის აღდგენა (ტომი 2, ს.ფ. 57-68).

სააპელაციო სასამართლო განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პ. ჯ-მა და გ. ბ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოთხოვნა შემდეგ მოტივებს ეფუძნება:

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე აღჭურვილია ნივთის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადება, რომელიც შეიცავს დათქმას მესამე პირის სასარგებლოდ და თვით საკუთრების უფლებას ზღუდავს იმ შემთხვევაში, თუ ამით ზიანი ადგება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა ინტერესებს, ან თუ ეს მოქმედება წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

სადავო შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ გ. ბ-ისა და პ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მთლიანად იზოლირებულია საჯარო გზისგან. შესაბამისად, კასატორების მოთხოვნა საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის საჭიროებითაა განპირობებული და საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის პირობებში ობიექტური გარემოებებითაა გამართლებული. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი. ამ ნორმის არასრული განმარტება და მეზობლის უფლებების უგულებელყოფა სასამართლო გადაწყვეტილებას უკანონოს ხდის. მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან დაკავშირების უზრუნველსაყოფად, სამეზობლო სამართლის პრინციპების თანახმად, დასაშვებია მესაკუთრის აბსოლუტური უფლების შეზღუდვა, უფლებათა კოლიზიისას უპირატესობა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ენიჭება, რომელიც მოკლებულია აღნიშნულ დაკავშირებას, რითაც მნიშვნელოვნად ეშლება ხელი საკუთრების ობიექტით სარგებლობაში და მისი დანიშნულებით გამოყენებაში (ტომი 2, ს.ფ. 69-76).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით პ. ჯ-ისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ჯ-ისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სულ გადახდილი იყო 500 ლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით პ. ჯ-სა გ. ბ-ეს დაუბრუნდათ მათი წარმომადგემლის, დ. გ-ას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის ნაწილი _ 200 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა. აქედან გამომდინარე, კასატორებს ამჟამად უნდა დუბრუნდეთ 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ჯ-ისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორებს _ პ. ჯ-ს და გ. ბ-ეს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დ. გ-ას მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება ¹5018924472) სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% - 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.