ას-470-444-2011 16 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ვ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე _ ჯ. კ-ის მიმართ მესაკუთრედ ცნობის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით ვ. ჯ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 26 აპრილს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით ვ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 3 დღით.
2011 წლის 13 მაისს ვ. ჯ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით ვ. ჯ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 26 აპრილს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით ვ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 3 დღით.
2011 წლის 13 მაისს ვ. ჯ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ჯ-ის შუამდგომლობა ხარვეზი შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.