Facebook Twitter

ას-473-443-2010 4 ოქტომბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. მ-ილი (საპროცესო წარმომადგენელი ი. მ-ილი)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ია. მ-ილი, ე. ბ-ოვა

თანამოსარჩელე _ ი. მ-ილი

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ ნ. ც-ძე, ზ. გ-იანი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინება

დავის საგანი _ უძრავი ქონებიდან წილის ამორიცხვა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინებით სარჩელის აღძვრამდე მის უზრუნველსაყოფად შეჩერდა ია. მ-ილის საკუთრებაში არსებული, ბათუმში, ... ქ. ¹46-ში მდებარე უძრავი ქონების (219.35კვ.მ) აუქციონზე რეალიზაცია (ტომი I, ს.ფ. 27-29).

2009 წლის 26 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი. და ნ. მ-ილებმა მოპასუხეების _ ია. მ-ილისა და ე. ბ-ოვას მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბათუმში, ... ქ. ¹46-ში მდებარე ია. მ-ილის საკუთრებაში არსებული ქონებიდან ნ. მ-ილის წილის ამორიცხვა, რაც შეადგენდა მთლიანი უძრავი ქონების 1/2 ნაწილს და ი. მ-ილის წილის ამორიცხვა, რაც შეადგენდა მთლიანი ქონების 1/2-ის 1/12 ნაწილს (ტომი II, ს.ფ. 1-11).

მოპასუხე ია. მ-ილმა სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 45-52, 141-148).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ნ. ც-ძე და ზ. გ-იანი საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (ტომი II, ს.ფ. 118-119).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ილს საპროცესო წარმომადგენლად დაენიშნა ახლო ნათესავი (ბიცოლა) ი. მ-ილი (ტომი II, ს.ფ. 120-121).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ილისა და ნ. მ-ილის არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ბათუმში, ... ქ. ¹46-ში მდებარე 219.35კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 1988 წლის 1 ნოემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, წარმოადგენს მოპასუხე ია. მ-ილის საკუთრებას; ეს სახლი სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ია. მ-ილის მიერ დაიტვირთა იპოთეკით. იპოთეკარებს წარმოადგენენ მოპასუხე ე. ბ-ოვა, აგრეთვე მესამე პირები _ ზ. გ-იანი და ნ. ც-ძე; ია. მ-ილმა არაჯეროვნად შეასრულა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც მუდმოვმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა “კ.-მ” 2009 წლის 6 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა ე. ბ-ოვას პრეტენზია და დაადგინა, რომ პრეტენდენტის მოთხოვნის ნებაყოფლობით დაკმაყოფილებისაკენ მიმართული ღონისძიებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში საჯარო აუქციონის წესით რეალიზებული ყოფილიყო მოპასუხე ია. მ-ილის საკუთრებაში არსებული, ბათუმში, ... ქ. ¹46-ში მდებარე უძრავი ქონება; დასახელებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება არ მოხდა, რის გამოც დაიწყო სააღსრულებო წარმოება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით; აღნიშნულ პროცესში შესაბამისი აქტით ყადაღა დაედო ია. მ-ილის საკუთრებაში რიცხულ, ბათუმში, ... ქ. ¹46-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელ სახლს; ამასთან, დაიწყო მისი აუქციონის წესით რეალიზაცია, რაც შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის ¹55/უზ-09 განჩინებით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე ი. მ-ილის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ვინაიდან იგი არის მოპასუხე ია. მ-ილის მეუღლე 1959 წლიდან, სადავო ქონების ღირებულება მათი ერთად ცხოვრების განმავლობაში გაიზარდა, ამიტომ იგი წარმოადგენს ამ ქონების 1/2 ნაწილის 1/12 წილის მესაკუთრეს და აღნიშნული წილი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი:

სადავო ქონება ია. მ-ილმა მიიღო მემკვიდრეობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აქედან გამომდინარე, იგი წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას. ამავე კოდექსის 1163-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი. მ-ილმა ვერ წარადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე მისი წილი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა საკუთრების უფლება დასტურდება მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი იცავს შემძენის ინტერესებს და მიუთითებს, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთი მხარის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მან არ იცოდა გარიგების შესახებ ან ის არ ეთანხმება გარიგებას. ამდენად, საქალაქო სასამართლომ ამ კუთხითაც ი. მ-ილის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

რაც შეეხებოდა ნ. მ-ილის სარჩელის მოთხოვნას, მისი დაუკმაყოფილებლობა საქალაქო სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდრო გახსნის დღიდან. 1422-ე მუხლიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედუნარიან პირს, ხოლო ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მათი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. 1450-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ სამკვიდროს მიღება და მასზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს 2 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ სამკვიდრო გაიხსნა 1985 წელს და სამკვიდროში შემავალი ქონება _ ბათუმში, ... ქ. ¹46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი _ მემკვიდრეობით მიიღო მოპასუხე ია. მ-ილმა. როგორც თავად მოსარჩელეები განმარტავდნენ, იმ პერიოდისათვის, მართალია, ნ. მ-ილი იყო არასრულწლოვანი, მაგრამ მას ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი, დედა გ. მ-ილი, რომელსაც ია. მ-ილის მიერ სამკვიდროს მიღება სადავოდ არ გაუხდია. სარჩელშივე იყო აღნიშნული, რომ ნ. მ-ილი და მისი კანონიერი წარმომადგენელი _ დედა გ. მ-ილი ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ამავე სახლში და მათთვის თავიდანვე ცნობილი უნდა ყოფილიყო ია. მ-ილის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე. ნ. მ-ილმა სამკვიდროდან წილის გამოყოფა მოითხოვა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქონებას დაედო ყადაღა და მიექცა აღსასრულებლად. ამასთან, ნ. მ-ილმა ისე მოითხოვა ბათუმში, ... ქ. ¹46-ში მდებარე ია. მ-ილის საკუთრებაში რიცხული ქონებიდან 1/2 ნაწილის ამორიცხვა, რომ მას ამ დრომდე სადავოდ არ გაუხდია არც ია. მ-ილის სახელზე 1985 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და არც საჯარო რეესტრის ჩანაწერი, მაშინ როდესაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (ტომი II, ს.ფ. 151-157).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ნ. მ-ილებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 172-181).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. და ნ. მ-ილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 16 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები _ ნ. და ი. მ-ილები, რომლებიც სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებულნი იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. რაიმე კანონშესაბამისი მტკიცებულება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ გამოუცხადებელმა მხარეებმა სასამართლოში ვერ წარადგინეს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის ე. ბ-ოვას წარმომადგენელმა შ. ბ-შვილმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, აგრეთვე ი. და ნ. მ-ილების სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუ არ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.

იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა (ტომი III, ს.ფ. 53-55).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს ია., ი. და ნ. მ-ილებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

საჩივრის ავტორთა მითითებით, სასამართლოსათვის ცნობილი იყო ი. და ნ. მ-ილების გამოუცხადებლობის მიზეზი. ამასთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე წარდგენილი იყო ცნობა ი. მ-ილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, თუმცა მათ შესახებ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი (ტომი III, ს.ფ. 61).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით ი. და ნ. მ-ილების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად ითვლება მხარის ავადმყოფობა, რაც დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებით, შპს “ბ-ის” 2010 წლის 14 თებერვლის გამოძახების ბარათით, დასტურდება, რომ ი. მ-ილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება ბინაზე, რა დროსაც მას დაუფიქსირდა დიაგნოზი ასტ. ჰიპერტენზია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამედიცინო ცნობაში ასახული გარემოება ვერ მიიჩნეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებად, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2010 წლის 16 თებერვალს ი. მ-ილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

რამდენადაც საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სამედიცინო ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა 2010 წლის 16 თებერვალს მისი ავადმყოფობისა და გადაადგილების შეუძლებლობის ფაქტი, ამასთან, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

რაც შეეხებოდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ია. მ-ილის საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა, რაც იმით დაასაბუთა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ია. მ-ილის უფლებები არ შელახულა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოვიდა მის სასარგებლოდ და მოსარჩელეთა საწინააღმდეგოდ. აქვე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 187.2 მუხლებზე, რომელთა თანახმად, თუ სარჩელის (საჩივრის) მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამრთლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ტომი III, ს.ფ. 83-89).

2010 წლის 30 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გამოიტანა დამატებითი განჩინება, რომლითაც ია. მ-ილის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული (ტომი III, ს.ფ. 122-125).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ნ. მ-ილებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორები განმარტავენ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა. გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ნ. მ-ილს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი); ბ. სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს. მოცემულ შემთხვევაში დროულად იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შემოწმებულიყო, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. კანონის ამ ნორმის მოთხოვნა სასამართლოს არ შეუსრულებია, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა (ტომი III, ს.ფ. 107-113, 129-135).

ი. მ-ილმა საკასაციო სასამართლოში ასევე იშუამდგომლა ნ. მ-ილისათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ნ. მ-ილს საპროცესო წარმომადგენელი არც ერთ ინსტანციაში არ ჰყოლია, თავად ი. მ-ილი კი ასაკისა და ავადმყოფობის გამო ამას ვერ ახერხებს და ვერც შემდგომში შეძლებს (ტომი III, ს.ფ. 155).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნ. მ-ილის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ი. მ-ილს გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განჩინებით დანიშნული ხარვეზის შევსების ვადა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად (ტომი III, ს.ფ. 159-161, 139-141).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით ი. მ-ილის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ამ უკანასკნელის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის სხდომაზე მოწვევის შესახებ ი. და ნ. მ-ილებს უწყება გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე _ ბათუმი, ... ქ. ¹46. ს.ფ. 43-ზე (ტომი III) განთავსებულ შეტყობინების ბარათზე უწყების მიმღებად მითითებულია ოჯახის წევრი _ გურამ მ-ილი. ასეთი შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, უწყება მიიჩნევა ი. და ნ. მ-ილებისათვის ჩაბარებულად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებას _ სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მხარის მიუწვევლობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მითითებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პირობა არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ასეთი გარემოების არსებობა საქმის მასალებით მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. აღნიშნულს არ ადასტურებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შპს “ბ-ის” გამოძახების ბარათი, რომელშიც საუბარია ი. მ-ილისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. შპს “ბ-ის” გამოძახების ბარათში აღნიშნული შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ ყოფილა, იგი არც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ დამოწმებულა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ამ საფუძვლითაც სრულიად მართებულად არ მიიჩნია მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიოდ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, შეემოწმებინა, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასეთი შემოწმების აუცილებლობას უკავშირებს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) გამოუცხადებლობას (230.2 და 387.3 მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.1 მუხლიდან გამომდინარე, საქმის ზეპირ განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ასეთ შემთხვევაში იგი არ არის ვალდებული, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის არსებით იურიდიულ მხარეზე.

რაც შეეხება შუამდგომლობას ნ. მ-ილისათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალების თანახმად, მოცემულ საქმეზე ასეთი საპროცესო წარმომადგენელი უკვე დანიშნულია, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ილს საპროცესო წარმომადგენლად დაენიშნა ახლო ნათესავი _ ი. მ-ილი (ტომი II, ს.ფ. 120-121). შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის (ი. მ-ილი) განმარტება იმის შესახებ, რომ ნ. მ-ილს საპროცესო წარმომადგენელი არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ ჰყოლია და არც ამ ეტაპზე ჰყავს, არასწორია. გარდა ამისა, დაუსაბუთებელია ი. მ-ილის შუამდგომლობა იმ საპატიო გარემოებების არსებობის თვალსაზრისითაც, თუ რატომ გახდა შეუძლებელი საქმის წარმოების ამ ეტაპზე მის მიერ საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელება და წარმოიშვა სხვა საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის აუცილებლობა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლი მოითხოვს შესაბამისი პირობების არსებობას საპროცესო წარმომადგენლის დასანიშნად და სასამართლოს არ ავალდებულებს, ქმედუუნარო მოსარჩელეს უპირობოდ დაუნიშნოს საპროცესო წარმომადგენელი. მოცემულ ეტაპზე აღნიშნული პირობების არსებობა შუამდგომლობის ავტორის მიერ ასევე არ არის დასაბუთებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-ილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

შუამდგომლობა ნ. მ-ილისათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.