ას-475-445-2010 19 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ე. ჩ-დის უფლებამონაცვლე ა. ჩ-დი, ს. ც-იდუ, დ. ს-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ც-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ც-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ჩ-დის მიმართ ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე მოპასუხის კუთვნილი 5/8 წილიდან 32 კვ.მ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ 1952 წელს ზეპირად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე მოპასუხის კუთვნილი 32 კვ.მ სახლი, სადაც დარეგისტრირდა და ცხოვრობს. ე. ჩ-დი წლების განმავლობაში იმყოფება საბერძნეთში და ვერ მოახერხა სადავო ფართის მისთვის გადაფორმება. აღნიშნულის სანაცვლოდ, მოსარჩელე მზადაა, გადაუხადოს მოპასუხეს საცხოვრებელი სადგომის 25%.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით ე. ჩ-დი შეიცვალა უფლებამონაცვლით _ ა. ჩ-დით, რომელმაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თავად გადაუხდის მოსარჩელეს სადგომის 25%-ს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ა. ჩ-დთან ერთად ე. ჩ-დის უფლებამონაცვლეებად დაშვებულ იქნენ ს. ც-იდუ და დ. ს-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ც.ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე ა. ჩ-დის, დ. ს-ასა და ს. ც-იდუს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მის მფლობელობაში არსებული 31,32 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ა. ჩ-დის, დ. ს-ასა და ს. ც-იდუსათვის 5376 ლარის გადახდის სანაცვლოდ შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა განმარტებებით, საბინაო წიგნის ჩანაწერებით, შპს „აჭარის ენერგოკომპანიის“ მიერ გაცემული ცნობითა და გადასახადის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ 1952 წლიდან ც. ც-ძე ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე სახლის მესაკუთრე ე. ჩ-დთან შეთანხმებით საცხოვრებლად გადავიდა და ამ დროიდან ფაქტობრივად ფლობს აღნიშნული სახლის 32 კვ.მ-ს. იგი რეგისტრირებულია საბინაო წიგნში და წლების განმავლობაში იხდის ყველა კომუნალურ გადასახადს.
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემულ განმარტებაში, ისე სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება. ც. ც-ძე წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, ამდენად, პალატის მითითებით, მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე ც. ც-ძის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება 2006 წელს გარდაცვლილი ე. ჩ-დის სახელზე.
სასამართლომ სამკვიდრო მოწმობით დაადგინა, რომ ე. ჩ-დის სამკვიდრო ქონება, მათ შორის, ქ.ბათუმში, ... ქ¹7-ში მდებარე სახლი მემკვიდრეობით მიიღო მისმა მეუღლე ა. ჩ-დმა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში და შვილებმა _ ს. ც-იდუმ და დ. ს-ამ.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ 2009 წლის 9 ივლისს გაცემული დასკვნის თანახმად, ც. ც-ძის მიერ დაკავებული სადგომის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 672 ლარს. პალატამ დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში თანამოპასუხედ ჩართული ს. ც-იდუსა და დ. ს-ას წარმომადგენელი დაეთანხმა ა.ჩ-დის მიერ, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელს და ახალი შესაგებელი არ წარუდგენია. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილით, განცხადებითა და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით პალატამ გამოარკვია, რომ სარჩელის წარდგენამდე, 2008 წლის 9 აგვისტოს ც. ც-ძემ საბერძნეთის რესპუბლიკაში შეტყობინება გაუგზავნა ე. ჩ-დს და, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შესთავაზა ფართის სანაცვლოდ თანხის გადახდა. აღნიშნული განცხადება ე. ჩ-დის მემკვიდრეს – მეუღლე ა. ჩ-დს ჩაბარდა 2008 წლის 18 აგვისტოს, თუმცა პასუხი ამ შეტყობინებაზე არ გაუცია.
საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ირიცხება ა. ჩ-დის, ს. ც-იდუსა და დ. ს-ას საკუთრებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 მუხლით, მე-2 მუხლის მესამე პუნქტით, ამავე მუხლის მე-6 და მესამე პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, მე-4 და 131-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოპასუხის აღიარების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე 32 კვ.მ-ის მოსარგებლეს წარმოადგენდა ც. ც-ძე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მესაკუთრეს აქვს უპირატესი უფლება, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში, მაგრამ, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე, მას შემდეგ მოსარგებლე უფლებამოსილია, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. პალატის მითითებით, თუ მესაკუთრეს მოსარგებლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრული არა აქვს, ხოლო მოსარგებლე სასარჩელო წესით დავობს თავისი უფლების თაობაზე, მხოლოდ მესაკუთრის ახსნა-განმარტებები განსახილველი კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის მზადყოფნის შესახებ არ შეიძლება გახდეს მოსარგებლის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მესაკუთრე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული უფლების იძულებით გამოყენებაზე უარს ამბობს, რაც თავისთავად იწვევს ამავე კანონის მე-2 მუხლის მეექვსე პუნქტით მოსარგებლისათვის მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ჩ-დს, დ. ს-ასა და ს. ც-იდუს, როგორც საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის მემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებს, შეეძლოთ მოსარგებლის მიერ სარჩელის აღძვრისას წარედგინათ შეგებებული სარჩელი, თავისი უფლების რეალიზაციის მიზნით, რაც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არ განუხორციელებიათ, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ წარდგენილი ასეთი სარჩელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებში ვერ მოექცევა და მისი შეცვლის საფუძველი ვერ გახდება.
ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლება და გააჭიანურა მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ მოსარგებლისათვის საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის შესახებ, რადგან მას აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის დანაწესით შესაძლებლობა ეძლევა 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ უპირობოდ მოსთხოვოს აპელანტს აღნიშნულ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრე ე. ჩ-დის მემკვიდრემ, მეუღლე ა. ჩ-დმა ჯერ კიდევ 2008 წლის 18 აგვისტოს შეიტყო მოსარგებლის სურვილი, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მესაკუთრესთან ურთიერთობა მოეწესრიგებინა, თუმცა მოსარგებლის მოთხოვნას არ უპასუხა. პალატამ მიიჩნია,¸რომ ასეთ ვითარებაში გამართლებულია მოსარგებლის მოთხოვნა, მესაკუთრედ აღიარების სანაცვლოდ თვითონ გადაეხადა მესაკუთრისათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ დღეისათვის ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე სახლთმფლობელობაში ე. ჩ-დის სამკვიდრო აღრიცხულია ა. ჩ-დის, ს. ც-იდუსა და დ. ს-ას საკუთრებაში, ამასთან, ც. ც-ძის მიერ დაკავებული 32 კვ.მ ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 21504 ლარს, ხოლო მისი 25%-ის ღირებულება _ 5376 ლარს. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნული თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჩ-დის, ს. ც-იდუსა და დ. ს-ას წარმომადგენელმა დ. შ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: დ. ს-ას და ს. ც-იდუს მიმართ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პირველი ინსტანციით, რაც დაუშვებელია. მათ არ გაეგზავნათ ც. ც-ძის სარჩელის, სააპელაციო საჩივრისა და მასზე შეტანილი შესაგებლის ასლები.
სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა კასატორის მითითება, რომ სადავო ფართში მოსარჩელეების ჩაწერაზე მესაკუთრე ე. ჩ-დის თანხმობა არ არსებობდა. ამასთან, ე.ჩ-დის გარდა სადავო ფართი ეკუთვნოდა კიდევ ორ მესაკუთრეს _ ჩ-ავასა და ს-ძეს, შესაბამისად, შესაძლებელია მათ ჩაეწერათ მოსარგებლეები. მოსარგებლეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, სახლმფლობელობის 14 ოთახიდან კონკრეტულად რომელ და რა ოდენობის ფართში იყვნენ ჩაწერილები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ამ პირობის გარეშე არ შეიძლებოდა პირის ფართში ჩაწერილად მიჩნევა და მასზე “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის” სპეციალური კანონით განსაზღვრული მოსარგებლის სტატუსის გავრცელება.
სასამართლომ არ გამოიკვლია სადავო ფართში მოწინააღმდეგე მხარეთა სხვადასხვა დროს რეგისტრაციის კანონიერება. ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ოლღა კ-ლი 1975 წელს გარდაიცვალა, ხოლო მის მემკვიდრე ე. ჩ-დს მემკვიდრეობის გაფორმების შემდგომ ბათუმში აღარ უცხოვრია, ამდენად, სადავო პირები მისი თანხმობით ბინაში ვერ ჩაეწერებოდნენ. მოცემულ საქმეში მოქალაქეთა რეგისტრაციის უკანონობის ფაქტს ამყარებს სრს ბათუმის სამსახურიდან მიღებული მასალების ანალიზი, კერძოდ, სარეგისტრაციო ბარათებით ე.წ. ფორმა ¹1-ით დასტურდება, რომ მოქალაქე ც. ც-ძე ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში ჩაეწერა 1995 წლის 26 სექტემბერს. სარეგისტრაციო ბარათზე აღინიშნება სამკუთხა ფორმის შტამპი, რომელიც ეკუთვნოდა 1975 წელს გარდაცვლილ ო. კ-ლის. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 1977 წლის შემდგომ ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე სახლთმფლობელობის მესაკუთრეს წარმოადგენდა ე. ჩ-დი, პირის საცხოვრებელ ფართში რეგისტრაცია გარდაცვლილი მესაკუთრის კუთვნილი შტამპით ვერ მოხდებოდა. არასათანადოდაა შედგენილი სხვა საბინაო წიგნებიც. ამდენად, ე. ჩ-დის კუთვნილ ქ.ბათუმში, ... ქ.¹7-ში მცხოვრებმა პირებმა აღნიშნული ფართის ფლობის უფლება უკანონოდ მოიპოვეს.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა ც. ც-ძის რეგისტრაციის თაობაზე ე.წ საბინაო წიგნის ჩანაწერი, ასევე მის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრები და უკანონოდ არ დაავალა მხარეს საბინაო წიგნის დედნის წარმოდგენა. ამასთან, ც.ც-ძის მიერ წარმოდგენილი ქვითრები იყო გადაუხდელი, საეჭვოდ და ბუნდოვნად იკითხებოდა, რის გამოც სასამართლოს ისინი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ჩაეთვალა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ჩ-დმა 1995 წელს გარიგება დადო ც. ც-ძესთან და იგი ჩაწერა თავის საკუთრებაში. ე.ჩ-დს ც.ც-ძესთან არანაირი ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდია და ეს პირი ე.წ ფორმა ¹1-ში და საბინაო წიგნში გაყალბებული შტამპებით არის ჩაწერილი, კერძოდ, საპასპორტო სამსახურის მიერ შევსებული ც. ც-ძის პირადი აღრიცხვის ბარათში მესაკუთრის გრაფაში დასმულია იმ მომენტისათვის გარდაცვლილი კ-ლი ო. შტამპი, ... ქ.¹7-ში ო. კ-ლის სამკვიდრო ქონება კი იყო არა კ-ლის, არამედ მისი მემკვიდრის _ ე. ჩ-დის საკუთრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით ა. ჩ-დის, ს. ც-იდუსა და დ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ჩ-დის, ს. ც-იდუსა და დ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის მიერ უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის სათანადო კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მის მიერ დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მეექვსე პუნქტს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ჩ-დის, ს. ც-იდუსა და დ. საკას უნდა დაუბრუნდეთ 2010 წლის 25 ივნისს გ. რ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ჩ-დის, ს. ც-იდუსა და დ. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ა. ჩ-დის, ს. ც-იდუსა და დ. ს-ას დაუბრუნდეთ 2010 წლის 25 ივნისს გ. რ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 70 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.