¹ას-477-451-2011 6 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. დ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ბ-ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ-ვას მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი ნ. დ-ძის სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების, ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, როგორც პირველი რიგის მემკვიდრისათვის, ქ.თბილისში, ... ... მე-... კვარტლის მე-15 კორპუსში მდებარე ¹20½ბინის ½-ის მიკუთვნებისა და ნოტარიუს ნ. ც-ძის მიერ 2009 წლის 21 აგვისტოს ბ. ბ-ვას სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
მოსარჩელის განმარტებით, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა ისეთი გარემოებები, რომლებიც პატივსადებია და არ აძლევდა შესაძლებლობას, არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით განეხორციელებინა მოქმედებები სამკვიდროს მისაღებად, კერძოდ, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში მას ჰქონდა მძიმე ოჯახური მდგომარეობა ასევე იყო დაავადებული, იმყოფებოდა საავადმყოფოში ვინაიდან ჰქონდა მწვავე ინფარქტი. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე ლ. ვ-ძე, რომელიც ასევე მძიმე ავადმყოფია, იგი დაავადებულია ინსულტის მძიმე ფორმით (რეინსულტი) დამოუკიდებლად არ შეუძლია არსებობა, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, რომელსაც უწევს მოსარჩელე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
ბ. ბ-ვას მტკიცებით, არ არსებობს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის საპატიოდ ცნობის საფუძველი, გარდა ამისა, ნ. დ-ძემ სადავო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა მისი ბებიისგან, რ. დ-ძის დედის მარგალიტა აჭარაძისაგან, ვინაიდან ამ უკანასკნელს არ სურდა მისი შვილისათვის _ რ. დ-ძისათვის გადაეცა სადავო უძრავი ქონება. აღნიშნული ბინა მოპასუხის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. დ-ძის მიერ შვილის _ ნ. დ-ძის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება საპატიოდ იქნა მიჩნეული და რ. დ-ძე ცნობილ იქნა ბ. ბ-ვას საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ... ... მე-... კვარტლის ¹15 კორპუსში მდებარე ¹20 ბინის 1/2 წილის მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ვამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ. დ-ძის სარჩელი ბ. ბ-ვას მიმართ არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ-ძის სამკვიდრო 2009 წლის 18 თებერვალს გაიხსნა და მისი მიღების 6-თვიანი ვადა 2009 წლის 18 აგვისტოს ამოიწურა. ნ. დ-ძის მამა _ რ. დ-ძე 2009 წლის 11 ივნისიდან 13 ივნისამდე მოთავსებული იყო სტაციონარში, ამ პერიოდისათვის გაუარესებული იყო ასევე მისი მეუღლის _ ლ. ვ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რ. დ-ძემ სამკვიდროს მისაღებად სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისს მიმართა. სასამართლომ გაიზიარა ბ. ბ-ვას მოსაზრება, რომ სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიან პერიოდში რ. დ-ძეს სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა ჰქონდა როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. პალატის განმარტებით, მართალია, სარწმუნოდ დასტურდება რ. დ-ძისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტი, თუმცა, დადგენილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესება უკავშირდება დროის მხოლოდ განსაზღვრულ მონაკვეთს, რაც სრულად არ ფარავს სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებულ 6-თვიან პერიოდს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად რ. დ-ძის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, იგი არ იყო სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენის შესაძლებლობას მოკლებული როგორც ობიექტური საფუძვლებით, ასევე სუბიქტური გარემოებებიდან გამომდინარე.
რ. დ-ძე ცხოვრობს სრულწლოვან შვილთან ერთად, რომელსაც ჰყავს ოჯახი, ამდენად, რ. დ-ძეს სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა წარმომადგენლის მეშვეობითაც ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ადგენს, რომ სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნას ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება, თავის მხრივ, ცალმხრივი სამოქალაქო სამართლებრივიგარიგებაა. გარიგება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას, მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადას. სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში სამკვიდროს მიღების ნების გამოუხატველობა ქმნის სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ქარწყლდება მემკვიდრის უფლება, სხვა მემკვიდრეების თანხმობის გარეშე, მიიღოს სამკვიდრო. გარდა ამისა, სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში მემკვიდრის ნების არსებობაზე აპელირება, არამედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ფორმალური საფუძველი _ ნების გამოვლენის შეუძლებლობის დადასტურება. ფორმალური საფუძველი მხოლოდ მაშინ არ მიიღება მხედველობაში, როდესაც 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ვადის გამშვები მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე სხვა მემკვიდრეები განაცხადებენ თანხმობას. მოცემულ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სხვა მემკვიდრე აპელანტი ბ. ბ-ვაა, რომელიც არ ეთანხმება რ. დ-ძის მიერ სამკვიდროდან წილის მიღებას. სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი იძლევა სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოა. მითითებულ ნორმაში საუბარია 6-თვიანი ვადის სრულად გაშვების საპატიოობაზე და არა სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიან პერიოდში დროის გარკვეული მონაკვეთის საპატიოობაზე. ვადის გადაცილების საპატიოობა გულისხმობს ისეთი ობიექტური და სუბიექტური გარემოებების ერთობლიობას, რომლებიც გამორიცხავს პირის მიერ სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენის შესაძლებლობას.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირმა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს უნდა მიმართოს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის ამოწურვისთანავე, დაუყოვნებლივ, ამასთან იგულისხმება, რომ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის მანძილზე ნების გამოვლენა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი იყო და სამკვიდროს მიღებაზე ნების გამოვლენის შეუძლებლობის საფუძველი სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ამოიწურა. ვადის გაშვების საპატიო საფუძვლები უნდა არსებობდეს არა მხოლოდ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, არამედ სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის ამოწურვიდან ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ის სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ერთობლიობა, რომელსაც სასამართლო რ. დ-ძის მიერ სამკვიდროს მისაღებად ნების გამოვლენისათვის დამაბრკოლებელ გარემოებებად მიიჩნევდა, როგორც სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიანი ვადის ამოწურვამდე, ასევე აღნიშნული ვადის ამოწურვიდან სასამართლოსათვის მიმართვამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი და არასწორად აღნიშნა, რომ ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ექვსთვიანი ვადის სრულად გაშვების საპატიოობა და არა ექვსთვიან პერიოდში გარკვეული მონაკვეთების საპატიოობა. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ 6-თვიანი ვადის გაშვება სრულად მიიჩნევა საპატიოდ, თუ ამ დროის გარკვეული მონაკვეთის გაშვება ჩაითვლება საპატიოდ. ცხადია, საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს დადგენილი ვადა, თუ პირს არ ჰქონდა საშუალება, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მიემართა სამკვიდროს მიღების შესახებ, როგორც სამკვიდროს გახსნიდან მთელი 6 თვის განმავლობაში, ისე ამ ვადის ამოწურვამდე. სასამართლო ვერ უარყოფს კასატორის ნების ნამდვილობას სამკვიდროს მიღების თაობაზე, თუმცა ამ ნების გამოვლენა არ შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი ვადით, არამედ ნების გამოვლენა დასაშვებია ამ ვადის გასვლის შემდეგაც. აღნიშნული დასტურდება კანონმდებლობით სამკვიდროს ვადის საპატიოდ მიჩნევის ინსტიტუტის შემოღებით. თუმცა, კასატორის მიერ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენის არსებობის ფაქტს არს სააპელაციო პალატა უარყოფს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
სასამართლოს მითითება, რომ მემკვიდრის მიერ გაშვებული ვადის საპატიდ მიჩნევის მოთხოვნა საფუძვლიანია მხოლოდ მაშინ, თუ მას მთელი ექვსი თვის განმავლობაში და ამ ვადის გასვლიდან ნოტარიუსისათვის მიმართვამდე გასულ ვადაში საპატიო მიზეზით არ შეეძლოს გამოევლინა ნება, არასწორია, ასეთ დანაწესს კანონი არ ითვალისწინებს.
სამოქალაქო კოდექის 1426-ე მუხლის მე-2 ნაწილი სწორედ ამ ურთიერთობას არეგულირებს, რის გამოც სასამართლოს დასკვნა, რომ კასატორისა და მისი მეუღლის მძიმე ავადმყოფიბა, ასევე ის ფაქტი, რომ ცხოვრობს სრულწლოვან შვილთან ერთად და შეეძლო სამკვიდრო წარმომადგენლის მეშვეობით მიეღო, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
კასატორის მტკიცებით, ის სამკვიდროს გახსნის დღიდან და შემდეგ პერიოდში ავადმყოფობდა, ასევე ავად იყო სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის ამოწურვის დროსაც, აღნიშნული მდგომარეობა მეტად გაართულა რ. დ-ძის მეუღლის ავადმყოფობამაც. კასატორის მითითებით, სასამართლოს აღნიშვნა, რომ მას სრულწლოვანი შვილის მეშვეობით შეეძლო სამკვიდროს მიღება, უსაფუძვლოა, რადგანაც რ.დ-ძის შვილი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია და არ აქვს თავისუფალი დრო, ხოლო რ.დ-ძის რძალი კასატორთან დაძაბული ურთიერთობის გამო მისი წარმომადგენელი ვერ გახდებოდა.
სინამდვილეს არ შეესაბამება ბ. ბ-ვას ზეპირი განმარტებები, რომ რ. დ-ძე მუშაობს, რადგანაც რ.დ-ძე 2005 წლიდან იმყოფება პენსიაზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით რ. დ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, კასატორმა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განსაზღვრა 17000 ლარით, ხოლო წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემული საქმის მასალებით დავის საგნის ღირებულება უტყუარად არ ირკვევა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად კი, მისი საგნის ღირებულება 17000 ლარია, რასაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იზიარებს საკასაციო სასამართლო, შესაბამისად, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 850 ლარია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 4 პრილის განჩინებით რ. დ-ძეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 700 ლარის გადახდა, ხოლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება სახელმწიფო ბაჟის 30%, აღნიშნული თანხა უნდა განისაზღვროს 225 ლარით (850X30%), იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორს უკვე გადახდილი აქვს 150 ლარი, ხოლო დანარჩენი ნაწილი გადავადებული საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, პალატა მიიჩნევს, რომ რ. დ-ძეს დამატებით უნდა დაეკისროს 75 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა (225-150).
კასატორ რ. დ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (ტ.II, ს.ფ.57-59), რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ რ.დ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. რ. დ-ძეს (პირადი ¹...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე». რ. დ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 3 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.