Facebook Twitter

ას-478-452-2011 14 ივნისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

სხდომის მდივანი _ლ. სანიკიძე

კასატორი _ ნ. ნ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ჭ. ვ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. გ-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – თ. ა-ძე, ი. ა-ია

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ აუცილებელი გზის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ-ძისა და რ. ი-ელის მიმართ აუცილებელი გზის აღდგენის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ..., ... გამზირ ¹12-ში მდებარე 706 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 2008 წლის 12 დეკემბრამდე იმყოფებოდა მოპასუხე რ. ი-ელის საკუთრებაში. როდესაც 200 კვ.მ. არ მიჰყიდა მოსარჩელე ც. გ-ძეს, ხოლო 2009 წლის 1 იანვარს კი, დარჩენილი 506 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაასხვისა მოპასუხე ნ. ნ-ძის სახელზე. აღნიშნული ნაკვეთები დღემდე დაკავშირებულია ერთმანეთთან ისე, რომ მათ გამყოფი მიჯნაც კი არ აქვთ. არსებული წერილობითი შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელესა და მოპასუხე რ. ი-ელს შორის 200 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჰქონდა დამაკავშირებელი მისასვლელი გზა ... ქუჩის მხრიდან მოპასუხე ნ-ძის მიწის ნაკვეთის გავლით და ამ ორ ნაკვეთს შორის მისასვლელი გზა რჩებოდა მხარეთა საერთო სარგებლობაში გასხვისების შემთხვევაშიც. მოპასუხე ნ. ნ-ძე თავიდანვე ინფორმირებული იყო მისასვლელი გზის თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს მეზობლების კოლექტიური განცხადება, მაგრამ ამჟამად, როდესაც გაიფორმა 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, დაისაკუთრა ის ფართიც, რაც შეთანხმების მიხედვით უნდა ყოფილიყო საერთო სარგებლობაში. ც. გ-ძის ნაკვეთი დღემდე რჩება იზოლირებული საჯარო გზიდან და იგი ვერ ახერხებს ამ ნაკვეთზე მშენებლობის წარმოებას, სხვა დამაკავშირებელი გზა კი, ნაკვეთს არ გააჩნია.

მოპასუხე ნ. ნ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: სახლისა და 506 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის დროს მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო მიწის საერთო სარგებლობის გზის დატოვებაზე შეთანხმების შესახებ. არც მოპასუხე რ. ი-ელს გაუფრთხილებია და არც საჯარო რეესტრში ყოფილა რეგისტრირებული ასეთი შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ შეიძენდა ასეთ ქონებას. იგი მხოლოდ იპოთეკით იყო დატვირთული და, შესაბამისად, მან იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულება შეასრულა. იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენსა და მესაკუთრეს. გარდა ამისა, აღნიშნული ნაკვეთი და მისი მომიჯნავე რ-შვილის ნაკვეთები არის ერთი ოჯახის წევრების საკუთრება და ამ ნაკვეთს აქვს მისასვლელი ... ქუჩიდან. თავის დროზე ეს 200 კვ.მ. ც. გ-ძის ოჯახმა შეიძინა თავისი ნაკვეთის გასაფართოებლად და მხოლოდ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ გააჩუქა 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რათა ხელში ჩაეგდო ... ქუჩიდან მისასვლელი მოსარჩელის ხარჯზე.

მოპასუხე რ. ი-ელის განმარტებით, მოპასუხე ნ. ნ-ძე თავად უნდა მიმხვდარიყო, როცა ნაკვეთს ყიდულობდა, რომ მის მეზობლად მდებარე 200 კვ.მ ნაკვეთს სჭირდებოდა მისასვლელი გზა. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში იყო თუ არა ჩაწერილი გზის საერთო სარგებლობაში დატოვების შესახებ შეთანხმება, მან არ იცის, რადგან ცუდად ხედავს. ხელშეკრულება არც კი წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ც. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ც. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ც. გ-ძეს უარი ეთქვა მოპასუხე ნ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული ... , ... გამზირ ¹12 -ში მდებარე, 506 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, იმავე მისამართზე ც. გ-ძის საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთისთვის აუცილებელი მისასვლელი სამანქანე გზის გამოყოფასა და მხარეთა საერთო სარგებლობაში დატოვებაზე. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: რ. ი-ელმა თავის საკუთრებაში არსებული ..., ... გამზირ ¹12-ში მდებარე 706 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 2008 წლის 1 დეკემბერს 200 კვ.მ გაასხვისა და ამჟამად იგი აღრიცხულია მოსარჩელე ც. გ-ძის საკუთრებაში, 2009 წლის 12 იანვარს კი, მან დარჩენილი 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა მოპასუხე ნ. ნ-ძეს, რომელიც ირიცხება მის სახელზე. მოსარჩელესა და რ. ი-ელს შორის 2008 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვით ც. გ-ძის მიერ ნაყიდ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჰქონდა დამაკავშირებელი მისასვლელი გზა ... ქუჩის მხრიდან და ამ ორ ნაკვეთს შორის მისასვლელი გზა რჩებოდა მხარეთა საერთო სარგებლობაში გასხვისების შემთხვევაშიც. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებიათ ც. გ-ძის მიერ 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენის დროისათვის მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი რომელიც ასევე იყო ც. გ-ძის საკუთრებაში, მდებარეობდა ..., ... ქ.¹15-ში, რომელიც მოგვიანებით აჩუქა თავის შვილ ი. რ-შვილს. ც. გ-ძის საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკავშირება საჯარო გზებთან შესაძლებელია როგორც ... ქუჩასთან მოპასუხე ნ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით, ასევე ... ქუჩასთან მისი მომიჯნავე ი. რ-შვილის საკუთრებაში აღრიცხული ნაკვეთიდანაც მხოლოდ შენობა- ნაგებობების დემონტაჟის ხარჯზე. ც. გ-ძის მეზობლების კოლექტიური ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მის მიერ ნაყიდი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზა უნდა ყოფილიყო ... ქუჩიდან, ეს ცნობილი იყო მყიდველისა და გამყიდველისთვისაც, გზის საერთო სარგებლობაში დარჩენის შესახებ მოლაპარაკება შედგა 2009 წლის მარტში, რასაც დაეთანხმა ნ-ძე. რ. ი-ელმა ც. გ-ძეს მიჰყიდა 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მათ შორის იყო დამატებითი ზეპირი შეთანხმება, რომ ც.გ-ძე ისარგებლებდა რ. ი-ელის საკუთრებაში არსებული 506 კვ.მ მიწის ნაკვეთში შემავალი საერთო სარგებლობის გზით, რომელიც შეადგენდა 69 კვ.მ.-ს.

პალატამ განმარტა, რომ მანამდე ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრე რ ი-ელი იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, როდესაც მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ნ. ნ-ძეს უთხრა, რომ რ-შვილს მიჰყიდა საერთო სარგებლობის პირობით, 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შესასვლელი გზით, რაზეც ნ. ნ-ძე დაეთანხმა ანუ ნ. ნ-ძემ იცოდა საერთო სარგებლობის შესასვლელი გზის არსებობის თაობაზე, ამას არც თვითონ უარყოფს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საერთო სარგებლობის 69 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება რ. ი-ელს ნ. ნ-ძისაგან არ აუღია, რაც მოწმობს იმაზე, რომ ნ. ნ-ძისათვის ცნობილი იყო, რომ ამ მიწის ნაკვეთით უნდა ესარგებლა ც. გ-ძესაც და მასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ნ-ძე აპელანტს საერთო სარგებლობის გზით სარგებლობაში ხელს უშლის, რითაც ც. გ-ძის მიწის ნაკვეთს ... ქუჩის მხრიდან ერთმევა სახლთან დამაკავშირებელი გზის სარგებლობის უფლება.

პალატამ განმარტა, რომ, მიუხედავად იმისა, სადავო ნაკვეთი არის ნ. ნ-ძის საკუთრება, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი საკუთრებასაც კი, ბოჭავს იმ მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ, რომელსაც სახლთან მისასვლელი აუცილებელი კავშირი არა აქვს, შესაბამისად, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, დაუშვებელია. მესაკუთრეც კი ვალდებულია, ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე მეზობლის მიმოსვლა, რადგან მას შეეძლოს და არ შეეზღუდოს სახლთან დაკავშირება. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ... ქუჩიდან აპელანტს შეუძლია გააკეთოს სამანქანე გზა, თუკი მოხდება ი. რ-შვილის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ... ქუჩა არის ... ქუჩის მომიჯნავე, ... ქუჩა ¹15-ში ცხოვრობს ი. რ-შვილი და მისი საკუთრებაა, ამასთან თუკი, იქ არსებული ნაგებობების დემონტაჟი არ მოხდება, შეუძლებელია ისე ც. გ-ძის სახლთან მისვლა, რაც ალოგიკურია, მაშინ, როცა აპელანტის სახლის მისამართია ..., ... ქ.¹12, მას აუცილებელი მისასვლელი გზა უნდა გაუკეთდეს სწორედ ... და არა ... ქუჩიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლს. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა ექსპერტიზის დასკვნა და ჩვენება. ექსპერტმა პასუხი გასცა ორივე მხარის შეკითხვებზე. ექსპერტი განმარტავს, რომ ..., ... ქ.¹15-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან ..., ... გამზირ 12-ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთს უკავშირდებიან მათ შორის არსებული ბეტონის გამმიჯნავ კედელში არსებული კარის საშუალებით, რომლის სიგანე 1.0-1.4 მეტრია. სამანქანე გზის გაკეთება შესაძლებელია, ... ქ.¹15-ში არსებული დამხმარე შენობის ნაწილობრივ დემონტაჟის ხარჯზე. მოსარჩელის მიერ მითითებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი მან შეიძინა და მიუერთა ..., ... ქ.¹15-ში მდებარე მიწის ნაკვეთს დასავლეთით. ექსპერტიზის დასკვნიდან ჩანს, რომ „ც. გ-ძის საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც მდებარეობს ... გამზ.¹12-ში, ... ქ.¹15-თან დაკავშირება შესაძლებელია მათ შორის ბეტონის გამმიჯნავი ღობის სიბრტყეში არსებული რკინის კარებიდან, საიდანაც 1.0-1.4 მეტრი სიგანის გასასვლელია ეზოში შესაბამისად ... ქუჩაზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით მას ჩამოართვა საკუთრება, გადაუკეტა ერთადერთი შესასვლელი ჭიშკარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მან იცოდა საერთო გზის შესახებ და 69 კვ.მ მიწის ნაკვეთი რ.ი-ელს არ გაუყიდია. გაუგებარია, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე ასკვნის სასამართლო, როცა საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ნასყიდობის ხელშეკრულება, საიდანაც დასტურდება საპირისპირო გარემოებები, მიწის ნაკვეთი არ იყო დატვირთული ვალდებულებებით და ნასყიდობის ხელშეკრულებაში კონკრეტულად არის მითითებული მიწის ნაკვეთის ღირებულება და ფართი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლი 23 მაისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი და 2011 წლის 14 ივნისს დაინიშნა სასამართლო სხდომა. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. ნ. ნ-ძე კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს ც. გ-ძეს 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი 2011 წლის 15 დეკემბრამდე;

2. აღნიშნული თანხის გადახდის სანაცვლოდ ც. გ-ძე იღებს ვალდებულებას, გადასცეს ნ. ნ-ძეს მის საკუთრებაში არსებული 200კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ... გამზ.¹12ა-ში.

3. ც. გ-ძე თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ..., ... გამზ.¹12ა-ში, არ გაასხვისოს და არ დატვირთოს უფლებრივად 2011 წლის 15 დეკემბრამდე. ამავდროულად თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში გადასცეს ნ. ნ-ძეს მიწის ნაკვეთი უნაკლო მდგომარეობაში;

4. ნ. ნ-ძის მიერ თანხის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ნ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული 506 კვ.მ-დან მიწის ნაკვეთიდან გამოიყოს 69 კვ.მ მიწის ნაკვეთი ც. გ-ძის საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ... გამზირის მხრიდან დასაკავშირებლად და აღნიშნული გზა დარჩეს მხარეთა საერთო სარგებლობაში. მიწის ნაკვეთის, საავტომობილო გზად გამოყენების სანაცვლოდ, ც. გ-ძე გადაიხდის 3500 აშშ დოლარს ორი (2) თვის ვადაში;

5. ც. გ-ძის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში (... ¹12ა-ში, მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის უფლებრივად დატვირთვის შემთხვევაში), მას ნ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული 69 კვ.მ მიწის ნაკვეთზე პრეტენზია აღარ ექნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება..

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომადე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ძეს დაუბრუნდეს ჭ. ვ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ნ. ნ-ძესა და ც. გ-ძეს შორის შემდეგი პირობით:

1. ნ. ნ-ძე კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს ც. გ-ძეს 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი 2011 წლის 15 დეკემბრამდე;

2. აღნიშნული თანხის გადახდის სანაცვლოდ ც. გ-ძე იღებს ვალდებულებას, გადასცეს ნ. ნ-ძეს მის საკუთრებაში არსებული 200კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ... გამზ.¹12ა-ში.

3. ც. გ-ძე თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ... გამზ.¹12ა-ში, არ გაასხვისოს და არ დატვირთოს უფლებრივად 2011 წლის 15 დეკემბრამდე. ამავდროულად თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში გადასცეს ნ. ნ-ძეს მიწის ნაკვეთი უნაკლო მდგომარეობაში;

4. ნ. ნ-ძის მიერ თანხის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ნ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული 506 კვ.მ-დან მიწის ნაკვეთიდან გამოიყოს 69 კვ.მ მიწის ნაკვეთი ც. გ-ძის საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ... გამზირის მხრიდან დასაკავშირებლად და აღნიშნული გზა დარჩეს მხარეთა საერთო სარგებლობაში. მიწის ნაკვეთის, საავტომობილო გზად გამოყენების სანაცვლოდ, ც. გ-ძე გადაიხდის 3500 აშშ დოლარს ორი (2) თვის ვადაში;

5. ც. გ-ძის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში (... გამზ. ¹12ა-ში, მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის უფლებრივად დატვირთვის შემთხვევაში), მას ნ. ნ-ძის საკუთრებაში არსებული 69 კვ.მ მიწის ნაკვეთზე პრეტენზია აღარ ექნება.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ც. გ-ძის სარჩელისა გამო ნ. ნ-ძის მიმართ აუცილებელი გზის აღდგენის თაობაზე;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები;

ნ. ნ-ძეს დაუბრუნდეს ჭ. ვ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.