Facebook Twitter

ას-481-451-2010 20 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. შ-იას უფლებამონაცვლე გ. შ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. შ-იას უფლებამონაცვლე თა. შ-ია, დ. შ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მასში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. და დ. შ-იებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. შ-იასა და ნოტარიუს მ. ჯ-შვილის მიმართ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის, ქ.ბათუმში, .........-ისა და ......... ქ¹111/33-ში მდებარე უძრავი ნივთის 2/3-ის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ამორიცხვისა და შესაბამისი ცვლილების განხორციელების მოთხოვნით.

ნ. შ-იამ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისისა და 7 ივლისის განჩინებებით მოცემულ დავაში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაებნენ ლ. კ-ძე და ტ. ყ-უა. ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებით ნ. შ-იას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. შ-ია, ხოლო 8 ივნისის განჩინებებით თ. შ-იას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თა. შ-ია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. შ-იას უფლებამონაცვლე თა. შ-იასა და დ. შ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ. ჯ-შვილს მიერ 2005 წლის 5 ოქტომბერს მიღებული სანოტარო აქტი ნ.შ-იას მიერ მემკვიდრეობის მიღების თაობაზე სამკვიდრო ქონების 228კვ.მ მიწის ნაკვეთის 2/3 ნაწილში და დასახელებული სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნენ მოსარჩელეები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით გ.შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-იას უფლებამონაცვლე გ. შ-იას წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ნ. შ-იას უფლებამონაცვლე გ. შ-იას დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის _ 1000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, მარწმუნებლის მიერ ა.ბ-იას სახელზე გაცემული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ა.ბ-აიას ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა.ბ-აიამ განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გ.შ-ია იმყოფება შორეულ ნაოსნობაში და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის _ 1000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, მარწმუნებლის მიერ ა.ბ-იას სახელზე გაცემული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ა.ბ-აიას ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე და ადესატს ჩაბარდა 2010 წლის 2 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში გ.შ-იას მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-იას უფლებამონაცვლე გ. შ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დავის მიმართ დაკარგა ინტერესი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის _ 1000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, მარწმუნებლის მიერ ა.ბ-იას სახელზე გაცემული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ა.ბ-აიას ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა გ.შ-იას ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგი.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 2 ივლისს (იხ. ს.ფ.399).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი უწყების (შეტყობინების) ჩამბარებელმა ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე და შეტყობინება ჩააბარა მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამდენად, კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 3 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივლისს, აღნიშნულ ვადაში მხარეს სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს და არც ხარვეზი გამოუსწორებია, რაც ნ. შ-იას უფლებამონაცვლე გ. შ-იას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. შ-იას უფლებამონაცვლე გ. შ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.