Facebook Twitter

ას-48-47-2010 1 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი ა. უ-ერი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს “თბილხელსაწყო”, წარმომადგენელი თ. ე-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოპასუხე სს “თბილხელსაწყოს” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 22 098.95 ლარის დაკისრება.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “თბილხელსაწყოს” შორის დაიდო ხელშეკრულება სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე. ამ ხელშეკრულებით მოპასუხეს ფინანსთა სამინისტროს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა მოეხდინა არსებული ლიფტების მოდერნიზაცია, ძველი ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი. თავის მხრივ, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც სავარაუდოდ განისაზღვრა 480 000 ლარით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს ვალდებულებები უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 270 დღისა პირველი საავანსო გადარიცხვიდან. პირველი საავანსო გადარიცხვა განხორციელდა 2006 წლის 29 დეკემბერს. შესაბამისად, სს “თბილხელსაწყო” ვალდებული იყო სამუშაოები დაესრულებინა 2007 წლის 25 სექტემბრამდე. შესრულებული ვალდებულებები დასტურდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილ-ნაწილ და დაგვიანებით, კერძოდ: 2007 წლის 2 ნოემბერს, 2007 წლის 8 ნოემბერს, 2007 წლის 4 დეკემბერს და 2008 წლის 22 იანვარს. მითითებული ფაქტობრივი გარემოება დგინდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებით. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთს უფლება აქვს სს “თბილხელსაწყოს” ყოველ გადაცილებულ დღეზე დააკისროს საურავი შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. რამდენადაც სს “თბილხელსაწყომ” სამუშაოები შეასრულა ნაწილ-ნაწილ, მოსარჩელის აზრით, საურავი შემდეგნაირად უნდა გამოთვლილიყო: 2007 წლის 2 ნოემბერს შესრულებული სამუშაოებისათვის საურავის თანხა შეადგენდა 17 707.30 ლარს, 2007 წლის 8 ნოემბერს შესრულებული სამუშაოებისათვის _ 1 397.97 ლარს, 2007 წლის 3 დეკემბრამდე შესრულებული სამუშაოებისათვის _ 1 541.32 ლარს, ხოლო 2008 წლის 22 იანვარს შესრულებული სამუშაოებისათვის _ 1 452.39 ლარს. ჯამში საურავმა შეადგინა 22 098.95 ლარი (ტომი I, ს.ფ. 1-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 აპრილის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 20).

მოპასუხე სს “თბილხელსაწყომ” სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან 25.12.2006წ. დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 270 დღის განმავლობაში, მაგრამ ამ ვადაში არ დამთავრდა, რადგან თავად მოსარჩელემ ვერ შეასრულა ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. მართალია, დამკვეთმა პირველი საავანსო თანხა 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დროულად გადარიცხა, მაგრამ ხელშეკრულების იმავე პუნქტით გათვალისწინებული 60 000 აშშ დოლარი გადაირიცხა 41 დღის დაგვიანებით. ყოველივე ამან გამოიწვია ლიფტების დამზადების შეფერხება და აღნიშნული პროდუქცია 15 ივნისის ნაცვლად მიაწოდა 15 აგვისტოს. 2 ძველი ლიფტის დემონტაჟი და 2 ახალი ლიფტის მონტაჟი განხორციელდა და შესაბამისად, 232 991 ლარის ღირებულების სამუშაოები მიწოდებულ იქნა არა 2007 წლის 2 ნოემბერს, როგორც მოსარჩელე უთითებდა, არამედ _ 2007 წლის 19 ოქტომბერს. ამ გარემოებას ადასტურებდა დანართის სახით წარდგენილი მოპასუხის მიერ სამინისტროსათვის მიწერილი წერილები.

მოპასუხე ასევე უკანონოდ მიიჩნევდა 2007 წლის 8 ნოემბრისათვის განხორციელებული სამუშაოებისათვის (2 ახალი ლიფტის მიწოდება) პირგასამტეხლოს დაკისრებასაც, ვინაიდან სამინისტროს მიერ თანხის 41 დღის დაგვიანებით გადარიცხვის გამო მათ ფირმა “კონეს” (პროდუქციის დამამზადებელი) გვიან გადაურიცხეს თანხა, ხოლო ამ უკანასკნელმა ასევე გვიან დაამზადა და მიაწოდა ლიფტები. რაც შეეხებოდა 2 დარჩენილი ლიფტის სამონტაჟო სამუშაოების დაგვიანებით შესრულებას, აღნიშნულიც მთლიანად დამკვეთის ბრალეულობამ განაპირობა. მოპასუხე მზად იყო განკუთვნილ 100-ღიან ვადაში დაემთავრებინა სამუშაოები, თუმცა ამ პერიოდისათვის სამინისტროში გრძელდებოდა სარემონტო სამუშაოები და ძველი ლიფტების საშუალებით ხორციელდებოდა სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის ტრანსპორტირება. მოსარჩელეს არ ჰქონდა სამუშაო დერეფანი და საშუალება სამუშაოების წარმართვისათვის. ფინანსთა სამინისტრომ, მიუხედავად მოპასუხის არაერთი წერილობითი მიმართვისა, ისინი რეაგირების გარეშე დატოვა (ტომი I, ს.ფ. 26-35).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “თბილხელსაწყოს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 711.77 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

2006 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (დამკვეთი) და სს “თბილხელსაწყოს” (შემსრულებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის თანახმად, სს “თბილხელსაწყოს” ფინანსთა სამინისტროს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა განეხორციელებინა არსებული ლიფტების მოდერნიზაცია, ძველი ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი. სამუშაოს სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 480 000 ლარით. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 ქვეპუნქტის თანახმად, შემსრულებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა არა უგვიანეს 270 დღისა პირველი საავანსო გადარიცხვიდან, ხოლო 5.2 ქვეპუნქტის მიხედვით, სამუშაოს ყოველი ეტაპის და მთელი მოცულობის შესრულების დამთავრება დასტურდებოდა ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი საბუთით (ფორმა 2, ¹3). მხარეებმა შემსრულებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლო შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით;

ხელშეკრულების ბოლო ვადა იყო 2007 წლის 25 სექტემბერი. სს “თბილხელსაწყომ” ვალდებულებები შეასრულა ნაწილ-ნაწილ დაგვიანებით, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული 2007 წლის 2 ნოემბრის, 2007 წლის 8 ნოემბრის, 2007 წლის 4 დეკემბრისა და 2008 წლის 22 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტებით;

შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ფაქტი სადავო არ იყო. დამკვეთს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პრეტენზია არ განუცხადებია;

შემსრულებელს უნდა მოეხდინა 4 ძველი ლიფტის დემონტაჟი და 4 ახალი ლიფტის მონტაჟი ხელშეკრულების დანართში მითითებული თანმიმდევრობით;

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შემსრულებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მითითებით, ვადის გადაცილება მოხდა მოპასუხის ბრალით და მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა წარმოდგენილი გაანგარიშების მიხედვით. სს “თბილხელსაწყომ”, თავის მხრივ, განმარტა, რომ ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღოდა.

საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შემსრულებლის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა მოხდა მისგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზებით. ვადის გადაცილება გამოიწვია თავად მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ, რაც გამოიხატა დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულებით დადგენილი თანხის გადახდის დაგვიანებაში და ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევაში. ამ შემთხვევაში მხედველობაში იქნა მიღებული 60 000 აშშ დოლარის გვიან გადარიცხვა და შემსრულებლისათვის სამუშაო დერეფნის (ფრონტის) დროულად მიუცემლობა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშსწორების წესს და რომლის მიხედვით, ლიფტების დროულად დამზადებისა და კორპორაცია “კONE-ს” მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, დამკვეთი იღებდა ვალდებულებას, 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადაერიცხა შემსრულებლისათვის საბანკო გარანტიის წარდგენიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში _ სამუშაო ნახაზებისა და სპეციფიკის შეთანხმებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში _ თბილისში გადმოტვირთვის დღიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, პირველი გადარიცხვა მოსარჩელემ დროულად განახორციელა, ხოლო მეორე გადარიცხვა _ 60 000 აშშ დოლარი _ 41 დღის დაგვიანებით, 2007 წლის 3 იანვრის ნაცვლად 2007 წლის 13 თებერვალს. მეორე გადარიცხვის დაგვიანებას თავად მოსარჩელეც არ უარყოფდა. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მეორე გადარიცხვის დაგვიანებამ გამოიწვია ლიფტების დამზადების შეფერხება და ლიფტები თბილისში 2007 წლის 15 ივნისის ნაცვლად მიწოდებულ იქნა 2007 წლის 15 აგვისტოს. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2 ქვეპუნქტის მიხედვით, სამუშაოს ყოველი ეტაპის და მთელი მოცულობის შესრულების დამთავრება დასტურდება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი საბუთით (ფორმა ¹2, ¹3). ასეთი დოკუმენტი საქმეში წარდგენილი არ იყო.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სს “თბილხელსაწყომ” პირველი 2 ძველი ლიფტის დემონტაჟი და 2 ახალი ლიფტის მონტაჟი განახორციელა (მიაწოდა 232 991 ლარის ღირებულების სამუშაოები) არა 2007 წლის 2 ნოემბერს, როგორც მოსარჩელე აღნიშნავდა საშუალედო მიღება-ჩაბარების აქტზე მითითებით, არამედ _ 2007 წლის 19 ოქტომბერს, რასაც საქმეში არსებული ამავე თარიღის მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებდა. აქტს მხარეებთან ერთად ხელს აწერდა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელიც. ამავე აქტში ლიფტის მახასიათებლებში აღნიშნული იყო, რომ სამონტაჟო-სამშენებლო და გაშვება-გამართვის სამუშაოები შესრულებულია პროექტისა და მოქმედი ნორმების შესაბამისად.

რაც შეეხებოდა ბოლო 2 ძველი ლიფტის დემონტაჟისა და 2 ახალი ლიფტის მონტაჟის დაგვიანებით შესრულებას, მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია მოსარჩელის მხრიდან სამუშაო ფრონტის დროულად მიუცემლობამ, სამინისტროში გრძელდებოდა სარემონტო სამუშაოები და ძველი ლიფტების საშუალებით ხორციელდებოდა სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის ტრანსპორტირება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ჰქონდა სამუშაო დერეფანი და საშუალება სამუშაოების წარმართვისათვის. ამ გარემოების გასაბათილებლად მოსარჩელეს მტკიცებულებები არ წარუდგენია, მოპასუხემ კი წერილობითი თხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს, მიეცა მისთვის სამუშაო დერეფანი სამუშაოების საწარმოებლად, რაც რეაგირების გარეშე დარჩა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ორი ლიფტის სამუშაოს დამთავრების 12-დღიან ვადაგადაცილებაში ნაწილობრივ დასტურდებოდა მოპასუხის ბრალეულობაც, რასაც მოპასუხე თავის განმარტებაში არსებული გაანგარიშებით დაეთანხმა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა, ფაქტობრივად, აღიარა მოსარჩელის მიმართ 2 711.77 ლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და შესაბამისად, მისი ნაწილობრივი ბრალეულობა სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის შესაბამისადაც სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, სს “თბილხელსაწყოს” უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რასაც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე დაეთანხმა, რამდენადაც საქმეში არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა, რომლის მტკიცების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 109-117).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 122-129).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი არ ეთანხმებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას სამინისტროს მხრიდან მეორე საავანსო გადახდის (60 000 აშშ დოლარი) დაგვიანების შესახებ. ამ თანხის დაგვიანებით გადარიცხვა, გარდა იმისა, რომ დასტურდებოდა საქმეში არსებული მასალებით, ასევე აღიარებული იყო აპელანტის წარმომადგენლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში. უფრო მეტიც, ამ თანხის დაგვიანებით გადარიცხვა დასტურდებოდა თვით სააპელაციო საჩივრითაც. რეალურად ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი ვითარება იყო: მხარეთა შორის გაფორმებული ¹585 ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, ლიფტების დროულად დამზადებისა და კორპორაცია “კონეს” მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადაურიცხოს შემსრულებელს საბანკო გარანტიის წარდგენიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, სამუშაო ნახაზებისა და სპეციფიკაციის შეთანხმებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში _ თბილისში გადმოტვირთვის დღიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ ხდიდნენ მეორე საავანსო გადარიცხვის (60 000 აშშ დოლარი) დაგვიანებას. საქმეზე დგინდებოდა და მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ სს “თბილხელსაწყოს” მიერ საბანკო გარანტია 60 000 აშშ დოლარზე წარდგენილ იქნა 2007 წლის 26 იანვარს. ამასთან, სამუშაო ნახაზები და სპეციფიკაცია შეთანხმებულად უნდა მიჩნეულიყო ხელშეკრულების დადების დღიდან, ანუ 2006 წლის 25 დეკემბრიდან, რადგან ისინი ერთვოდა ხელშეკრულებას. ფინანსთა სამინისტრომ 60 000 აშშ დოლარი სს “თბილხელსაწყოს” გადაურიცხა 2007 წლის 13 თებერვალს და არა _ 9 თებერვალს, როგორც ამას აპელანტი მიუთითებდა. ამდენად, უდავო იყო, რომ ფინანსთა სამინისტრომ გადარიცხვა დააგვიანა 12 დღით, რადგან მას ეს უნდა განეხორციელებინა 2007 წლის 26 იანვრიდან 5 საბანკო დღეში. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.2.5 პუნქტში სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მეორე გადარიცხვა _ 60 000 აშშ დოლარი განხორციელდა 41 დღის დაგვიანებით, არასწორი იყო, თუმცა ამ გარემოებას გავლენა არ მოუხდენია სასამართლოს საბოლოო დასკვნაზე. პირველ ორ ლიფტთან დაკავშირებით სამუშაოები დასრულდა 24 დღის დაგვიანებით, საიდანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული 12 დღე ჩაითვალა საპატიოდ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს თანხა 2 711.77 ლარის ოდენობით დაეკისრა სწორედ იმ დღეებზე, რაც მისი ბრალით იყო გამოწვეული.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ ბოლო ორი ლიფტის მონტაჟის დაგვიანება გამოწვეული არ ყოფილა მათი ბრალით. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ბოლო 2 ძველი ლიფტის დემონტაჟისა და 2 ახალი ლიფტის მონტაჟის დაგვიანებით შესრულება გამოიწვია მოსარჩელის მხრიდან სამუშაო ფრონტის დროულად მიუცემლობამ. მოპასუხის განმარტებით, სამინისტროში გრძელდებოდა სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის ტრანსპორტირება, მოსარჩელეს არ ჰქონდა სამუშაო დერეფანი და საშუალება სამუშაოების წარმართვისათვის. ამ გარემოების გასაბათილებლად მოსარჩელეს მტკიცებულებები არ წარუდგენია, მოპასუხემ კი წერილებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს და სთხოვა, მიეცათ მისთვის სამუშაო დერეფანი სამუშაოების საწარმოებლად, რაც რეაგირების გარეშე დარჩა.

რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ იგი პირგასამტეხლოს ითხოვდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სასამართლომ მოპასუხე სს “თბილხელსაწყოს” თანხა დააკისრა ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ, მაშინ როდესაც ყველა სახელმწიფო შემოსულობა უნდა მოქცეულიყო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ეს იყო ტექნიკური ხასიათის საკითხი და მისი გადაწყვეტა შესაძლებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზეც, რა დროსაც მითითებული თანხების აკუმულირება ფინანსთა სამინისტროს შეეძლო მოეხდინა სწორედ ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ტომი II, ს.ფ. 38-47).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული მეორე საავანსო გადახდა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა 12 დღის დაგვიანებით, რამაც გამოიწვია ლიფტების დამზადების შეფერხება. პირველ ორ ლიფტთან დაკავშირებული სამუშაოები შესრულდა 24 დღის დაგვიანებით, საიდანაც სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული 12 დღე მიიჩნია საპატიოდ და მოპასუხეს პირგასამტეხლო დააკისრა მხოლოდ დანარჩენ 12 დღეზე. მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.2 მუხლი ითვალისწინებდა ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას, სამუშაო ნახაზების და სპეციფიკაციის შეთანხმებიდან 5 საბანკო დღეში შემსრულებლისთვის გადაეხადა 60 000 აშშ დოლარი, მაგრამ იმავე ხელშეკრულების 3.4 მუხლი ითვალისწინებდა საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში ავანსის გადახდის წესს. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა ამ ორ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, არ არის დადგენილი, თუ როდის შეთანხმდა სამუშაო ნახაზები და როდის იქნა წარდგენილი საავანსო საბანკო გარანტია. 60 000 აშშ დოლარის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომელიც გასცა სს “პროკრედიტბანკმა”, თარიღდება 2007 წლის 26 იანვრით, ხოლო თანხა გადაირიცხა 2007 წლის 9 თებერვალს. აქედან გამომდინარე კასატორისათვის გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაგვიანებით გადარიცხა 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

რამდენადაც სს თბილხელსაწყომ” სამუშაოები შეასრულა ნაწილ-ნაწილ, კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 9.1 მუხლიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს საურავი 22 098.95 ლარის ოდენობით. დასახელებული თანხა მოიცავს საურავს: ა. 2007 წლის 2 ნოემბერს შესრულებული სამუშაოებისათვის (17 707.30 ლარი); ბ. 2007 წლის 8 ნოემბერს შესრულებული სამუშაოებისათვის (1 397.97 ლარი); გ. 2007 წლის 4 დეკემბერს შესრულებული სამუშაოებისათვის (1 541.32 ლარი); დ. 2008 წლის 22 იანვარს შესრულებული სამუშაოებისათვის (1 452.39 ლარი).

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების 5.2 მუხლის მიხედვით ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საბუთები (ფორმა ¹2, ¹3) საქმეში წარმოდგენილი არ არის. ¹585 ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “თბილხელსაწყოს” შორის არ გაფორმებულა რაიმე სახის საბუთი (იგულისხმება ფორმა ¹2, ¹3), რომელსაც ორივე მხარე მოაწერდა ხელს. ხელშეკრულება უნდა განიმარტოს არა სიტყვა-სიტყვით, არამედ _ არსობრივად. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები არის სწორედ ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამუშაოთა დასრულება. რაც შეეხება 2007 წლის 19 ოქტომბრის ლიფტის ჩაბარების აქტს, კასატორის აზრით, აღნიშნული აქტით არ დასტურდება სამუშაოების დასრულება, მასში მითითებულია, რომ ლიფტი მდებარეობს მისამართზე, გორგასლის ქ. ¹16. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი 2 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი კი მიუთითებს, რომ მოხდა 2 ძველი ლიფტის დემონტაჟი და 2 ახალი ლიფტის მონტაჟი, რასაც დაეთანხმა სს “თბილხელსაწყოს” წარმომადგენელი თავისი ხელმოწერით.

კასატორი არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ ბოლო ორი ლიფტის დაგვიანება გამოწვეული იყო შემსრულებლისათვის ფინანსთა სამინისტროში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ფრონტის მიუცემლობით, რადგან სს “თბილხელსაყოს” არ წარუდგენია ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ტომი II, ს.ფ. 52-61).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი გარემოებები:

2006 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (დამკვეთი) და სს “თბილხელსაწყოს” (შემსრულებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის თანახმად, სს “თბილხელსაწყოს” ფინანსთა სამინისტროს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა განეხორციელებინა არსებული ლიფტების მოდერნიზაცია, ძველი ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი. სამუშაოს სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 480 000 ლარით. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 ქვეპუნქტის თანახმად, შემსრულებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა არა უგვიანეს 270 დღისა პირველი საავანსო გადარიცხვიდან, ხოლო 5.2 ქვეპუნქტის მიხედვით, სამუშაოს ყოველი ეტაპის და მთელი მოცულობის შესრულების დამთავრება დასტურდებოდა ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი საბუთით (ფორმა 2, ¹3). მხარეებმა შემსრულებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლო შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით;

ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 2007 წლის 25 სექტემბრისთვის. სს “თბილხელსაწყომ” ვალდებულებები შეასრულა ნაწილ-ნაწილ დაგვიანებით, რაც დასტურდება საქმეში არსებული 2007 წლის 2 ნოემბრის, 2007 წლის 8 ნოემბრის, 2007 წლის 4 დეკემბრისა და 2008 წლის 22 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტებით;

შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ფაქტი სადავო არ იყო. დამკვეთს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პრეტენზია არ განუცხადებია;

შემსრულებელს უნდა მოეხდინა 4 ძველი ლიფტის დემონტაჟი და 4 ახალი ლიფტის მონტაჟი ხელშეკრულების დანართში მითითებული თანმიმდევრობით;

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შემსრულებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა სს “თბილხელსაწყოსათვის” თანხის დაკისრების შესახებ ეფუძნება ამ უკანასკნელის მიერ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების ფაქტობრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სს “თბილხელსაწყომ” პირველი 2 ძველი ლიფტის დემონტაჟი და 2 ახალი ლიფტის მონტაჟი განახორციელა (მიაწოდა 232 991 ლარის ღირებულების სამუშაოები) არა 2007 წლის 2 ნოემბერს, როგორც მოსარჩელე აღნიშნავდა საშუალედო მიღება-ჩაბარების აქტზე მითითებით (ტომი I, ს.ფ. 15), არამედ 2007 წლის 19 ოქტომბერს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ამავე თარიღის ლიფტის ჩაბარების აქტები. მათში მითითებულია, რომ სამონტაჟო-სამშენებლო და გაშვება-გამართვის სამუშაოები შესრულებულია პროექტისა და მოქმედი ნორმების შესაბამისად (ტომი I, ს.ფ. 50, 51).

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებაში ნაწილობრივ დასტურდება მოსარჩელის ბრალეულობაც. ვადის გადაცილება გამოიწვია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ, რაც გამოიხატა მისი მხრიდან ხელშეკრულებით დადგენილი თანხის (60 000 აშშ დოლარი) გადახდის დაგვიანებაში და ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევაში. ამ შემთხვევაში, საუბარია შემსრულებლისათვის (სს “თბილხელსაწყო”) სამუშაო დერეფნის (ფრონტის) დროულად მიუცემლობაზე. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე სს “თბილხელსაწყოს” წარმომადგენელმა ფაქტობრივად აღიარა მოსარჩელის მიმართ 2 722.77 ლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და შესაბამისად, მისი ნაწილობრივი ბრალიც სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებაში (ტომი I, ს.ფ. 99-102).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად, შემსრულებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა არა უგვიანეს 270 დღისა პირველი საავანსო გადარიცხვის დღიდან. ამავე ხელშეკრულების 3.2 მუხლით, ლიფტების დროულად დამზადებისა და კორპორაცია “კONE-ს” მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, დამკვეთი იღებდა ვალდებულებას, 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადაერიცხა შემსრულებლისათვის საბანკო გარანტიის წარდგენიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში _ სამუშაო ნახაზებისა და სპეციფიკის შეთანხმებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში _ თბილისში გადმოტვირთვის დღიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში სადავოა მეორე საავანსო გადარიცხვის (60 აშშ დოლარი) დაგვიანება. საქმეზე დგინდება, რომ სს “თბილხელსაწყომ” საბანკო გარანტია 60 000 აშშ დოლარზე წარადგინა 2007 წლის 26 იანვარს (ტომი I, ს.ფ. 82). ამასთან, დგინდება, რომ მოსარჩელემ 60 000 აშშ დოლარი სს “თბილხელსაწყოს” გადაურიცხა 2007 წლის 13 თებერვალს. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ ფინანსთა სამინისტრომ გადარიცხვა დააგვიანა 12 დღით, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღნიშნა, მას ეს უნდა განეხორციელებინა 2007 წლის 26 იანვრიდან 5 საბანკო დღეში. მართალია, სს “თბილხელსაწყოს” სამუშაო უნდა დაესრულებინა 2007 წლის 25 სექტემბერს, ხოლო პირველ ორ ლიფტთან დაკავშირებით მან სამუშაოები დაასრულა 2007 წლის 19 ოქტომბერს, ანუ 24 დღის დაგვიანებით, მაგრამ ზემოაღნიშნული 12 დღე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საპატიოდ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს თანხა სწორად დააკისრა იმ დღეებზე (დანარჩენი 12 დღე), რაც მხოლოდ მისი ბრალით იყო გამოწვეული.

რაც შეეხება სს “თბილხელსაწყოსათვის” (შემსრულებელი) სამუშაო დერეფნის (ფრონტის) დროულად მიუცემლობას, რამაც მოპასუხის მითითებით გამოიწვია ბოლო 2 ძველი ლიფტის დემონტაჟისა და 2 ახალი ლიფტის მონტაჟის დაგვიანებით შესრულება, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება საქმეზე მის მიერ წარდგენილი, სს “თბილხელსაწყოს” დირექტორის 2007 წლის 19 ოქტომბრისა და 22 ოქტომბრის წერილებით, სადაც იგი თხოვნით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს, მისცეს დერეფანი სამუშაოების საწარმოებლად (ტომი I, ს.ფ. 46, 47). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სს “თბილხელსაწყომ” მოახდინა აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სამოქალაქო კანონმდებლობა ემყარება ხელშეკრულების შესრულების პრინციპს. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. კანონის მითითებული ნორმის არსიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება შესრულებაშია. შესრულების ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს არამარტო სს “თბილხელსაწყოს” ვალდებულებას, დროულად შეასრულოს მის მიერ ნაკისრი სამუშაო, არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი პირობების (ხელშეკრულების დადგენილი თანხის გადახდა, სამუშაო დერეფნის მიცემა) დროულად უზრუნველყოფასაც. ვალდებულების შეუსრულებლობისას მოვალეს _ სს “თბილხელსაწყოს” პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ ფარგლებში, რაშიც მას ბრალი მიუძღვის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება _ პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სს “თბილხელსაწყოს” მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებაში საქმის მასალებით ნაწილობრივ დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრალეულობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.