¹ბს-1167-996-კ-04 1 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: პენსიის გადაანგარიშება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. კ-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისაგან მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიაზე დანამატის დანიშვნა და გასული 12 თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ს. კ-ა 1941-45წ.წ. ომის მონაწილე და ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო და იღებდა პენსიას თვეში 45 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს დანიშნული ჰქონდა პენსია 14 ლარის ოდენობით. იგი მეუღლისაგან სისტემატურად იღებდა დახმარებას. 1999 წ. მისი მეუღლე გარდაიცვალა, რის შემდეგაც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალს მიმართა მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით, რაზეც უარი მიიღო.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 25-ე, 26-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, ეკუთვნოდა მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნა 22.50 ლარის ოდენობით. ასევე, ამავე კანონის 48-ე მუხლის თანახმად, ეკუთვნის გასული 12 თვის მიუღებელი პენსია _ 270 ლარი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. გადაწყვეტილებით დ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალს დ. კ-ას სასარგებლოდ პენსიის _ 22.50 ლარის დანიშვნა და გასული 12 თვის მიუღებელი პენსიის _ 102 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
აპელანტმა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალმა აღნიშნა, რომ ს. კ-ა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, იგი პენსიას იღებდა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის და არა ზემოთ მითითებული კანონის შესაბამისად. ამდენად, სასამართლომ გამიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 24.05.04წ. გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 28.01.04წ. გადაწყვეტილება, დ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის პირველ მუხლში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია ენიშნებათ, თუ მარჩენალი დაიღუპა ან გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს ან არა უმეტეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-ას მეუღლე _ ს. კ-ა 10.02.99წ. 79წ. ასაკში გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზად მითითებულია გულის უკმარისობა. ამასთან, ს. კ-ა გარდაცვალების მომენტისათვის სამხედრო მოსამსახურე არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დ. კ-ა თუნდაც მარჩენალდაკარგულის კატეგორიას განეკუთვნებოდეს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 34-ე მუხლის თანახმად, პენსიის სახით მაინც 14 ლარს მიიღებდა და არა 22,50 ლარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დ. კვარაცხელიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად ვერ გაიგო და ვერ განმარტა კანონი იმის გამო, რომ არ გამოიყენა კანონის 25-ე მულის სრული ტექსტი, კერძოდ, მუხლის ის ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია ენიშნებათ ოჯახის წევრებს თუ მარჩენალი გარდაიცვალა პენსიის მიღების პერიოდში ან პენსიის შეწყვეტის შემდეგ არა უგვიანეს 5წ.ა.
მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარი სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 24.05.04წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი არგუმენტაცია იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დ. კ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე და 25-ე მუხლზე მითითებით. სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ტექსტის არასრული მოშველიებით. სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად მოიშველია აღნიშნული ნორმის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც პირველ მუხლში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია ენიშნებათ, თუ მარჩენალი დაიღუპა ან გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს ან არა უმეტეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ ან ამ ვადაზე გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ტექსტის დანარჩენი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნას აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მარჩენალი გარდაიცვალა პენსიის მიღების პერიოდში ან პენსიის შეწყვეტის შემდეგ არაუმეტეს 5წ.ა. ის გარემოება, რომ კანონის 33-ე მუხლი, მარჩენალის დაკარგვის გამო მარჩენალდაკარგულისათვის პენსიის ოდენობის დადგენას უკავშირებს მარჩენალის ისეთი დაავადების შედეგად გარდაცვალებას, რომელიც არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებასთან (კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), ადასტურებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის შესაძლებლობას მარჩენალის საერთო დაავადების გამო დაავადების შემთხვევაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ დ. კ-ას მეუღლე ს. კ-ა 79წ. ასაკში გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა, არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას.
სააპელაციო პალატამ ისე განაცხადა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ არ დაუდგენია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, კასატორის ასაკი, მეუღლის გარდაცვალებამდე შემოსავალი, მეუღლის კმაყოფაზე ყოფნა, აწ გარდაცვლილი ს. კ-ასათვის დადგენილი ინვალიდობის ჯგუფი, სამხედრო სამსახურის დროს მიღებულ დაზიანებასთან ინვალიდობის კავშირი, დანიშნული პენსიის სახეობა და ოდენობა და სხვა. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ვინაიდან სააპელაციო პალატას არ დაუდგენია საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ხოლო საკასაციო პალატა არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 24.05.04 წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.