ას-485-454-2010 12 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “კ-ის” დირექტორი ნ. კ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. კ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “კ-ისა” და ქ. ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორ თ. შ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხეთათვის 9800 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1994 წელს მოსარჩელეს ნება დაერთო, ქ.ფოთის ბაზრის ტეროტორიაზე აეშენებინა სავაჭრო სათავსი და არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით შეედგინა პროექტი, რაც მან 1997 წელს განახორციელა. დ.კ-იამ მიმართა საჯარო რეესტრს შენობის დარეგისტრირების მიზნით, თუმცა მას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის დამადასტურებელი საბუთის არარსებობის მოტივით. დ.კ-იამ მიმართა სასამართლოს და სარჩელის უზრუნველსაყოფად მოითხოვა, შპს “კ-ს” აკრძალვოდა სადავო სათავსის დანგრევა, რაც დაკმაყოფილდა. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ დაანგრია მოსარჩელის მიერ აშენებული ნაგებობა და მიაყენა ზიანი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო ნაგებობა იყო აღმართული, კანონით დადგენილი წესით გამოეყო შპს “კ-ს” და ნება დაერთო, დაენგრია დ.კ-იას მიერ აგებული სათავსი, თუმცა აღნიშნული არ განუხორციელებია. სათავსი დაინგრა ბუნებრივი პირობების გამო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. კ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დ. კ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით დ. კ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “კ-ს” აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის განჩინებით მოსარჩელე დ. კ-იას ადვოკატ ნ.ტ-ავას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე და ძალაში დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლითაც შპს „კ-ს“ აეკრძალა ქ.ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე 14,6 კვ.მ ფართის მქონე სავაჭრო ობიექტის დანგრევა. ქ.ფოთის მერის – ვ.ა-იას წერილით დ.კ-იასადმი, მერიის დროებითმა კომისიამ განიხილა დ.კ-იას განცხადება ბაზრის ტეორიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაწყების შესახებ და შესაძლებლად მიიჩნია მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რის შესახებაც შესაბამისი რეკომენდაციაც მისცა არქიტექტურის სამსახურს. ქ.ფოთის მთავარი არქიტექტორის წერილით, დ. კ-იას საკუთრებაში არსებული სავაჭრო სათავსის ესკიზური პროექტი შეთანხმებულ იქნა ქ.ფოთის მერიის არქიტექტურის სამსახურთან. ტექინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის მიერ ხელმოწერილი ტექნიკური პასპორტის თანახმად, ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული 11.20 კვ.მ ფართი დ. კ-იას საკუთრებაშია, სადავო სავაჭრო სათავსის პროექტი შეთანხმებული იყო ქალაქის მთავარ არქიტექტორთან და ბაზრის დირექტორთან.
სადავო შენობაზე ყადაღის არსებობის მიუხედავად, შპს „კ-მა“ დაანგრია იგი, რის თაობაზეც დ.კ-იამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ სამმართველოს, ხოლო აღმასრულებელმა სათანადო გაფრთხილება მისცა შპს „კ-ის“ დირექტორს.
2009 წლის 29 ივნისის ¹17 აუდიტორული დასკვნის თანახმად, სადავო შენობა-ნაგებობების მშენებლობის ღირებულებაა 6000 ლარი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე მუხლებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე მიიჩნია, რომ დ. კ-ია სადავო შენობის მესაკუთრესა და მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა. პალატამ გაიზიარა და სარწმუნოდ მიიჩნია მოსაზრება, რომ სადავო შენობის მსგავსი ნაგებობის აგება 6000 ლარით უნდა იქნეს განსაზღვრული, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება აუდიტორული დასკვნით ანუ კანონშესაბამისი მტკიცებულებითაა დადასტურებული, შპს „კ-ს“ კი სადავო ნაგებობის დანგრევის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, პირიქით, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მოპასუხე მხარეს სადავო ნაგებობის დემონტაჟი აეკრძალა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ სადავო ნაგებობა დაანგრია არა შპს „კ-მა“ არამედ დიდთოვლობამ, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლოს მითითებით, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი იცავს მესაკუთრის უფლებებს ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოსარჩელის ქონების მიმართ მოპასუხე შპს „კ-ის“ მხრიდან სწორედ ასეთი გაუმართლებელი ხელყოფა განხორციელდა, რის გამოც სარჩელი მის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან დ.კ-იამ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ მიუღებელი შემოსავალი სწორედ 3800 ლარს შეადგენს. ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე თ. შ-ძის მიმართ, რადგან საქმის მასალებით არ დგინდება ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმყოფილების ნაწილში შპს “კ-ის” დირექტორ ნ.კ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 1998 წელს კასატორს ქ.ფოთის მერის ¹415 ბრძანებით ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გამოეყო 4988 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა იმავე წელს. მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი 14.6 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოექცა შპს „კ-ის“ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით არ შეუძენია, ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზედაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. სალიკვიდაციო კომისიის გადაწყვეტილებითა და საკრებულოს დროებითი კომისიის დასკვნით შპს „კ--ს“ ჯერ კიდევ 1999 წელს დაევალა სატყეო ფარდულის დანგრევა. დ.კ-იას გააჩნია გაურკვეველი წარმომავლობის მშენებლობის პროექტი, მაგრამ არ აქვს მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას მაღაზია სადავო ფართზე არასოდეს ჰქონია. რაც შეეხება ყადაღადადებული ნანგრევების დანგრევას, იგი უამინდობამ დაანგრია, კასატორმა კი მხოლოდ გაასუფთავა ტერიტორია.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ამავე ნორმის 150-ე მუხლის მეორე ნაწილი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ დ.კ-იას არ გააჩნია მიწით სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რაც გახდა თავდაპირველ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა დ.კ-იას ტექნიკურ პასპორტს, რომლის თანახმადაც მის საკუთრებაშია 11,20 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დ.კ-ია კი სადავოდ ხდის არა 11,20, არამედ 14,6 კვ.მ-ს, თუმცა ტექნიკური პასპორტის საკუთრების უფლების გრაფა ცარიელია და მხოლოდ მფლობელობის გრაფაა შევსებული.
სასამართლომ ასევე მიუთითა ქ.ფოთის მერის _ ვ.ა-იას წერილზე, სადაც იგი შესაძლებლად მიიჩნევს დ.კ-იას მოთხოვნის დაკმაყოფილებას სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაწყების შესახებ, თუმცა საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ, მერიას არ გამოუცია ადმინისტრაციული აქტი დ.კ-იასათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს “კ-ის” დირექტორ ნ.კ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამასთან, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა საქმის საბოლოო განხილვამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “კ-ის” დირექტორ ნ.კ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია დელიქტური ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “კ-ს” უნდა დაეკისროს საქმის საბოლოო განხილვამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 70 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “კ-ის” დირექტორ ნ.კ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
შპს “კ-ს” დაევალოს სახელმწიფო ბაჟის _ 70 ლარის გადახდა (თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.