Facebook Twitter

ას-487-456-2010 7 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – გ. ქ-იანი, ც. მ-ია (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ “ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი” (მოწინააღმდეგე მხარე)

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა და

მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ც. მ-იამ და გ. ქ-იანმა სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სსიპ “ახლციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმართ 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01/7 ბრძანების გაუქმების, მიუღებელი ხელფასის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დარიცხვის, მოსარჩელეთა სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ც. მ-იამ და გ. ქ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გაადწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ც. მ-იამ და გ. ქარასბედიანმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით ც. მ-იასა და გ. ქ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 დეკემბრის გაადწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილებით დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მესხეთის ფილიალის გამოყოფითა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ახალციხის ინსტიტუტის დაფუძნებით, რომელიც სსიპ ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეა ფილიალის ნაწილში. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს ¹446 განკარგულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თინა გ-ი. 2007 წლის 27 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ც. მ-ია მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში გაზეთ ,,მ-ის” რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. ხელშეკრულება მოქმედებდა 2007 წლის 25 ივნისიდან ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის კონკურსის გამოცხადებამდე. სამუშაოს შესრულებისათვის დასაქმებულის ხელფასი ხელშეკრულებით განისაზღვრა 300 ლარით.

დადგენილია, რომ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01/7 ბრძანებით შეწყდა შრომითი ურთიერთობა თსუ მესხეთის ფილიალის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან, სულ 115 თანამშრომელთან, მათ შორის ც. მ-იასა და გ. ქ-იანთან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, იმავე ბრძანების მე-3 პუნქტით აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურს დაევალა შემოსავლის ბარათის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველეყო საბოლოო ანგარიშწორება მისაღები ხელფასისა და ერთი თვის კომპენსაციის სახით იმ პირებზე, რომლებთანაც არ მოხდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. ც. მ-იას მიღებული ჰქონდა სექტემბრის ხელფასი და ერთი თვის შრომის ანაზღაურება. აღნიშნული თანხა დარიცხულ იქნა გ. ქ-იანის ანგარიშზეც. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ხელშეკრულების მოშლა, რასაც აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლები, კერძოდ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ხელშეკრულების მოშლა, რაც 38-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მესამე ნაწილების საფუძველზე შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამასთან, დამსაქმებლის ინიციატივის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის ანაზღაურება. კანონის აღნიშნული მოთხოვნები მოცემულ შემთხვევაში დაცულ იქნა, აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს მათი სამუშაოდან გათავისუფლების უკანონობა, შესაბამისად, მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს გ. ქ-იანმა და ც. მ-იამ. კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სამართლებრივი შეფასება არ მისცა მტკიცებულებებს, საქართველოს მთავრობის 31.07.07 წლის ¹161 დადგენილების მე-3 პუნქტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 22.08.07 წლის ¹16-08/13165 გადაწყვეტილებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის 26.09.07 წლის ¹17.09-2/14674 გადაწყვეტილებას და მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹963 ბრძანებას. საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსისლია განახორციელოს კანონში ან მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა. ზოგიერთი საქმიანობა, რომლის ჩამონათვალასც განსაზღვრავს კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე. ამ საქმიანობის განხორციელების უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა წარმოებაში ნებართვის მიღების მომენტიდან. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის მიზნად განსაზღვარა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებო საქმიანობა, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სახედ - ინსტიტუტი, რომლის განხორციელების უფლება ახალციხის ინსტიტუტს წარმოშობდა მხოლოს მისთვის შესაბამისი ლიცენზიის მინიჭების შემდგომ, რის საფუძველზეც იგი თავის საქმიანობას განახორციელებდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ მტკიცებულებებით და საკანონმდებლო ნორმებით, კასატორების განმარტებით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი თ. გ-ი არ იყო უფლემოსილი ინსტიტუტისთვის ლიცენზიის მინიჭებამდე განეხორციელებინა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილებანი. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნები, მოპასუხე მხარეს საშუალება მისცა მტკიცებულებების სახით ისეთი დოკუმენტების წარმოდგენისა, რომელთა წარმოდგენაც მათ შეეძლოთ პირველი ინსტანციის სასამართლოში. მიღებული მტკიცებულებებით არ მტკიცდება, რომ სსიპ ახალციხის ინსტიტუტმა გამოსცა ბრძანება და ჩაატარა გაზეთ ,,მ-ის” რედაქტორისა და გაზეთის ადმინისტრაციას მიკუთვნებული თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი, ამასთან, წარმოდგენილი სსიპ “ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” 2006 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებით, თსუ მესხეთის ფილიალის რექტორის უფლებამოსილება განსაზღვრული იყო რეორგანიზაციის დასრულებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹963 ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაციის დასაწყისად განისაზღვრა მესხეთის ფილიალის გამოყოფა, რომელიც უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს ახალციხის ინსტიტუტისათვის ლიცენზიის მინიჭებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. მ-იასა და გ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ შეფასებასა და განმარტებას მნიშვნელობა აქვს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის, რის გამოც ც. მ-იასა და გ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. მ-იასა და გ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნას ცნობილი;

საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.