Facebook Twitter

ას-491-465-2011 11 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ყ-ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. და დ. ყ-ნები (მოსარჩელეები)

კანონიერი წარმომადგენ. _ ნ. ყ-ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით თ. და დ. ყ-ნების სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება ქ.თბილისში, ...., მე-4 კვარტლის, ¹7 კორპუსში მდებარე ¹35 საცხოვრებელ ბინაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .... დადგინდა ბინის აუქციონზე იძულებითი წესით რეალიზაცია და ამონაგები თანხა მოსარჩელეებს _ დ. და თ. ყ-ნებსა და მოპასუხე ნ. ყ-ნს შორის საზიარო საგანზე განაწილდა მათი კუთვნილი წილების შესაბამისად, კერძოდ, მოსარჩელეებს გადაეცათ ამონაგები თანხის ¼1/4-1/4, ხოლო მოპასუხე ნ. ყ-ნის _ ამონაგების თანხის 2/4-ის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ნმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით ნ. ყ-ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ნმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი ნ. ყ-ნის წარმომადგენელ ალექსი გაბუნიას ჩაბარდა 2011 წლის 23 თებერვალს, ხოლო საკასაციო საჩივარი კი კასატორმა წარმოადგინა 2011 წლის 25 მარტს, ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 24 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 24 მარტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ყ-ნის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ყ-ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.