Facebook Twitter

ას-493-462-10 30 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. ნ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (მოპასუხე)

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2005 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. ნ-შვილმა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 ივლისის განჩინებით დ. ნ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ნ-შვილმა და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის გადაგზავნა განსჯად სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივლისის განჩინებით დ. ნ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 ივლისის განჩინება და საქმე გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დ. ნ-შვილს უარი ეთაქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ნ-შვილმა და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 იანვრის განჩინებით დ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმესთან ერთად გადაგზავნილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით დ. ნ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინება და საქმე დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქმე განსაჯადობის დავის შესახებ გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით დ. ნ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-შვილმა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით დ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მისი საშტატო ერთეული არ გაუქმებულა და მის ადგილზე დანიშნულ იქნა ნ. ქ-ძე, რომელთან შედარებითაც მას ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, მას უნდა დაედასტურებინა სარჩელში მითითებული ეს ფაქტორივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლო სრულიად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ დ. ნ-შვილმა ვერ შესძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და თავისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადასტურება.

აპელანტის მიერ მითითებული ამ გარემოებების საწინააღმდეგოდ პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე დ. ნ-შვილს გათავისუფლების დროისათვის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონულ ფილიალში მუშაობდა უფროსის ორი მოადგილე მოსარჩელე და ლ. ი-შვილი.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის გენერალური დირექტორის 2005 წლის 1 ივნისის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე, ქ. თბილისის სხვა რაიონული ფილიალების უფროსის მოადგილეებთან ერთად, Gგათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მუშაკთა რიცხოვნობის შემცირების გამო.

მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ფილიალის მოადგილის ერთ საშტატო ერთეულზე ლ. ი-შვილს ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მასთან შედარებით.

შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას სამუშაოდან მისი გათავისუფლებისას შრომის კანონთა კოდექსის 34-ე და 36-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 2005 წლის შემდეგ არაერთხელ განიცადა რეორგანიზაცია და დღეის მდგომარეობით ის თანამდებობა, რომლიდანაც სადავო ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა მოსარჩელე, საერთოდ აღარ არსებობს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი და როგორც თანმდევი შედეგი, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნებიც პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზრაურების შესახებ.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ნ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხის რეორგანიზაციამდე ვაკე-საბურთალოს რაიონულ ფილიალში არსებობდა უფროსის მოადგილის ორი შტატი, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ კი ერთი გაუქმდა, რასაც შედეგად მოჰყვა დ. ნ-შვილის განთავისუფლება, ხოლო დარჩენილ ერთ შტატზე დატოვებულ იქნა ასევე მოადგილედ მომუშავე ლ. ი-შვილი, რომლის სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის.

ფაქტობრივად კი დატოვებულ იქნა ვაკე-საბურთალოს რაიონული ფილიალის უფროსის მოადგილის ორი საშტატო ერთეული. უფროსის მოადგილის ერთ საშტატო ერთეულზე დატოვებულ იქნა ნ. ქ-ძე, მოსარჩელეზე დაბალი კვალიფიკაციით, სტაჟით და კანონით გათვალისწინებული ნაკლები შეღავათების მქონე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას დ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.