Facebook Twitter

ას-49-48-10 3 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. თ-ძემ მოპასუხეების _ ჯ., შ. და ბ. მ-ძეების მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ განმარტა, რომ ღია საჯარო აუქციონზე შეიძინა ქ.თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 43.40 კვ.მ უძრავი ქონება, რომელიც ირიცხებოდა შ., ჯ. და ბ. მ-ძეების სახელზე. აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაიცა სააღსრულებლო განკარგულება და ბინა დარეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელზე. მოპასუხეები არ ათავისუფლებდნენ სადავო ფართს და უკანონოდ ფლობდნენ 2002 წლის 1 მარტიდან.

მოსარჩელეს, მოპასუხეების მიერ ქონებით სარგებლობის ხელშეშლის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა ქონებრივი ზიანი, რაც შეადგენდა ბინის გაქირავებით მისაღები შემოსავლის ღირებულებას, ყოველთვიურად 100 აშშ დოლარს 2002 წლის აპრილიდან 2005 წლის იანვრამდე, ხოლო 2005 იანვრიდან დღემდე ყოველთვიურად 150 აშშ დოლარს, რაც მთლიანობაში შეადგენს 9850 აშშ დოლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა შ. და ბ. მ-ძეების მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შ. და ბ. მ-ძეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ნ. თ-ძის საკუთრებაში არსებული 43.4კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ... ქ. ¹9-ში, შ. და ბ. მ-ძეებს მოსარჩელე ნ. თ-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6. 566 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ბ. და შ. მ-ძეებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ბ. და შ. მ-ძეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ამავე სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. თ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ჯ. მ-ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ნ. თ-ძის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ბინა, მოსარჩელე ნ. თ-ძეს მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი.

2008 წლის 5 ნოემბერს ჯ. მ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აგვისოტს გადაწყვეტილება.

ასევე, სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. მ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, ჯ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო ბ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება და 2008 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბ. და შ. მ-ძეების სოლიდარულად 5.566 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება და 2008 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ ნ. თ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა ძალაში.

სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ჯ. მ-ძის უკანონო მფლობელობიიდან გამოთხოვილ იქნა ნ. თ-ძის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... ქ.¹9-ში მდებარე ბინა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტს ჯ. მ-ძეს 2009 წლის 7 ივლისს, 10 საათზე, დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, რაც დასტურდება მისი პირადი ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ჯ. მ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ჯ. მ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა, რომ ჯ. მ-ძე მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მას ჩაეკეტა საცხოვრებელი სახლის კარები, რის დასადასტურებლად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს სახელზე შედგენილ 2009 წლის 4 სექტემბრის განცხადებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული განცხადება არ წარმოადგენს აპელანტის თბილისის სააპელაციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2009 წლის 7 ივლისს, 10 საათზე, დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რადგან საჩივრის ავტორის მითითებას იმაზე, რომ აღნიშნული განცხადება ხელმოწერილია მასში მოხსენებულ პირთა, მ.ჯ-ძის, ი.ჭ-შვილის, მ.ფ-ძის მიერ, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მ. მ-ძის გამოუცხადებლობა ჩაითვალოს საპატიოდ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განცხადების მეორე გვერდზე არსებული ტექსტიდან დგინდება, რომ სანოტარო წესით დამოწმებულია მხოლოდ განცხადებაში მითითებულ პირთა ხელმოწერის ნამდვილობა და სხვა არაფერი.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. მ-ძემ. მან განმარტა, რომ 2009 წლის სასამრთლო სხდომაზე ის ვერ გამოცხადდა, ვინაიდან ბინის შესასვლელი რკინის კარები ჩაეკეტა, რასაც სანოტარო ხელმოწერით ადასტურებენ მის მეზობლად მომუშავე ფირმა “მ. 99”_ის თანამშრომლები _ მ. ჯ-ძე და მ. ფ-ძე, ასევე ამხანაგობის თავჯდომარე ლ. ჭ-შვილი, რომლებიც, კასატორის შუამდგომლობის მიუხედავად, მოწვეული არ იყვნენ სასამართლო სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ჯ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ აპელანტს ჯ. მ-ძეს 2009 წლის 7 ივლისს, 10 საათზე, დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, რაც დასტურდება მისი პირადი ხელმოწერით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, კერძოდ, მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ჩაეკეტა კარი და ვერ შესძლო ამის გამო პროცესზე გამოცხადება.

პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს. კასატორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მას შეეძლო სასამართლოსთვის შეეტყობინებინა გამოუცხადებლობის შესახებ, რაც არ გაუკეთებია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ. მ-ძე სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.