Facebook Twitter

ას-495-464-10 7 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. ა-ძის წარმომადგენლის მ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელის გამო მოპასუხეები ვ. ფ-ძის, თ. ა-ძის, ე. კ-ძის და დ. ა-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ დ. ა-ძის წარმომადგენლის მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით დ. ა-ძის წარმომადგენელს მ. ს-ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2010 წლის 9 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ დ. ა-ძე არის უმუშევარი, არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, რადგან კასატორს არ წარმოუდგენია არანაირი ცნობა თავისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

2010 წლის 21 ივნისს კასატორის წარმომადგელელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება.

2010 წლის 23 ივნისის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდათ 2010 წლის 2 ივლისს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 9 ივლისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში მათ მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ა-ძის წარმომადგენლის მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.