Facebook Twitter

ას-496-465-2010 28 ივნისი 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს “ჯ. და ჯ.”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სს “ჯ. და ჯ.” წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 7 690.08 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 1-7).

თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 105-106).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 130-134).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 138-148).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სს “ჯ. და ჯ.” მხრიდან ¹861 “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას (ვადის გადაცილებით) ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.

აპელანტი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვდა საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ლ.” ტერიტორიაზე ორი საავტომობილო სასწორის მონტაჟის ვადის დარღვევის გამო, თუმცა მან ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი შეთანხმება მიწოდებული საქონლის მონტაჟის ვადებისა და შესაბამისად, ამ ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო სამუშაოებთან დაკავშირებით მხარეთა შორის 2008 წლის 29 დეკემბერს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში პირდაპირ არის მითითებული: “ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გაგვაჩნია”. აქტი ხელმოწერილია ორივე მხარის უფლებამოსილი პირების მიერ (ტომი II, ს.ფ. 29-35).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სარჩელი.

კასატორი მიუთითებს საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არამართებულად გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია მხოლოდ საქონლის მიწოდების და არა მონტაჟის ვადები და ამის საფუძველზე ჩათვალა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული განმარტება საფუძველს მოკლებულია, რადგან სს “ჯ. და ჯ.” და საქართველოს ფინაანსთა სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 და 6.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 3.4 პუნქტების და საქონლის მიწოდების გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული საქონლის მიწოდების, შეცვლის ან თანხის დაბრუნების ვადების გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.5% ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან”. ხელშეკრულების ტექსტში გამოყენებულია ტერმინი “საქონლის მიწოდება”, რაც გულისხმობს როგორც სასწორების მიწოდებას, ასევე მომსახურების გაწევას, ანუ სასწორების მონტაჟს. შესაბამისად, ხელშეკრულების 6.1 პუნქტითYდადგენილი პირგასამტეხლო ეხება მომსახურების გაწევასაც (ტომი II, ს.ფ. 41-48).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.