Facebook Twitter

ას-496-470-2011 23 მაისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ.კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ... ...»

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «... ... ...»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «... ... ...მა» მოპასუხე ამხანაგობა «... ... ...ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ 21421.70 ლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 1-12).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «... ... ...ის» სარჩელი დაკმაყოფილდა: ამხანაგობა «... ... ...ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21421.70 ლარის ანაზღაურება.

საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებებად საქალაქო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა შემდეგი გარემოებები:

2008 წლის 8 იანვარს შპს «... ... ...ს», როგორც შემსრულებელსა და ამხანაგობა «... ... ...ს», როგორც დამკვეთს შორის დაიდო ხელშეკრულება ¹1/08 სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის შექმნაზე, რომლის თანახმად, შპს «... ... ...ს» უნდა შეესრულებინა დამკვეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისათვის საჭირო ლაბორატორიული სამუშაოები, ხოლო ამხანაგობა «... ... ...ი» ვალდებული იყო, გადაეხადა შემსრულებლისათვის შესაბამისი ღირებულება მის მიერ პერიოდულად წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დამტკიცებული კალკულაციის მიხედვით. ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტად განისაზღვრა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტი, ხოლო მოქმედების ვადა – მშენებლობის დასრულებამდე;

შპს «... ... ...ის» მიერ 2008 წლის ივლისიდან 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით ეტაპორივად შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 4659.20 ლარი, 4368 ლარი, 4440.80 ლარი, 4004 ლარი და 3949 ლარი. დასახელებული გარემოება დადასტურდა მიღება-ჩაბარების აქტებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით;

შპს «... ... ...მა» თხოვნით მიმართა ამხანაგობა «... ... ...ს», რათა ამ უკანასკნელს აენაზღაურებინა შპს «ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრისათვის» 2008 წლის 8 იანვრის ¹1/08 ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ღირებულება. აღნიშნულს ცხადყოფდა საქმეში განთავსებული 2009 წლის 23 მარტის, 2010 წლის 18 მარტისა და 2010 წლის 30 აპრილის წერილები.

სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:

სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «... ... ...ის» დირექტორი ა. ყ-ი და ამხანაგობა «... ... ...ის» თავმჯდომარე ზაზა რაზიკაშვილი 2008 წლის 8 იანვრის ¹1/08 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 2010 წლის ბოლომდე შესრულებაზე შეთანხმდნენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეთანხმების არსებობას არ ეთანხმებოდა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, მაშინ როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

დავის გადაწყვეტისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 361-ე, 629-ე, 648-ე მუხლებით და მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხის მიმართ დასაბუთებულად ჩათვალა.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამომრიცხავი სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები.

სასამართლომ მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრების გამომრიცხავ გარემოებად არ მიიჩნია მოპასუხის მითითება იმაზე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ დროში შეუსრულებლობა განაპირობა ომთან და სამშენებლო სექტორში არსებულ კრიზისთან დაკავშირებულმა ფორს-მაჟორულმა გარემოებებმა. სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო სექტორში არსებული კრიზისი არ წარმოადგენს ფორს-მაჟორულ გარემოებას. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი (ტომი 1, ს.ფ. 97-102).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 1, ს.ფ. 107-115).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ... ...ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წლის 8 იანვრის ხელშეკრულებით, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება დამკვეთს პერიოდულად წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დამტკიცებული კალკულაციის მიხედვით ეკისრებოდა. ამდენად, ხელშეკრულებით ანგარიშსწორების კონკრეტული თარიღი ან მოვლენა გათვალისწინებული არ ყოფილა, შესაბამისად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ შემსრულებლის მოთხოვნისთანავე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 2010 წლის ბოლომდე. 2008 წლის 8 იანვრის ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში შესწორებების და შენიშვნების შეტანა შესაძლებელია ორივე მხარის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ამგვარი შეთანხმების არსებობა აპელანტმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ დაადასტურა. უფრო მეტიც, ამგვარი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების დადასტურების პირობებშიც, აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნებოდა მიჩნეული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან აპელანტს არც 2010 წლის მდგომარებით ჰქონდა 2008 წლის 8 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული.

საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ნარდობის ხელშეკრულება და მისგან წარმოშობილი უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის შესაბამისად, საზღაურის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვა ყოველი შესრულებული სამუშაოს ჩაბარების დროიდან ჩაბარებასთან ერთად წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურით დამტკიცებული კალკულაციის მიხედვით. სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდის მიერ დამკვეთისათვის ბოლო სამუშაოს ჩაბარების დროისთვის, კერძოდ, 2008 წლის 2 დეკემბრისათვის შესრულებული სამუშაოებისათვის გადასახდელმა თანხამ 21421.70 ლარი შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე 2008 წლის 2 დეკემბრიდან შემსრულებლის მოთხოვნისთანავე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა 21421.70 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, ვინაიდან მისი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საპატიო გარემოებით, კერძოდ, ქვეყანაში განვითარებული რუსეთ-საქართველოს ომითა და მისგან წარმოშობილი ეკონომიკური კრიზისით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 365-ე, 394-ე, 401-ე მუხლებზე და მათი ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ ფორს-მაჟორული გარემოება სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობაში არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს, თუ რა თქმა უნდა, ვალდებულების შესრულება ფორს-მაჟორულ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგაც შესაძლებელია და თუ აღნიშნული შესრულების მიმართ კრედიტორს ინტერესი არ დაუკარგავს. დაუძლეველი ძალით განპირობებული ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება წარმოადგენდეს სახელშეკრულებო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი მეორადი ვალდებულების, კერძოდ კი, ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების წინაპირობას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუძლეველი ძალის არსებობის პირობებში, ვალდებულების შეუსრულებლობა დათქმულ დროსა და ადგილას იწვევს მოვალის არა ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან, არამედ ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლებას. ამდენად, ქვეყანაში არსებული საომარი ვითარება შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ მისი არსებობის პერიოდში კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო გარემოებად, რამაც შესაძლებელია, გამორიცხოს ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კანონით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულების წარმოშობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია ვალდებულების დროულად შესრულებაზე და არ მოუთხოვია ვალდებულების დათქმულ დროში შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო ამხანაგობა «... ... ...ის» აპელირება ქვეყანაში არსებულ საომარ მდგომარეობაზე, როგორც ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველზე, მითუმეტეს, რომ ძირითადი ვალდებულების შესრულება შპს «... ... ...მა» ოფიციალურად 2009 წლის 23 მარტს, საომარი მდგომარეობის დასრულებიდან შვიდი თვის შემდეგ მოითხოვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სახეზე იყო ამხანაგობა «... ... ...ის» მიერ შპს «... ... ...ის» წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების უდავო ფაქტობრივი და დასაბუთებული სამართლებრივი წინამძღვრები (ტომი 2, ს.ფ. 52-60).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ...». კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც გაუქმდება პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ ის გარემოება, თუ ვინ იყვნენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები, შესაბამისად, საქმეში მხარეებად არ იქნენ ჩაბმულნი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ... ...ის» დამფუძნებელი წევრები. ამხანაგობა არის ფიზიკური პირების ერთობლიობა, სასამართლო ვალდებული იყო თითოეული მათგანი ჩაება მხარედ, რომ მათაც შეძლებოდათ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების დაცვა (ტომი 2, ს.ფ. 62-68).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ... ...ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ... ...ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1080 ლარი) 70% _ 756 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ... ...ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... ... ...ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1080 ლარი) 70% _ 756 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.