ას-497-466-2010 30 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ფ.” (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს ,,ფ.-ს” მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
2005 წლის 23 თებერვლის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დარჩა უმოძრაოდ.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის განჩინება.
2006 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ,,ფ.-ს” დაეკისრა ფინანსთა სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის - 100200 ლარის გადახდა, ასევე ამ გადაწყვეტილებით შპს ,,ფ.-ს” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის დავალიანების 694.72 აშშ დოლარის გადახდა შპს ,,ფ.-ს” სასარგებლოდ; უარი ეთქვა ,,ფ.-ს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ერთი კვირის ვადაში საკუთარი ხარჯებით მისი კუთვნილი საქონლის საწყობიდან გატანის თაობაზე.
აღნიშნულ გაადწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,ფ.-მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ფ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების (შპს ,,ფ.-სთვის” 100.200 ლარის დაკისრების) ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ფინანსთა სამინისტრომ.
2009 წლის 29 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004 წლის 12 იანვარს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება საბაჟო საწყობით მომსახურების შესახებ, რის საფუძველზეც შპს ,,ფ.-მ” შესანახად მიიღო სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის 15400 კგ. მდნარი ყველი. ფინანსთა სამინისტროს მიერ საწყობიდან გატანილ იქნა გარკვეული რაოდენობის ყველი და მოპასუხესთან დარჩა 13360 კგ. მდნარი ყველი. ტერმინალ ლილოს სასაზღვრო პუნქტის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შედგენილი საქვეკარანტინო მასალების, სატრანსპორტო საშუალების დახედვისა და საკარანტინო ექსპერტიზისათვის ნიმუშების აღების შესახებ 27.01.2004წ. ¹028698 აქტით დგინდება, რომ მოხდა მდნარი ყველის ნიმუშების აღება საკარანტინო ექსპერიმენტისათვის და დახედვის შედეგად საკარანტინო ობიექტი არ აღმოჩნდა, თუმცა ამავე აქტში აღინიშნა, რომ შემოტანილი პროდუქტი ექვემდებარება მეორედ დახედვასა და ექსპერტიზას. დადგენილია, რომ მდნარი ყველი მოთავსებული იყო ჰერმეტულად დახურულ ყუთებში და ვიზუალური დათვალიერებისას მისი ვარგისიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო. ასევე დადგენილია, რომ მდნარი ყველის შესაძლო გაფუჭების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ცნობილი იყო 2004 წლის აპრილის თვეში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხორცის, რძის, თევზის პროდუქტების ტექნოლოგიისა და ტექნიკური მიკრობიოლოგიის განყოფილების გამგის ე. ე-ძის დასკვნის საფუძველზე 07.04.2004წ. წერილით. საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხის მიერ შენახვის პირობების დარღვევის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, აქედან გამომდინარე კი, ქონებრივი პასუხისმგებლობისათვის უნდა არსებობდეს მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირი გაფუჭებულ პროდუქციასთან მიმართებაში.
აღნიშნულ გადწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მიუთითა, რომ იგი ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თითქოს მდნარი ყველის შესაძლო გაფუჭების შესახებ მათთვის ცნობილი იყო 2004 წლის აპრილის თვეში, ასევე იმას, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 4 აგვისტოს წერილი არ არის საკმარისი მტკიცებულება მოპასუხის ბრალეულობის დასადგენად. საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში თავად მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ტერმინალ ლილოს სასაზღვრო პუნქტის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 2004 წლის 27 იანვარს შედგენილი ¹028698 აქტი, საიდანაც დგინდება, რომ მოხდა მდნარი ყველის ნიმუშების აღება საკარანტინო ექსპერტიზისათვის და პროდუქტში საკარანტინო ობიექტი არ აღმოჩნდა. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია მიბარებული საქონლის გაფუჭება, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 763-ე, 781-ე მუხლები. ასევე სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რატომ არ შეასრულა მოპასუხემ სსკ-ის 784-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, რომლის მიხედვითაც თუ საქონლის თვისებები შეიცვალა ან არსებობს მისი შეცვლის საშიშროება, შემნახველი ვალდებულია შეატყობინოს მფლობელს, ამ მოვალეობის შეუსრულებლობისას კი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.