¹ ბს-1168-997-კ-04 25 თებერვალი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოსაგან ქმედების განხორციელების მოთხოვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 31 მარტს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ზესტაფონის ნებართვებისა და მოსაკრებლების სამსახურმა მოპასუხე ზესტაფონის რ-ნის საგზაო პოლიციის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის იძულებითი დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ქ. ზესტაფონის ნებართვებისა და მოსაკრებლების საქალაქო სამსახურის მიერ 2004წ. დასაწყისში დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი ამავე კოდექსის 239-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ.
ზემოთ მითიეთებული კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები 2004წ. 18 თებერვლის ¹68 წერილით ქვემდებარეობით განსახილველად და ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრისათვის გადაეგზავნა საგზაო პოლიციას, რომელმაც 2004წ. 2 მარტის ¹3 წერილით უკან დააბრუნა და უარი განაცხადა მის განხილვაზე, რაც მოსარჩელეს მიაჩნდა უკანონოდ და მოითხოვდა მოპასუხეს იძულებით დაკისრებოდა “ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
მოპასუხე _ ზესტაფონის საგზაო პოლიციამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საგზაო პოლიციას უფლება ჰქონდა განეხილა სხვა სამსახურის თანამდებობის პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ზესტაფონის ნებართვებისა და მოსაკრებლების სამსახურის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ზესტაფონის ნებართვისა და მოსაკრებულების საქალაქო სამსახურმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სასკ-ის 209-ე მუხლის მხოლოდ ზოგადი ნაწილით და არ გამოიყენა ამ მუხლის მეორე ნაწილში დაკონკრეტებული ნორმა, რომელშიც მითითებულია 125-ე – 127-ე მუხლებზე, რაც აპელანტის განმარტებით, თავისთავად მოიცავს 1251-ე მუხლსაც, რადგან სასკ-ის მე-16 თავში ჩამოთვლილ ორგანიზაციებში ან უფლებამოსილ თანამდებობის პირებში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მიუთითებდა ნებართვისა და მოსაკრებლების საქალაქო სამსახურზე, რაც ნიშნავს იმას, რომ 1251-ე მუხლით შედგენილი ოქმის განხილვის ვალდებულება არავის ეკისრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპლანტი ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით ზესტაფონის ნებართვებისა და მოსაკრებლების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზესტაფონის ნებართვებისა და მოსაკრებლების საქალაქო სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზესტაფონის რ-ნის საგზაო პოლიციას დაევალა ზესტაფონის ნებართვებისა და მოსაკრებლების საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების განხილვა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 26-ე ნაწილის თანახმად, 1251-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმს ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს მიერ უფლებამოსილი სამსახურის თანამშრომელი.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, ოქმი დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს მის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით კი საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს, განყოფილების (ქვეგანყოფილების) უფროსები ან უფროსის მოადგილეები იხილავენ ამ კოდექსის 125-127-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქმეებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 125-127-ე მუხლები მოიცავს 1251-ე მუხლსაც და მითითებული კოდექსი არსად მიუთითებს სხვა ორგანოს, რომელიც იხილავს 1251-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეს.
არ დაეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილებას იგი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის საპატრულო პოლიციამ (ზესტაფონის რ-ნის საგზაო პოლიცია).
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა კანონის ნორმაზე, რომლის შეცვლის უფლებაც მას არ ჰქონდა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლი შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შესახებ ოქმის შედგენისთვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთა და ორგანიზაციების ჩამონათვალს, მაგრამ ამ მუხლში საერთოდ არ არის საუბარი, თუ ვინ შეიძლება განიხილოს ნებართვებისა და მოსაკრებლების სამსახურის მიერ შედგენილი ოქმები, შესაბამისად, ვერც ერთი სასამართლო ვერ მიუთითებს ნორმაზე, რომელიც კასატორს დაავალდებულებს მოსარჩელის მიერ შედგენილი ოქმების განხილვას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 204-ე მუხლით, რომლის თანახმად, იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებიც ამ კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ორგანოების სახელით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ადგენენ საკანონმდებლო აქტები და მთავრობის დადგენილებები. კასატორის მტკიცებით, ამ კოდექსში არ არსებობს არც ერთი ნორმა, რომელიც საპატრულო პოლიციას (საგზაო პოლიციას) დაავალდებულებდა სადავო ოქმის განხილვას; მით უფრო, რომ აღნიშნული ოქმები შედგენილია კანონმდებლობის უხეში დარღვევით; კერძოდ, მასში გათვალისწინებული არ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის ნორმათა არასწორი განმარტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არასწორ გამოყენებასა და მის მცდარ განმარტებას.
დადგენილია, რომ ზესტაფონის რ-ნის ნებართვებისა და მოსაკრებლების სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1251-ე მუხლის საფუძველზე შედგენილ იქნა სამართალდარღვევათა 7 ოქმი.
მითითებული კოდექსის 239-ე მუხლის 26-ე ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 1251-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს მიერ უფლებამოსილი სამსახურის თანამშრომელი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას ზესტაფონის რ-ნის ნებართვებისა და მოსაკრებლების სამსახურის არაუფლებამოსილ ორგანოდ მიჩნევის თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაქცევს ნებართვებისა და მოსაკრებლების ქ. ზესტაფონის საქალაქო სამსახურის დებულების (დებულება რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 27.03.03.წელს, რეგისტრაციის ნომ. .....). 3.3.3 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია ქ. ზესტაფონის ტერიტორიაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოყოფილ ფასიან ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ორგანიზაცია, შესაბამისი მოსაკრებლის გაანგარიშება და ბიუჯეტში ამოღების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების პირობების დაცვაზე კონტროლი.
ამდენად, არამართებულია კასატორის პრეტენზია ზესტაფონის რ-ნის ნებართვებისა და მოსაკრებლების სამსახურის უფლებამოსილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის არასწორი განმარტების თაობაზე და მიუთითებს, რომ მითითებული მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 125-ე-127-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს, განყოფილების (ქვეგანყოფილების) უფროსების ან უფროსის მოადგილეებს.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი მითითებულ პუნქტში ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტიზაციას და მიუთითებს 125-127-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ბუნებრივია, აღნიშნული თავისთავად მოიცავს 1251-ე მუხლსაც, რაც კასატორს ავალდებულებს, მოახდინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების განხილვა.
აქვე საკასაციო სასამართლო ოქმებთან მიმართებაში კასატორის პრეტენზიის საფუძველზე განმარტავს შემდეგს:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ კასატორი უპირობოდ ვალდებულია, გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე. ამავე კოდექსის საფუძველზე, კასატორი ვალდებულია, დადგენილების გამოტანამდე განიხილოს საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ ოქმები შედგენილია კანონდარღვევით, უარი თქვას სახდელის დადებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასაცია უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რ-ნის საგზაო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.