Facebook Twitter

ას-500-469-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ ა. ჩ-იდი, ს. ც-იდუ, დ. ს-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ა-ძეს ე. ჩ-იდის უფლებამონაცვლე ა. ჩ-იდის სასარგებლოდ დაეკისრა 13 750 ლარის გადახდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე ე. ჩ-იდის საკუთრებაში რიცხული ფართიდან 77,45 კვ.მ ფართის მესაკუთრედ.

აღნიშნული გაადწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-იდმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატოს 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით, ა. ჩ-იდის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე, მოპასუხე ე. ჩ-იდის უფლებამონაცვლედ ა. ჩ-იდთან ერთად დაშვებულ იქნა ს. ც-იდუ და დ. ს-ია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა. ჩ-იდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ა. ჩ-იდის, დ. ს-იასა და ს. ც-იდუს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, მის მფლობელობაში არსებული 77,47 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ა. ჩ-იდის, დ. ს-იასა და ს. ც-იდუსათვის 13750 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობითა და მინდობილობებით დადგენილად მიჩნეულ გარემობაზე იმის შესახებ, რომ ე. ჩ-იდი გარდაიცვალა 2006 წლის პირველ იანვარს და მის მემკვიდრეებს წარმოადგენენ სამკვიდრო ქონების 2/8 ნაწილის მფლობელი _ მეუღლე ა. ჩ-იდი და შვილები, ს. ც-იდუ და დ. ს-ია, რომელთაც მიღებული აქვთ სამკვიდრო, თითოეულს 3/8 წილის ოდენობით. აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის, მართვის, გადაფორმებისა და ამ ქონებასთან დაკავშირებით მათი უფლებების დაცვის უფლებამოსილება მინდობილობით გადაცემული აქვს დ. ჩ-იდს, რომელსაც სასამართლო სხდომაზე წარმოადგენს დ. შ-ძე.

ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფატობრივი გარემოება მასზე, რომ საქმეში არსებული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მესაკუთრე ე. ჩ-იდის მემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს იდეალურ წილში წარმოადგენდა მხოლოდ მისი მეუღლე _ ა. ჩ-იდი, მაშინ, როდესაც მისი მემკვიდრეები ასევე გახლდათ დ. ს-ია და ს. ც-იდუ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ალიკ ჩ-იდის მოპასუხედ ჩაბმა საქმეში საქალაქო სასამართლოს მხრიდან საპროცესო კოდექსით დადგენილი სავალდებულო თანამონაწილეობის პრინციპის დარღვევაზე მეტყველებდა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასების ანალიზით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ჩ-იდის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ არა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-იდის, ს. ც-იდუსა და დ. ს-იას წარმომადგენელმა დ. შ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ ორი მოპასუხის დ. ს-იასა და ს. ც-იდუს მიმართ ნ. ა-ძის სარჩელი განიხილა პირველი ინსტანციით, რაც საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია. ასევე მოპასუხეებს არ ჩაჰბარებიათ არც სარჩელი და არც ნ. ა-ძის სააპელაციო შესაგებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივრის ავტორმა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება სათანადოდ განახორციელა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. ჩ-იდის, ს. ც-იდუსა და დ. ს-იას წარმომადგენელ დ. შ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკსაციო საჩივარი მითითებული მუხლის საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას გამოვლინდა ხარვეზი, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლისა და 372-ე, 185-ე მუხლების დებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკმებრის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორს, დ. შ-ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, ა. ჩ-იდის, დ. ს-იასა და ს. ც-იდუს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ე. ჩ-იდის უფლებამონაცვლე ა. ჩ-იდის, ასევე დ. ს-იასა და ს. ც-იდუს მინდობილობებით დ. ჩ-იდს ვერ მიენიჭებოდა უფლება, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განეხორცილებინა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, პირებს, რომელსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. ამასთან, დასახელებული მინდობილობებით არ ირკვეოდა დავალების ხელშეკრულებით დ. ჩ-იდს მიენიჭა თუ არა მატერიალურ-სამართლებრივი წარმომადგენლობის სხვა პირზე გადანდობის უფლება. (იხ. ტIII ს.ფ. 95-98, 108-110, 114-116).

საქმის მასალების თანახმად, დ. ჩ-იდმა 2009 წლის 30 ოქტომბერს ნოტარიულად გააფორმა რწმუნებულება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ჟ. ა-ოვასა და დ. შ-ძეს (იხ. ტ.III, ს.ფ. 173);

იმის გამო, რომ დ. შ-ძის უფლებამოსილების მიმნიჭებელ _ დ. ჩ-იდს არ გააჩნდა გადანდობის უფლება, საკასაციო სასამართლომ წარმომადგენლის (დ. შ-ძის) მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნაკლიანად და ხარვეზის დადგენის საფუძვლად მიიჩნია, რისთვისაც საკასაციო საჩივრის ავტორს განუსაზღვრა 5-დღიანი ვადა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, ა. ჩ-იდის, დ. ს-იასა და ს. ც-იდუს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად.

2010 წლის 17 დეკემბერს დ. შ-ძემ ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, წარმოადგინა მას და დ. ჩ-იდს შორის 2010 წლის 2 თებერვლას სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა და მოითხოვა ხარვეზის შევსებულად ჩათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული მინდობილობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-იდის, ს. ც-იდუსა და დ. ს-იას საკასაციო საჩივარი განუხილევლად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. შ-ძის მიერ, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი მინდობილობა, რომლითაც ირკვევა, რომ ა. ჩ-იდის, დ. ს-იასა და ს. ც-იდუს უფლებამოსილმა პირმა - დ. ჩ-იდმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა დ. შ-ძეს, ვერ გახდება ხარვეზის შევსების საფუძველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესახებ განჩინებით დაევალა უშუალოდ ა. ჩ-იდის, დ. ს-იასა და ს. ც-იდუს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, რაც დ. შ-ძეს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რაც საკასაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჩ-იდის, ს. ც-იდუსა და დ. ს-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. დ. შ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.