ას-501-470-2010 12 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ტ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ზ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ზ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ტ-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის _ სულ 1140 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:L 2008 წლის მარტის დასაწყისში მ. ტ-ძემ თ. ზ-ძისაგან თვის ბოლომდე ისესხა 600 ლარი. მოპასუხემ დაარწმუნა, რომ მას საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლები სოფელ მდინარსა და ბორითში, შესაბამისად, სესხის დაბრუნებას საფრთხე არ შეექმნებოდა, თუმცა თვის ბოლოს სესხი არ დაუბრუნა. 2008 წლის აგვისტოში მოპასუხე წერილით დაჰპირდა თანხის დაბრუნებას, აღუთქვა ძირითადი თანხის 5%-ის გადახდაც, მაგრამ ეს პირობა არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მოსარჩელისაგან 2006 წლის 29 აგვისტოს ისესხა არა 600, არამედ 300 ლარი. სანაცვლოდ ყოველი თვის 29 რიცხვში უნდა ეხადა პროცენტის სახით 30 ლარი. 2008 წლის იანვრამდე სულ გადაუხადა 450 ლარი, რითაც სესხიც და პროცენტიც დაფარა.
ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ტ-ძეს დაეკისრა 600 ლარის გადახდა თ.ზ-ძის სასარგებლოდ, მ.ტ-ძეს ასევე დაეკისრა საპროცენტო სარგებლის _ 540 ლარისა და სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.
მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ტ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის მარტში მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რაზეც მხარეებს შორის დაიდო 2008 წლის 6 მარტის სესხის ხელწერილი. სესხის თანხა განისაზღვრა 600 ლარით, ყოველთვიურად პროცენტის 30 ლარის დარიცხვით. სესხის პროცენტით გადახდის ინიციატივა მომდინარეობდა მოპასუხისაგან. ამავე წლის აგვისტოში მოპასუხემ წერილობით განუმარტა თ. ზ-ძეს, რომ დროულად ვერ იხდიდა ვალს.
სასამართლო დაეყრდნო რა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნას, მიიჩნია, რომ სესხის ხელწერილი დაწერილი იყო ნამდვილად მ. ტ-ძის მიერ. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 625-ე, 626-ე მუხლებით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ არ გაიზიარა მ.ტ-ძის მითითება, რომ რეალურად მოსარჩელისაგან ისესხა მხოლოდ 300 ლარი, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. უდავოდ დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ კასატორმა თ. ზ-ძისაგან ისესხა არა 600, არამედ 300 ლარი, რასაც ადასტურებენ მოწმეები ე. ბ-ძე და ე. კ-ძე. ამასთან, სესხის ხელშეკრულება დაიდო 2006 წლის 29 აგვისტოს და არა 2008 წლის 6 მარტს. თ.ზ-ძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო. სარჩელის სასამართლოში შეტანამდე კასატორმა მოწინააღმდეგე მხარეს სრულად გადაუხადა 450 ლარი და რაიმე სხვა ვალდებულება მის მიმართ არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით მ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ტ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 625-ე, 626-ე მუხლებს, 316-ე მუხლის პირველ ნაწილს, 361-ე მუხლის მეორე ნაწილს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.