Facebook Twitter

ას-502-471-2010 4 ოქტომბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ლ. ფ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ფ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 24 ნოემბერს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ფ-ძემ (კანონიერი წარმომადგენელი დ. კ-ძე) მოპასუხე მ. ფ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება 14 116.95 ლარის ოდენობით, აგრეთვე, ამ უკანასკნელისათვის 118 ლარის ოდენობით ყოველთვიური სარჩოსა და 4 100 აშშ დოლარის ოდენობით სამომავლო სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის დაკისრება.

მოსარჩელის მითითებით, 2009 წლის 15 იანვარს არასრულწლოვან მ. ფ-ძესთან და დ. ჭ-ძესთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევის განაპირას მდებარე ტყეში, რა დროსაც თოფიდან გასროლილი საფანტი მოხვდა მარჯვენა მხარისა და გულმკერდის მარჯვენა არეში. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, შინაგანი ორგანოებისა და ხერხემლის ტვინის დაზიანებით. ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განაჩენით მ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა. ამის შემდგომ ლ. ფ-ძეს ჩაუტარდა მკურნალობა, მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა არის მძიმე, ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა.

სარჩელის თანახმად, ლ. ფ-ძის მკურნალობისათვის თავისმა და ნაწილობრივ მ. ფ-ძის ოჯახებმა გასწიეს ხარჯები. სამომავლოდ მოსარჩელის რეაბილიტაციისათვის აუცილებელი იყო დამატებითი თანხები, რისი საშუალებაც ლ. ფ-ძის ოჯახს არ გააჩნდა. ამასთან, მოსარჩელეს მძიმე მდგომარეობის გამო წაერთვა შრომის უნარი და ესაჭიროებოდა ყოველთვიური სარჩო (ტომი I, ს.ფ. 1-10).

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ფ-ძეს ლ. ფ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება ყოველთვიური სარჩოს გადახდით 100 ლარის ოდენობით, აღნიშნული პასუხისმგებლობა მ. ფ-ძის სრულწლოვანებამდე დაეკისრა მის კანონიერ წარმომადგენლებს მ. ფ-ძესა და მ. ა-შვილს, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:

2009 წლის 15 იანვარს არასრულწლოვანი მ. ფ-ძე ასევე არასრულწლოვან ლ. ფ-ძესთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევის განაპირას მდებარე ტყეში, რა დროსაც მ. ფ-ძემ ლ. ფ-ძეს მარჯვენა მხარისა და გულმკერდის მარჯვენა არეში სანადირო თოფით გაუფრთხილებლობით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, შინაგანი ორგანოებისა და ხერხემლის ტვინის დაზიანებით. მოსარჩელე ლ. ფ-ძე იმავე დღეს მოთავსებულ იქნა ქუთაისის აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც ჩაუტარდა სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაცია. ლ. ფ-ძე 2009 წლის 19 თებერვალს მოთავსებულ იქნა შპს თბილისის ¹4 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია;

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის განაჩენით მ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

ქუთაისის აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში ლ. ფ-ძისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის (ზოგადი ქირურგიული ჩარევა და ტრანსპორტირება) სალაროში გადახდილ იქნა 5 403 ლარი. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში ჩატარებული მომსახურების (ზოგადი ქირურგიული ოპერაცია) თანხა 3 000 ლარის ოდენობით გადაირიცხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, ხოლო 300 ლარი ლ. ფ-ძის საოპერაციოდ გადაირიცხა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. მოპასუხე მ. ფ-ძის ოჯახის წევრებმა ლ. ფ-ძის მკურნალობის ხარჯები აანაზღაურეს ნაწილობრივ, კერძოდ, მათ ლ. ფ-ძისათვის თბილისში ჩატარებული ოპერაციისათვის გადაიხადეს 2 500 ლარი, ხოლო დაახლოებით 800 ლარი გადაიხადეს ლ. ფ-ძის მკურნალობის მიზნით სხვადასხვა ექიმებთან კონსულტაციისათვის, პირადი ნივთების შესაძენად, ტრანსპორტირებისათვის და სხვა საჭიროებისთვის. მათ ასევე გადაიხადეს 2009 წლის ოქტომბრის თვეში მოსკოვიდან ჩასული ექიმი-სპეციალისტის დანიშნულებით მკურნალობისათვის დაახლოებით 300 ლარი. ლ. ფ-ძის მკურნალობისათვის მეზობლებისა და ახლობლებისაგან შეკრებილმა თანხამ შეადგინა 1 680 ლარი;

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ლ. ფ-ძის სრული დიაგნოზია: მარჯვენა მხარის ცეცხლსასროლი ჭრილობა, გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ცეცხლსასროლი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალურ სივრცეში დიაფრაგმის, ღვიძლის უკანა ზედაპირის, თირკმლის ზედა პოლუსის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი მიკროჰემატურია ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი II, ხერხემლის და ზურგის ტვინის დაზიანება უცხო სხეულით (საფანტით) თ XII დონეზე, ქვედა პარაპლეგია მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის სრული მოშლა. ავადმყოფის მდგომარეობა მუდმივად მძიმეა, მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა.

მოპასუხეს და მათ წარმომადგენლებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ მიუთითეს ლ. ფ-ძის მიერ გაწეული მკურნალობის და სამომავლო ხარჯებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე და განმარტეს, რომ სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელი იყო.

ლ. ფ-ძე სარჩელში უთითებდა, რომ სამომავლოდ მისი რეაბილიტაციისათვის აუცილებელი იყო დამატებითი თანხები, რის გამოც მოპასუხე მხარისაგან ითხოვდა სამომავლო სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხას 4 100 აშშ დოლარის ოდენობით. სამომავლო სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხების ოდენობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ ლ. ფ-ძე 2009 წლის ნოემბრის მდგომარეობით იყო მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერი და ყოველთვიურად სახელმწიფო გასაცემელს იღებდა 80 ლარის ოდენობით; მ. ფ-ძე (დაბადებული 1992 წლის 26 ივლისს) სწავლობდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის წითელხევის კ. ფ-შვილის სახელობის საჯარო სკოლის მე-12 კლასში. მისი ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას თვეში ასოცდაექვსი ლარის ოდენობით. დგინდებოდა, რომ საქმეში განთავსებული შპს “ა-ის” სააფთიაქო ქსელიდან სხვადასხვა დასახელების პრეპარატები გაიცა სხვადასხვა პენსიონერების სახელზე და მტრედი-ბარათის სხვადასხვა მფლობელებზე (როცა დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახს ჰქონდა მხოლოდ ერთი მტრედი-ბარათი), რომელთაგან ზოგიერთი მეზობელია, ზოგიერთს მოსარჩელე საერთოდ არ იცნობს, რამდენიმე პრეპარატი თავად მოპასუხის დედის მ. ა-შვილის სახელზეა გაცემული (ს.ფ. 25). ამასთან, საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ლ. ფ-ძეს ნამდვილად ჰქონდა დანიშნული მკურნალობა მითითებული პრეპარატებით.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ზიანის სიმძიმისა და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის ნაწილობრივ, კერძოდ, ყოველთვიური სარჩოს გადახდის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. რამდენადაც მოპასუხე არასრულწლოვანი იყო და არ ჰქონდა საკმარისი ქონება ან შემოსავალი ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებითი პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა მის წარმომადგენლებს, მშობლებს _ მ. ფ-ძესა და მ. ა-შვილს. ყოველთვიური სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, რის შესაბამისადაც ლ. ფ-ძეს გადასახდელი ყოველთვიური სარჩოს სახით 100 ლარი დააკისრა (ტომი I, ს.ფ. 166-173).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება 14 116,95 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებისა და 4100 აშშ დოლარის ოდენობით სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის მოთხოვნების ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 178-187).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ფ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მ. ფ-ძეს ლ. ფ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 6 269 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ს.ფ. 14-ზე (ტომი I) განთავსებული აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2009 წლის 11 სექტემბრის ¹03/401 ცნობით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის იანვარში ამავე ცენტრში ლ. ფ-ძეს ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება (ზოგადი ქირურგიული ჩარევა და ტრანსპორტირება), რომლის ღირებულება 5 315.88 ლარით განისაზღვრა, მთლიანობაში სალაროში გადახდილ იქნა 5 403 ლარი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების თანახმად, ს.ფ. 18-49-ზე (ტომი I) განთავსებული მტკიცებულებების (შპს “ა-სა” და სხვა აფთიაქებში პრეპარატების ყიდვისათვის გადახდის ქვითრების) შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად და სარწმუნოდ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ლ. ფ-ძის მკურნალობისათვის პრეპარატებში გადახდილ იქნა თანხა 2 503.45 ლარის ოდენობით;

ს.ფ. 50-52-ზე (ტომი I) განთავსებული ¹82 სამედიცინო დოკუმენტით (პაციენტ ლ. ფ-ძის კალკულაცია) დგინდებოდა, რომ გამოკვლევების, მანიპულაციების, დოკუმენტების, დანიშნულების საგნებისათვის და სხვა. გადახდილი თანხა შეადგენდა 4 616.64 ლარს;

ს.ფ. 71-ზე (ტომი I) განთავსებული აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2009 წლის 10 სექტემბრის ¹03/398 ცნობით დგინდებოდა, რომ ამავე ცენტრში ლ. ფ-ძისათვის იმავე წლის იანვრის თვეში ჩატარებული მომსახურების (ზოგადი ქირურგიული ოპერაცია) თანხა 3 000 ლარის ოდენობით გადარიცხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ;

ს.ფ. 74-ზე (ტომი I) განთავსებული საგადასახადო დავალებით დგინდებოდა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადარიცხა 300 ლარი ლ. ფ-ძისათვის ჩატარებული ოპერაციის გამო;

ს.ფ. 64-69-ზე (ტომი I) განთავსებული ხელწერილებით დგინდებოდა, რომ ბაღდათში, ლ. ფ-ძის მეზობლების მიერ ლ. ფ-ძისა და მისი ოჯახის წევრების მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით აიკრიფა და შეგროვდა 1 680 ლარი;

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, მოსარჩელე ლ. ფ-ძის დედის ჩვენებით დგინდებოდა, რომ მოპასუხის ოჯახმა მოსარჩელეს გაუწია დახმარება 2 950 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 151).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ლ. ფ-ძის ჯანმრთელობის სარეაბილიტაციოდ გაღებული დანახარჯი შეადგენდა 12 519 ლარს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თავად მოპასუხის მიერ ანაზღაურებული თანხების გამოკლებით, სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 998-ე და 463-ე მუხლებზე მითითებით, მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 6 269 ლარით. სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის გათვალისწინებით, სწორედ ეს თანხა უნდა დაკისრებოდა მ. ფ-ძეს.

რაც შეეხებოდა მეზობლების მიერ გაწეულ ფულად დახმარებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგი უნდა მიჩნეულიყო უსასყიდლო დახმარებად (ჩუქებად), რომელიც მთლიანად წარმოადგენდა საკუთრივ მოსარჩელისათვის გაწეულ საჩუქარს, შეღავათს და არა იმ პირისას (ანუ მოპასუხისას), რომელიც კონკრეტული შემთხვევის გამო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აღმოჩნდა მოსარჩელესთან (ტომი II, ს.ფ. 50-59).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ლ. ფ-ძე ითხოვს მატერიალური ზიანისა და სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე სამომავლო სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება, რომ ლ. ფ-ძეს ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. გარდა ამისა, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ ასახულა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია სარჩელს სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არასრულყოფილად გამოიკვლია მატერიალური ზიანის ნაწილში. მან შეფასება არ მისცა ქვითრებს, რომლებშიც აღნიშნულია მედიკამენტებში გადახდილი თანხა, იმის გამო, რომ ქვითრებს არ ახლდა შესაბამისი რეცეპტები. ამით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება. თუკი დასახელებული ქვითრები არასაკმარისი იყო, სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა ამ ქვითრებთან დაკავშირებით, რის შემდგომაც მოხდებოდა რეცეპტების წარდგენა.

კასატორის მითითებით, აღნიშნული რეცეპტების თავდაპირველად წარუდგენლობა გამოიწვია მკურნალობის მიზეზით მისი თბილისში ყოფნამ, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს ეს გარემოება საპატიოდ უნდა მიეჩნია და მითითებული მტკიცებულებები გაეთვალისწინებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის საფუძველზე. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ¹5591 ცნობა, როგორც დაგვიანებით წარდგენილი მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები საპატიო მიზეზის არსებობისას. ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2010 წლის 22 იანვარს, ხოლო დასახელებული ცნობა კასატორმა აიღო ამის შემდგომ მკურნალობის გავლის შედეგად, 2010 წლის 22 მარტს. ცხადია, ცნობა სარჩელის შეტანისას ვერ იქნებოდა წარდგენილი. კასატორი მუდმივ მკურნალობას საჭიროებს, რადგან წელს ქვემოთ მოწყვეტილია. მაშასადამე, ეს ცნობა უნდა მიეღო სასამართლოს და მიეცა შესაბამისი შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. აღნიშნული ცნობა წარმოადგენს სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს საქმის სხვა მასალებთან ერთად. ამას გარდა, მოსარჩელეს ესაჭიროება თუ არა სარეაბილიტაციო მკურნალობა და რა თანხა არის ამისთვის საჭირო, ეს საკითხი მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რის გამოც სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა დაენიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (ტომი II, ს.ფ. 67-75).

კასატორმა მ. ფ-ძემ (კანონიერი წარმომადგენელი მ. ფ-ძე) მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი II, ს.ფ. 83-91).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით ლ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დადგინდა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა (ტომი II, ს.ფ. 113-116). ამავე სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით მ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული (ტომი II, ს.ფ. 106-112).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ლ. ფ-ძის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ე.ი. სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით და უფლებამოსილია, შეამოწმოს გადაწყვეტილება მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, შეცვალოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც აპელანტი მოითხოვს.

კანონის აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება უნდა გადაესინჯა როგორც მატერიალური ზიანის (14 116.95 ლარი), ისე სამომავლო სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის (4 100 აშშ დოლარი) სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, რამდენადაც, საქმის მასალების თანახმად, აპელანტი ლ. ფ-ძე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ორივე დასახელებულ ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 178-187). მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ლ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი განიხილა მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში და საერთოდ არ იმსჯელა აპელანტის მეორე მოთხოვნაზე სამომავლო სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა იმ ნაწილშიც, რომელზეც არ უმსჯელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ბაღდათის სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში, გასაჩივრებული ნაწილი კი, როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავდა სამომავლო სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის ანაზღაურების მოთხოვნასაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამავე ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. ამდენად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველს, მასში უნდა აისახოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, სასამართლოს დასკვნები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დამასაბუთებელი გარემოებების არსებობისა და მათი სამართლებრივი შეფასების შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცავს მითითებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, ნორმებზე, რომელთა საფუძველზე სასამართლომ მოახდინა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული შეფასება, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებად, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება ზემდგომი სასამართლოს მიერ შესაძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რამდენადაც მასზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია გადაწყვეტილების კვლევით (სამოტივაციო) ნაწილში. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმებას და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნებას ექვემდებარება.

სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხების სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო ... ცენტრის ¹5591 ცნობა, როგორც ახალი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის აღნიშნულ მსჯელობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალი მტკიცებულებების წარდგენას, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მიიღებს ახალ მტკიცებულებებს, თუ მხარეს ისინი შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში ... ცენტრის ¹5591 ცნობა გაცემულია 2010 წლის 22 მარტს (ტ.2, ს.ფ.78), როდესაც საქმე უკვე იმყოფებოდა სააპელაციო წარმოების ეტაპზე, აღნიშნული ცნობა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2010 წლის 23 მარტს (ტ.2, ს.ფ. 31). ამდენად, მხარეს ამ ცნობის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხების მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა დაენიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. კასატორი ვერ ასაბუთებს მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობას და ამ საკითხზე არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ან ნაწილში კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი აღნიშნავს, რომ, მისი შუამდგომლობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მტკიცებულების სახით არ მიიღო და შეფასება არ მისცა ლ. ფ-ძის მკურნალობისათვის საჭირო რეცეპტების ქვითრებს, რაც, კასატორის აზრით, გავლენას მოახდენდა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის იურიდიულ ბედზე. აღნიშნული ქვითრები კასატორს წარდგენილი აქვს სააპელაციო საჩივართან ერთად. რიგ ქვითარში გაცემის თარიღი არ არის მითითებული, ხოლო რიგ ქვითარში მითითებულია 2009 წლის აგვისტო. სარჩელი აღძრულია 2009 წლის ნოემბერში. კასატორი ვერ ასაბუთებს მის მიერ აღნიშნული ქვითრების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად მისი მსჯელობის საფუძვლიანობას. ასევე არასწორია კასატორის მსჯელობა, რომ, თუკი საქმეში არსებული ქვითრები არასაკმარისი იყო, სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, რის შემდგომაც მოხდებოდა რეცეპტების წარდგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს ჩარევა მტკიცებულებების მოპოვების პროცესში შეზღუდულია და მისი ფარგლები საპროცესო კოდექსით მკაცრად არის რეგლამენტირებული. ამიტომ, სწორედ მხარის საპროცესო ვალდებულებაა, სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულება, ამ ვალდებულების სასამართლოსთვის გადაკისრება არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ გაუქმებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს სარეაბილიტაციო მკურნალობის თანხის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.