ას-503-472-10 15 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ხ-ძეE (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
2010 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 1 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ხ-ძემ მოპასუხე მ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 7 აპრილს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ძის სარჩელი არ დაკმყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით ვ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა ყადაღა მ. ლ-ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 7 აპრილს ვ. ხ-ძესა და მ. კ-ძის შორის გაფირმდა უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ. ხ-ძემ თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ¹56-ში ბინა¹17 გაუცვალა მ. კ-ძეს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბათუმში, გ. ... ქუჩა ¹52-ში ბინა¹7. ამავე ხელშეკრულებით ორივე უძრავი ქონება შეფასებულ იქნა 50 000 ლარად.
გაცვლის ხელშკერულების დადების შემდეგ მ. კ-ძემ აპელანტს დამატებით გადაუხადა 50 000 აშშ დოლარი, რითაც აუნაზღაურა სხვაობა გასაცვლელი ქონების ღირებულებას შორის.
ვ. ხ-ძის დაკვეთით შპს ,,ბ-ის” მიერ განსაზღვრულ იქნა ბათუმში, ... 56-ში ბინა ¹17-ის საცხოვრებელი ბინის ღირებულება _ 118241 ლარი, ასევე ვ. ბ-ძის დაკვეთით შპს ,,ბ-ის” მიერ განსაზღვრულ იქნა ქ.ბათუმში, ... ¹52-ში ბინა ¹7-ის ღირებულება _ 68200 ლარი.
შესაბამისად, თავად აპელანტის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, გასაცვლელი ქონების ღირებულებას შორის სხვაობამ შეადგინა 50041 ლარი, რაც ბევრად ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც მ. კ-ძემ აპელანტს დამატებით გადაუხადა. ამიტომ პალატის აზრით, რომ მ. კ-ძის სხვაობა გასაცვლელი ქონების ღირებულებებს შორის, რასაც თავის მოთხოვნას საფუძვლად უდებს აპელანტი, ანაზღაურებული აქვს. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ის გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, აპელანტს არ წარმოუდგენია.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-ძემ და მიუთითა, რომ მოპასუხის კუთვნილი ბინა, მდებარე ... ¹52-ში ბ.¹7-ში ფაქტობრივად იყო 60-65 კვ.მ. ფართის, ღია აივანი კი 35 კვ.მ. ფართის. ხელშეკრულებაში და ნახაზში წარმოდგენილი იყო, თითქოს ბინა იყო 104 კვ.მ ფართის, რაც დასტურდება დამატებით წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით, ანუ ხელშეკრულებაში მითითებული ფართი არ არის რეალური. აღნიშნული ხელშეკრულება არ დაიდებოდა მოტყუების გარეშე. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ვ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.