Facebook Twitter

ას-504-473-2010 12 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ზ. მ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. დ-ავა, ა. ხ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ხ-იასა და ლ. დ-ავას მიმართ მოპასუხეთა ქმედებით გამოწვეული მორალური ზიანის _ 10000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 1 აპრილს მოპასუხეებმა უმიზეზოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოსარჩელეს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებით. აღნიშნულით ზ. მ-შვილს მიადგა მორალური ზიანი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მოსარჩელისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და სარჩელში მითითებული გარემოებანი არასწორია.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით ზ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 5 მაისს სამტრედიის შს რაიგანყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება ზ. მ-შვმილის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე. 2006 წლის 6 ივნისს წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ა. ხ-იასა და ლ. დ-ავას მიმართ ზ. მ-შვილის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების გამო სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით, შეწყდა. გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ზ. მ-შვილს ა. ხ-იასა და ლ. დ-ავასაგან ხელის დარტყმის შედეგად მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. ამდენად, მოსარჩელემ სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2009 წლის 20 ოქტომბერს, სხეულის დაზიანების ფაქტი მოხდა 2006 წლის 1 აპრილს, ხოლო წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა იმავე წლის 5 ივნისს.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუმცა, დასაბუთებულია რაიონული სასამართლოს დასკვნა მისი ხანდაზმულობის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 24 მარტის ¹ას-8-321-03 განჩინების თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა პროკურატურის ორგანოებისათვის ყოველგვარი მიმართვით არ წყდება, ასეთი დასაშვებია, თუ მხარემ მოითხოვა სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელედ ჩაბმა ანდა პროკურატურამ, პირის ინტერესების დასაცავად, შეიტანა სათანადო სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის მოთხოვნით არ მიუმართავს და არც საგამოძიებო ორგანოებისათვის სათანადო სარჩელის შეტანა არ მოუთხოვია. ამდენად, საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყვეტილა და უნდა აითვალოს 2006 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 1 აპრილამდე. ზ.მ-შვილმა განსახილველი სარჩელი აღძრა 2009 წლის 20 ოქტომბერს, ანუ ზიანის მიყენებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, მისი სარჩელი ხანდაზმულია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელი ხანდაზმულია ხანდაზმულობის ვადის დენის წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების აპელანტისათვის ჩაბარების დროიდან ათვლის შემთხვევაშიც, ვინაიდან წინასწარი გამოძიება შეწყდა 2006 წლის 5 ივნისს.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიციას, რომ დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მას ჩაბარდა 2009 წლის 19 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. პალატის მითითებით, ზ. მ-შვილს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ განუმარტავს, რომ ზემოხსენებული დადგენილება ჩაიბარა მხოლოდ 2009 წლის 19 ოქტომბერს და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზები დაუსახელებია, ამდენად, სააპელაციო ინსტანციაში ამ არგუმენტზე აპელირება დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი აპელანტს ეკისრებოდა, მას კი თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მეტიც, საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების დროს ზ. მ-შვილმა დაადასტურა, რომ დადგენილება ჩაიბარა 2006 წლის ივნისშივე, ამ დროიდან 3 წელი გავიდა 2009 წლის ივნისში, ამგვარად, მისი სარჩელი ხანდაზმულია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება _ მოპასუხეებისათვის 20000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 19 ოქტომბერს, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მის მიერ დაცულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებებით ზ.მ-შვილის საკასაციო საჩივარი მოპასუხეებისათვის 10000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო დარჩენილი 10000 ლარის ნაწილში ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადის ათვლის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.