¹ას-509-483-2011
9 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს «ს. რ-ა»
მოწინააღმდეგე მხარე _ ი/მ «ო. ს-ძე»
დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის აღიარება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს. რ-ის» წინააღმდეგ და მოითხოვა შპს «ს. რ-ის» ოპერატიული კონტროლის სამსახურის 2010 წლის 30 იანვრის, სადგურ «თბილისი სატვირთოს» კომერციული და საფინანსო სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური, კომპლექსური სარევიზიო აქტის გაუქმება, ო. ს-ძეზე არასწორად დარიცხული _ 9440 თანხის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, შპს «ს. რ-ის» ფილიალ, სადგურ «თბილისი-სატვირთოსთან» დადებული იჯარის ხელშეკრულების, საფუძველზე, მოსარჩელეს გადაეცა თბილისში, - ქ. ¹7-ში სატვირთო სადგურის ტერიტორიაზე მდებარე რკინიგზა ესტაკადა 2000 კვ.მ მიმდებარე ტერიტორიით. 2003 წლიდან დღემდე მოსარჩელე სარგებლობს სარკინიგზო მომსახურებით და შემოაქვს რკინიგზის დუმკარებით სამშენებლო სილა იჯარით აღებულ ტერიტორიაზე და კეთილსინდისიერად იხდის დადგენილ ვადებში რკინიგზის მომსახურების თანხებს. 2010 წელს შპს «ს. რ-ამ» ჩაატარა სადგურ «თბილისი-სატვირთოს» 2007 წლის პირველი ნოემბრიდან 2009 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდის სატვირთოს და კომერციული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობისა და 2008 წლის პირველი იანვრიდან 2009 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდის დოკუმენტურ-კომპლექსური რევიზია. აღნიშნული რევიზიის აქტის თანახმად, ორ შემთხვევაში მოსარჩელის სახელზე შემოსული დუმკარების მოცდენის ვადამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 9440 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, სარევიზიო აქტი კანონსაწინააღმდეგოა, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, ვინაიდან აქტში მითითებულ ორივე შემთხვევაში ვაგონების მოცდენა არ ყოფილა გამოწვეული მოსარჩელის მიზეზით და, შესაბამისად, მასზე საქართველოს რკინიგზის სასარგებლოდ, 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის _ 9440 ლარის გადახდა, უკანონოა და აღნიშნული ზიანს აყენებს ი/მეწარმე «ო. ს-ძის» საქმიანობას, რითაც ირღვევა მისი უფლებები და ინეტერესები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ვალდებულებების არარსებობის აღიარება და, შესაბამისად, შპს «ს. რ-ის» მიერ მოთხოვნილი თანხის _ 9440 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე «ო. ს-ძის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლდა შპს «ს. რ-ის» ოპერატიული კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული სადგურ «თბილისის-სატვირთოს» სატვირთო და კომერციული საქმიანობის რევიზიის აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის 9 440 ლარის გადახდისაგან.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003 წლის 03 თებერვალს ინდ/მეწარმე «ო. ს-ძესა» და შპს «ს. რ-ას» შორის დაიდო ხელშეკრულება სადგურ თბილისი-სატვირთოს ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიით (2000 კვ.მ) ო. ს-ძისათვის იჯარით დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, იჯარით გადაცემულ ქონებას მოპასუხე გამოიყენებდა მათ შორის ტვირთის დასაცლელად და სარეალიზაციოდ, რისთვისაც შესაბამის საფასურს გადაუხდიდა მოსარჩელეს;
2009 წლის 12 დეკემბერს ¹- ბრძანების შესაბამისად, შპს «ს. რ-ის» ოპერატიული კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარდა სადგურ თბილისის სატვირთო და კომერციული საქმიანობის რევიზია. შემოწმდა 2007 წლის 01 ნოემბრიდან 2009 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში სადგურ «თბილისი-სატვირთოს» სარკინიგზო მომსახურების საფასურების გაანგარიშების რეალობა. ჩატარებული შემოწმების შედეგად, ინდ/მეწარმე «ო. ს-ძეზე» გადასახდელად დაირიცხა 9440 ლარი;
შპს «ს. რ-ზის» მიერ სადავო თანხის დაკისრების საფუძველად მიჩნეულ იქნა 2010 წლის 30 იანვრის რევიზიის აქტი, რომლის თანახმად, 2007 წლის 30 ნოემბერს 17:05 სთ-ზე სადგურში შესულია 20 დუმპკარი ი/მ ო. ს-ძის სახელზე. ¹- სამახსოვროს თანახმად, დუმპკარები მიწოდებულ იქნა სატვირთოს ეზოში 23 საათის შემდეგ და იცლებოდა 01.12.07წ. 16 საათიდან 02.12.07წ. 10 სთ-მდე; ამდენად ი/მ ო. ს-ძეზე დასარიცხი იყო 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური დღგ-ს ჩათვლით 2360 ლარი.
2008 წლის 10 დეკემბერს 17:10 სთ-ზე სადგურში შესულია 20 დუმპკარი ი/მ ო. ს-ძის სახელზე. ¹- სამახსოვროს თანახმად, დუმპკარები მიწოდებულია სატვირთო ეზოში 11.12.08 წ. 13 სთ-ზე, მიწოდებულ იქნა ¹- ვაგონი დასაცლელად (განბაჟებულია 10.12.08. 09:55 სთ-დან 11.12.08წ. 13 სთ-მდე, ¹- ს/ფ აქტი). ზემოთაღნიშნული ვაგონების მიწოდება შესაძლებელი იყო 11.12.08წ. 13 სთ-თვის. ამდენად, ი/მ ო. ს-ძეზე დასარიცხი იყო 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური დღგ-ს ჩათვლით 7080 ლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა შპს «ს. რ-ის» მოსაზრება მასზედ, რომ დროულად შეატყობინეს ინდივიდუალურ მეწარმე «ო. ს-ძეს» ტვირთის მიღების შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ შპს «ს. რ-ის» რევიზიის აქტის საფუძველზე, არ შეიძლებოდა იმის დადგენა, ვაგონების მოცდენა გამოწვეული იყო თუ არა მოსარჩელის ბრალით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ს. რ-ის» მიერ ერთპიროვნულად შედგენილი რევიზიის აქტი მტკიცებითი მნიშვნელობით უთანაბრდებოდა შპს «ს. რ-ის», როგორც მხარის ახსნა-განმარტებას, რასაც თავის მხრივ უპირისპირდებოდა მოსარჩელის საწინააღმდეგო ახსნა-განმარტება; ამასთან, სასამართლოს შეფასებით, გასათვალისწინებელი იყო რევიზიის აქტზე თანდართული სადგურ «თბილისი-სატვირთოს» დირეტორის ნ. ჩ-უას შენიშვნები, რომელიც განმარტავდა, რომ 2007 წლის 30 ნოემბერს 17 სთ და 05 წთ ი/მ ო. ს-ძის სახელზე შესული 20 ვაგონი დუნკარა (ქვიშა), ღამის საათების გამო მიწოდებული იქნა მეორე დღეს. იგივე მიმღებზე შესული დუნკარები 90 საათის განმავლობაში ვერ იქნა მიწოდებული დაცლის ფრონტზე იმ დროისათვის არსებული სამუშაო მოცულობის გამო. აღნიშნული ვაგონების მიწოდება და მათი დაცლა გათვალისწინებული დროის ფარგლებში გამოიწვევდა სადგურის სამანევრო სამუშაოებისა და მატარებელთა მიღებას, დაშლისა და გაშვების პარალიზებას, აგრეთვე სხვა ტვირთმფლობელთა ვაგონების სხვადასხვა ჩიხებში მიწოდებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის ბრალით ვაგონების მოცდენა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22.7, 23.1, 25.5, 44.2 მუხლებით და მიიჩნია, რომ შპს «ს. რ-ის» მიერ მოსარჩელისათვის 9440 ლარის დარიცხვა უკანონო იყო, რის გამოც ინდ/მეწარმე «ო. ს-ძის» სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებითYსარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკმებრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი განსჯის გარეშეE გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ შპს «ს. რ-ამ» დროულად არ შეატყობინა და ვერ მიაწოდა ტვირთი 90 საათის განმავლობაში მიმღებს დაცლის ფრონტზე არსებული სამუშაოების მოცულობის გამო.
კასატორის აზრით, ადგილი არ ჰქონია სარკინიგზო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით გათვალიწინებულ შემთხვევებს და მოსარჩელეს კანონიერად დაერიცხა ვაგონების მოცდენის გამო 9 440 ლარი. შესაბამისად, შპს «ს. რ-ამ» სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კანონიერად დაარიცხა ი/მ ,,ო. ს-ძე”-ს 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის გადახდა.
სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებაში კასატორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილევლი დავის საგანს წარმოადგენდა ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხლემძღვანელა გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708 მუხლებისა, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, რომელიც სპეციალური კანონია და სადაც დედტალურად არის რეგლამენტირებული სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (472 ლარი) 70% _ 330.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (472 ლარი) 70% _ 330.4 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.