Facebook Twitter

ას-510-479-2010 25 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ ნ. ბ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ავამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 მარტის ¹327/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში არქივარიუსად აღდგენა ან მის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ ბრძანება მისი სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე უკანონო იყო და გაათავისუფლეს მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ხელშეკრულების მოშლა, ვინაიდან კანონი დამსაქმებელს უფლება აძლევს ნებისმიერ დროს მოშალოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა და მას არ ევალება, ამტკიცოს შრომითი ურთიერთობის მოშლის მოტივი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ავას სააპელაციო საჩივარი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით ნ. ბ-ავას სააპელაციო საჩივარი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹965-კ ბრძანების საფუძველზე, 2006 წლის 9 ოქტომბრიდან, ნ. ბ-ავა დაინიშნა სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის არქივარიუსის თანამდებობაზე მომავალ კონკურსამდე და მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2007 წლიდან კი, მასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა განუსაზღვრელი ვადით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის მიერ ნ. ბ-ავას სახელზე გაცემული დახასიათების თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ხასიათდებოდა დადებითად, ამასთან, დაკისრებული სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულების გამო, წახალისებულ იქნა პრემიით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 მარტის ¹327/კ ბრძანებით, საქართველოს შორმის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ნ. ბ-ავა 2009 წლის პირველი აპრილიდან გათავისუფლდა საქართველოს იუსიტიციიის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის არქივარიუსის თანამდებობიდან;

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ, მართალია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა ნ. ბ-ავას მხრიდან სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, მაგრამ აღნიშნული ვერ გამოდგებოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული მუშაკის აღსადგენად, ისევე, როგორც ის გარემოება, რომ შრომითი ხელშრეკრულება უვადო იყო, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, მითითებული მუხლის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების მოშლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენდა და დასაქმებულის მიერ ნების გამოვლენა საკმარისი საფუძველი იყო მის შესაწყვეტად.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 მარტის ¹327/კ ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სააპელაციო საჩივარი განუხილევლად დარჩა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განაცდურის ანაზღაურების საფუძველიც, ვინაიდან არ გაბათილებულა განაცდურის გაუცემლობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდებოდა ნ. ბ-ავასათვის დამსაქმებლის მხრიდან ერთი თვის ხელფასის ანაზღაურების ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის მითითებით, მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, რაც აკრძალულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით. კასატორს დისკრიმინაციად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მან კომპიუტერის მეშვეობით შეიტყო სამუშაოს არასათანადოდ შესრულების მოტივით განთავისუფლების შესახებ, მაშინ როცა დახასიათებაში საერთოდ არაა ამაზე საუბარი. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მას ჩაუტარდა განთავისუფლების შემდეგ ტესტირება და, მიუხედავად ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა, მას აღარავინ შეხმიანებია. კასატორის განმარტებით, სასამართლომ, დაეყრდნო რა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტს, როგორც შრომითი ხელშეკრულების მოშლის დამოუკიდებელ საფუძველს, არასწორად მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის დამატებით საფუძვლებს მოქმედი შრომის კოდექსი არ ითვალისწინებდა, რითაც უგულებელყო შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილი და მე-13 მუხლი, რომელთა თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და განსაზღვროს სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით სპეციალური წესები. კასატორის აზრით, მართალია, შორმის კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, შინაგანაწესის შემოღება დამსაქმებლის უფლებაა, მაგრამ შემოღების შემთხვევაში, იგი გარიგების განუყოფელი ნაწილი ხდება და ავალდებულებს დამსაქმებელს ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს პირს შინაგანაწესის პირობები და ასევე ხელშეკრულების დადების შემდგომ, მასში განხორციელებული ცვლილებები, რაც მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს არ დაუცავს და აღნიშნული არც სასამართლოს გაუთვალისწინებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ავას სააპელაციო საჩივარი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც არ იქნა გასაჩივრებული ნ. ბ-ავას მიერ და ამდენად, მითითებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ, განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

ამის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს განსახილველ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 მარტის ¹327/კ ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილით დგინდება, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, გამოირიცხება დამსაქმებლის ბრალეულობა გამოწვეული იძულებითი მოცდენისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.