Facebook Twitter

¹ას-510-484-2011 20 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – 1. სს «...»;

2. ჯ. დ-ანი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

კასატორ სს «...ს» მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

კასატორ ჯ. დ-ანის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ. დ-ანმა სს «...ს» მიმართ და მოითხოვა: ა) მოპასუხის სს «...ს» მიერ ქუთაისის მომსახურების ცენტრის მენეჯერ ჯ. დ-ანთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, 2009 წლის 21 სექტემბერს მიღებული ¹733 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დღიდან _ 2009 წლის 21 სექტემბრიდან, შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე _ 2010 წლის 20 მარტამდე პერიოდისათვის, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების _ 3120 ლარის გათვალისწინებით (ტომი 1, ს.ფ. 2-6).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. დ-ანის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს «...ს» 2009 წლის 21 სექტემბრის ¹733 გადაწყვეტილება ქუთაისის მომსახურეობის ცენტრის მენეჯერ ჯ. დ-ანთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. სს «...ს», ჯ. დ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2009 წლის 21 სექტემბრიდან 2010 წლის 20 მარტამდე (ჩათვლით) პერიოდისათვის, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების _ 3120 ლარის გათვალისწინებით.

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ჯ. დ-ანი 2007 წლის ივნისის თვიდან მუშაობდა მოპასუხე სს «...ს» დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ქუთაისის მომსახურების ცენტრის სხვადასხვა უბნის მენეჯერად. 2009 წლის 20 მარტს დადებული შრომითი ხელშეკრულების 2.1. მუხლის საფუძველზე კი ჯ. დ-ანი მოპასუხე სს «...მ» სამუშაოდ აიყვანა და დანიშნა ქუთაისის მომსახურეობის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე;

შრომითი ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2009 წლის 20 მარტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 (ერთი) წლით _ 2010 წლის 20 მარტამდე;

დასახელებული შრომითი ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, დასაქმებულის _ მოსარჩელე ჯ. დ-ანის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 3120 ლარს;

ჯ. დ-ანი, როგორც მომსახურების ცენტრის მენეჯერი ვალდებული იყო კეთილსინდისიერად, დროულად და გულმოდგინედ შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები;

ჯ. დ-ანი, როგორც ელექტროენერგიის ერთ-ერთი აბონენტი მომხმარებელი (აბონენტი) 2009 წლის პირველ ნახევარში, ყოველთვიურად მოიხმარდა დაახლოებით 28-31 ლარის ელექტროენერგიას.

ვინაიდან 2009 წლის 15 აგვისტოს ჯ. დ-ანის ოჯახის მიერ მიღებულ ელექტროენერგიის საგადასახადო ქვითარზე აღნიშნული მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო და მიმდინარე გადასახადი შეადგენდა 2,80 ლარს, მოსარჩელე ჯ. დ-ანმა დაუყოვნებლივ აცნობა სერვისცენტრს, მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის არასრულყოფილად აღრიცხვის თაობაზე და მოითხოვა შესაბამისი ზომების მიღება. განხორციელდა დაზიანებული ელექტრომრიცხველის მოხსნა და მისი შეცვლა. 2009 წლის 21 სექტემბერს, აბონენტ ჯ. დ-ანის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც, 2009 წლის 03 ოქტომბერს მოქალაქე ჯ. დ-ანის ელექტრომრიცხველი (ძველი) დაილუქა ერთჯერადი პოლიეთილენის პარკში და გაიგზავნა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში შემდგომი შემოწმებისათვის. 2009 წლის 18 სექტემბერს ზემოაღნიშნული სააგენტოდან მიღებული ¹046 დასკვნით, შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიმეტალის ფირფიტაზე ერთ-ერთი წვერი იყო ჩახსნილი, რის გამოც ელექტრომრიცხველი მოხმარებულ ელექტროენერგიას აღრიცხავდა არასრულად. მოპასუხე სს «...ს» 2009 წლის 21 სექტემბრის ¹733 გადაწყვეტილებით, ჯ. დ-ანთან _ დასავლეთ საქართველოს ქუთაისის ... მენეჯერთან, შეწყვეტილ იქნა შრომითი ურთიერთობა 2009 წლის 21 სექტემბრიდან, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. პუნქტში დასახელებული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტი, ასევე კომპანიის «დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესის» პირველი მუხლი. მოპასუხემ, განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მოპასუხე «ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა კომპანია ელექტროენერგიის უკანონო მომხმარებლებისგან, თვითონ ახორციელებდა ელექტროენერგიის დატაცებას, რითაც მატერიალურ ზიანს აყენებდა კომპანიას ... მოსარჩელემ მოიხმარა რა ელექტროენერგია უკანონოდ, დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მას სრულიად კანონიერად 2009 წლის 21 სექტემბერს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან».

სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. დ-ანს არ დაურღვევია მოპასუხის მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების არც ერთი პირობა, უკანონოდ არ მოუხმარია ელექტროენერგია და შესაბამისად ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას (ტ.1, ს.ფ. 221-231).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «...-მ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 235-347).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით სს «...-ს» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ. დ-ანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს «...ს» 2009 წლის 21 სექტემბრის ¹733 გადაწყვეტილება ქუთაისის მომსახურების ცენტრის მენეჯერ ჯ. დ-ანთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. სს «...-ს» ჯ. დ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2009 წლის 21 სექტემბრიდან _ 2009 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისათვის მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 3120 ლარის გათვალისწინებით. დანარჩენ (2009 წლის 14 დეკემბრიდან 2009 წლის 20 მარტის ჩათვლით განაცდურის ანაზღაურების) ნაწილში ჯ. დ-ანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 44-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით მოპასუხემ დასაქმებულს წაართვა შესაძლებლობა განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. დ-ანისათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრებოდა მისი მიუღებელი ხელფასით სამუშაოდან იძულებითი მოცდენის პერიოდში. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ რადგან მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2010 წლის 20 მარტს, შესაბამისად, მოსარჩელეს _ ჯ. დ-ანს, უნდა ანაზღაურებოდა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტით მისთვის მიყენებული ზიანი - იძულებითი განაცდური შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან - 2009 წლის 21 სექტემბრიდან _ 2010 წლის 20 მარტამდე (ხელშეკრულების ვადის მოქმედების პერიოდის გათვალისიწინებით) მისი ყოველთვიური ხელფასის 3120 (სამიათასასოცი) ლარის (დასაბეგრი) ოდენობით. პალატამ აღნიშნა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას, ამასთანავე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით სამსახურიდან გათავისუფლების დადგენა, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სს «...ს» 2009 წლის 21 სექტემბრის ¹733 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, წარმოშობდა დამსაქმებლის ვალდებულებას აღედგინა ხსენებულ გადაწყვეტილებამდე არსებული მდგომარეობა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის დადებული 2009 წლის 20 მარტის შრომითი ხელშეკრულების 7.10 პუნქტის მიხედვით დასაქმებული დამსაქმებლის თანხმობის გარეშე ვერ შეასრულებდა რაიმე სხვა სახის ანაზღაურებად სამუშაოს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2009 წლის 14 დეკემბრიდან დასაქმებულია შპს «საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში» აღრიცხვის ინჟინრის თანამდებობაზე, ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება 2009 წლის 21 სექტემბრიდან ამავე წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისათვის (ტ.2, ს.ფ. 55-73).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. დ-ანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება არის არასრული. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კონკრეტული ნორმა, რომელიც კასატორს აუკრძალავდა სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში სხვა სამსახურში მუშაობას. კასატორის მითითებით ხელშეკრულების პირობების დარღვევას მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სს «...ში» მუშაობის პერიოდში დამსაქმებლის თანხმობის გარეშე შეასრულებდა სხვა სახის ანაზღაურებად სამუშაოს. აღნიშნულ ქმედებას კი მისი მხრიდან სს «...ში» მუშაობის პერიოდში ადგილი არ ჰქონია (ტ.2, ს.ფ. 78-85).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე სს «...მ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სამოქალაქო კოდექსის მე-60 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ბათილი გარიგების კონვერსიას, რადგან ნების გამომვლენმა სს «...-მ» ორივე ინსტანციაში არაერთხელ დაადასტურა მისი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მიუთითა, რომ თუნდაც ადგილი არ ჰქონოდა ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძველს, იგი ხელშეკრულებას მაინც შეწყვეტდა კომპენსაციის გათვალისწინებით. კასატორის მითითებით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი ურთიერთობის დარღვევას, მხოლოდ იმ გარეოებაზე მითითებით, რომ მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში დამსაქმებელს არ გამოუყენებია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით დარღვევის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ საჭიროებს წინაპირობის სახით მანამდე დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმით გამოყენებას (ტ.2, ს.ფ. 104-112).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 04 აპრილისა და 25 მაისის განჩინებებით ჯ. დ-ანისა და სს «...ს» საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. დ-ანის და სს «...ს» საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჯ. დ-ანის და სს «...ს» საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სს «...ს» უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (431.6 ლარი) 70% _ 302.12 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «...ს» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ჯ. დ-ანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. კასატორ სს «...ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (431.6 ლარი) 70% _ 302.12 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.