ას-512-481-2010 29 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა ი. ხ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ი. ხ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 1002 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2010 წლის 16 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი. ხ-ძემ, რომელმაც მიუთითა, რომ არის მარტოხელა და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 90 ლარს, კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ გარდაეცვალა ახლობელი, რის გამოც შუამდგომლობდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე. 2010 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორს მისი შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით.
2010 წლის 28 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით კვლავ მომართა ი. ხ-ძემ და მიუთითა, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა და კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ი. ხ-ძის მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხოლო რაც შეეხება წარმოდგენილ შუამდგომლობას საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადების საფუძველი იდენტურია და ფაქტობრივად იმეორებს იმავე განცხადებებს, რაზედაც ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2010 წლის 28 მაისისა და 2010 წლის 21 ივნისის განჩინებებით საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და აღნიშნული შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. საქმეში მხოლოდ წარმოდგენილია ცნობა კასატორის ხელფასის შესახებ, 2009 წლის მადგომარეობით. სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება მისი ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობის შესახებ კასატორს არ წარმოუდგენია, რის გამოც შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების შესახებ არ არის დასაბუთებული კასატორის ამჟამინდელი სრული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებებით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ხ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ი. ხ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.