Facebook Twitter

¹ას-140-133-2010 1 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თ. თოდრია (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სს “გ. ტ.” (წარმომადგენელი დ. ც-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “ნ.” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “გ. ტ.” მოპასუხე შპს “ნ.” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დასახელებული არბიტრაჟის 2009 წლის 23 დეკემბრის ¹19-09 გადაწყვეტილების გაუქმება.

სარჩელის თანახმად, 2007 წლის 19 ოქტომბერს, ერთი მხრივ, თ. ჟ-ს, გ. ს-ძეს, ი. ძ-ურს, მ. ც-იას, ვ. კ-ავას, მ. ღ-იას, გ. ბ-შვილს, ი. გ-ძეს, მ. კ-ძეს და ბ. მ-იანს, ხოლო მეორე მხრივ, შპს “ი. ს.” შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ზემომითითებულმა ფიზიკურმა პირებმა შპს “ი. ს.” ასესხეს თანხა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს “ი. ს.” საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, თბილისში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მშენებარე სარდაფი ფართით 561.02კვ.მ. 2008 წლის 17 ოქტომბერს შპს “ი. ს.” და სს “ს. გ. ს. კ.” (ამჟამად სს “გ. ტ.”) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ტელეკომმა შეიძინა შპს “ი. ს.” კუთვნილი ქონების ნაწილი, კერძოდ, 561.02კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან 36კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. 2009 წლის 25 ნოემბერს ერთ-ერთმა იპოთეკარმა _ თ. ჟ-მ შპს “ი. ს.” თანხის (9 955 აშშ დოლარის) დაკისრების მოთხოვნით საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა კერძო არბიტრაჟს. შპს “ნ.” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ჟ--ის საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა, შპს “ი. ს.” პრეტენდენტის სასარგებლოდ დაეკისრა მოთხოვნილი თანხების გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში მომხდარიყო ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების, 561კვ.მ ფართზე მდებარე მშენებარე სარდაფის რეალიზაცია.

მოსარჩელის მოსაზრებით, არბიტრაჟის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობაზე მიუთითებდა ის გარემოება, რომ სს “გ. ტ.” საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობდა არასწორი პროცესუალური სტატუსით _ მესამე პირად. ამასთან, გადაწყვეტილებით განისაზღვრა ტელეკომის კუთვნილი ქონების რეალიზაცია ისე, რომ ეს უკანასკნელი მხარედ მიწვეული არ ყოფილა (ს.ფ. 1-10).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით სს “გ. ტ.” უარი ეთქვა შპს “ნ.” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ სარჩელი არ იყო სააპელაციო სასამართლოს განსჯადი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 35613-ე, 35624-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით; არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ საქმეებს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოები; “არბიტრაჟის შესახებ” კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა შპს “ნ.” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 23 დეკემბრის ¹19-09 გადაწყვეტილების გაუქმებას.

“არბიტრაჟის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის თანახმად, ეს კანონი ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ნ.” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც მხარე ითხოვდა, მიღებული იყო 2009 წლის 23 დეკემბერს, მასზე არ ვრცელდებოდა 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული “არბიტრაჟის შესახებ” კანონით დადგენილი წესი. შესაბამისად, სარჩელი არ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს განსჯადს. სს “გ. ტ.” სადავო საკითხზე სარჩელით უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის (ს.ფ. 32-34).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “გ. ტ.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად არ უნდა იქნეს გამოყენებული “არბიტრაჟის შესახებ” კანონის 2009 წლის 19 ივნისის კანონით დადგენილი დანაწესი, რომელიც შეეხება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელის განსჯადობას და ასეთი სარჩელის განხილვის უფლებამოსილებას სააპელაციო სასამართლოს მიაკუთვნებს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს “არბიტრაჟის შესახებ” 2009 წლის 29 ივნისის კანონის 46-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება “კერძო არბიტრაჟის შესახებ” 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების “არბიტრაჟის შესახებ” კანონით განსაზღვრული წესით განხილვაზე. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში საქმე შეეხება არბიტრაჟში განხილულ (დამთავრებულ) საქმეს, რომელიც სს “გ. ტ.” 2010 წლის იანვარში _ “არბიტრაჟის შესახებ” 2009 წლის 29 ივნისის კანონის მოქმედების პერიოდში გაასაჩივრა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დასახელებული კანონის მოქმედება მასზე უნდა გავრცელდეს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს. “არბიტრაჟის შესახებ” ამჟამად მოქმედი კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი “კერძო არბიტრაჟის შესახებ” 1997 წლის 17 აპრილის კანონი, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისი მოქმედების მოცემულ შემთხვევაში გავრცელება არასწორია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ საქმეებს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოები. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სს “გ. ტ.” სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ სააპელაციო სასამართლომ (ს.ფ. 39-41).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და სს “გ. ტ.” სარჩელი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

“არბიტრაჟის შესახებ” 2009 წლის 19 ივნისის კანონით საქართველოში საარბიტრაჟო წარმოების წესები ახლებურად მოწესრიგდა. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით და 42-ე მუხლით განისაზღვრა სააპელაციო სასამართლოების ქვემდებარე საქმეები, მათ შორის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების მოთხოვნით აღძრული დავა. გარდა ამისა, 2009 წლის 29 ივნისის კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა ცალკე XLIV3 თავი _ “არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი”, რომლის 356.13 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით ასევე დადგინდა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ საქმეებს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოები. მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების _ “არბიტრაჟის შესახებ” 2009 წლის 19 ივნისის კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3 თავის ნორმების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვარი. აღნიშნული ნიშნავს, რომ უკვე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების მოთხოვნით აღძრული დავის განხილვა 2010 წლის 1 იანვრიდან სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით დადგენილი სამოქალაქო საპროცესო ნორმების დროში მოქმედების პრინციპი. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება “არბიტრაჟის შესახებ” 2009 წლის 19 ივნისის საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი, რამდენადაც იგი აწესრიგებს ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავის შემდგომი განხილვის საკითხს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო დავა უკვე დასრულებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “გ. ტ.” სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადია.

რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის დასაშვებობის სხვა წინაპირობების დაცულობის საკითხზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებას და საქმეს სარჩელის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმე სს “გ. ტ.” სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.