Facebook Twitter

ას-515-483-2010 5 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

სხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე

კასატორი _ გ. და ე. ჭ-შვილები (მოპასუხეები)

წარმომადგენელი _ ნ.კ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ო-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ა.მ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ო-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და თ. ჭ-შვილების მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილობისა და დედის _ ქ. ჭ-შვილის კუთვნილ, ქ.თბილისში, ... ¹16-ში მდებარე ¹12 ბინის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე არის ქ. ჭ-შვილის ერთ-ერთი შვილი და და-ძმასთან ერთად ითვლება მის მემკვიდრედ თანასწორი უფლებით. 2008 წლის 28 თებერვალს მოპასუხეებმა მიმართეს ნოტარიუს ნ. თ-იას ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ და უკანონოდ მიიღეს სადავო სამკვიდრო მოწმობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 28 თებერვალს გ. და თ. ჭ-შვილებმა მიიღეს კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა და 2008 წლის 4 მარტს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრეებად. ქ. ჭ-შვილი გარდაიცვალა 1998 წელს, სარჩელი კი აღძრულ იქნა 2008 წლის ნოემბერში, შესაბამისად, მ.ო-ძემ სამკვიდროს მიღების შედავების 2-თვიანი ვადა დაარღვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გ. და თ. ჭ-შვილების სახელზე რიცხულ ქ.თბილისში, .... ¹16-ში მდებარე ¹12 ბინას დაედო ყადაღა. ამავე სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით თ. ჭ-შვილის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ე. ჭ-შვილი, ხოლო 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ო-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სადავო ბინას ყადაღა მოეხსნა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ო-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ო-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მ. ო-ძე ცნობილ იქნა ქ.ბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1998 წლის 5 მარტს მამკვიდრებელი ქ. ჭ-შვილი გარდაიცვალა. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე – მ. ო-ძე, გ. და თ. ჭ-შვილები. სამკვიდრო ქონება წარმოადგენს ქ.თბილისში, ... ¹16-ში მდებარე ¹12 ბინას. გ. და თ. ჭ-შვილებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს დედის სამკვიდრო და აღნიშნულის საფუძველზე 2008 წლის 28 თებერვალს მათზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. დედის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მ. ო-ძეს სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე არ მიუმართავს, ხოლო 2008 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, მას უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე – სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. 2006 წელს მ. ო-ძე, თ. და გ. ჭ-შვილების ნების საწინააღმდეგოდ, საცხოვრებლად გადავიდა სადავო ბინაში. 2008 წლის 22 მაისს თ. ჭ-შვილი გარდაიცვალა. 2008 წლის 1 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მეუღლე ე. ჭ-შვილი წარმოადგენს თ. ჭ-შვილის მემკვიდრეს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ო-ძეს დედის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნა ემყარება მოპასუხის განმარტებას და თავად მოსარჩელის მითითებას იმაზე, რომ იგი ბინაში საცხოვრებლად გადავიდა 2006 წელს, რასაც ადასტურებს ასევე ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის მიმართულებით მეორე ოცეულის პატრულ-ინსპექტორის შეტყობინება და ოქმი.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის მითითებას, რომ მ.ო-ძის სადავო სახლში 2006 წლიდან საცხოვრებლად გადასვლა არ გამორიცხავს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით სამკვიდროს მიღების ფაქტს. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმის ჩვენებები, როდესაც დაადგინა, რომ მ.ო-ძე კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს არ დაუფლებია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და მიუთითა მ. ო-ძის განმარტებაზე, რომ 1998 წლიდან იგი რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე, ... ქუჩაზე. საცხოვრებლად უვარგისი პირობების გამო, დედის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში და მას შემდეგაც მ.ო-ძე ძირითადად ... ქ.¹16-ში მდებარე მშობლების ბინაში ცხოვრობდა და მუშაობდა იმავე ქუჩის ¹14-ში ძიძად, ასევე, მხოლოდ იგი სარგებლობს დედის კუთვნილი სააგარაკო მიწის ნაკვეთით. მოწმის სახით დაკითხული მ. ჟ-ის ჩვენებით, ... ქუჩაზე მდებარე მ. ო-ძის ბინა საცხოვრებლად უვარგისი იყო და მ.ო-ძე მუდმივად, მათ შორის, ქ. ჭ-შვილის გარდაცვალების შემდეგ 40 დღის განმავლობაში ცხოვრობდა ... ქუჩაზე მდებარე ბინაში.

ამდენად, თავად მ. ო-ძისა და მოწმის სახით დაკითხული მ. ჟ-ის განმარტების ერთობლიობაში, შინაგანი რწმენით შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ჭ-შვილის გარდაცვალების დღიდან მ. ო-ძე დაეუფლა დედის სამკვიდრო ქონებას. ამდენად, მან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მიიღო სამკვიდრო.

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. ო-ძე, გ. და თ. ჭ-შვილებთან ერთად, წარმოადგენს ქ. ჭ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრეს. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სარჩელით სადავოდ გამხდარი ქონება წარმოადგენდა 1998 წელს გარდაცვლილი ქ. ჭ-შვილის სამკვიდრო ქონებას. პალატამ დაადგინა, რომ მამკვიდრებელი ქ. ჭ-შვილი გარდაიცვალა 1998 წლის 5 მარტს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე და 1319-ე მუხლების მიხედვით, ამავე დღიდან გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მ. ო-ძემ გამოავლინა სამკვიდროს მიღების ნება _ დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სამკვიდრო. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ. ო-ძეს დანარჩენ ორ მემკვიდრესთან ერთად გააჩნია თანასწორი წილის უფლება სამკვიდრო ქონებაზე, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. და ე. ჭ-შვილებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადოდ და ობიექტურად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელია.

მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოსარჩელე მ. ო-ძემ კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში მიიღო თუ არა დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება და, შესაბამისად, ეკუთვნის თუ არა მას წილი ქ.თბილისში, ... ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აწ გარდაცვლილი ქ. ჭ-შვილის შვილ მ. ო-ძეს კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით სამკვიდრო ქონება არ მიუღია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მტკიცებულებები (მათ შორის მოსარჩელის განმარტებებიც), რომლებსაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნები. სააპელაციო პალატამ მოსარჩელე მ. ო-ძისა და მისი მეგობრის _ მოწმე მ. ჟ-ის განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ო-ძე დადგენილ ვადაში დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტებები, რომელთა მიხედვით დადასტურებულია, რომ მ. ო-ძეს დედის გარდაცვალებიდან, ანუ 1998 წლის 5 მარტიდან 6 თვის ვადაში ნოტარიუსისათვის განცხადებით არ მიუმართავს. 2008 წლის 20 ოქტომბერს მ. ო-ძემ ნოტარიუსს მიმართა და მას ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან გაშვებულ იქნა სამკვიდროს მიღების ვადა, ასევე წარდგენილი დოკუმენტებითაც ვერ დადგინდა, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა. დადგენილებაში აღინიშნა, რომ ქ.ჭ-შვილის დანაშთი სამკვიდრო ქონება, რომელზედაც მ. ო-ძე ითხოვდა სამკვიდრო მოწმობის გაცემას, აღარ არსებობდა.

პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ. ო-ძეს, როგორც ქ.ჭ-შვილის შვილს და პირველი რიგის მემკვიდრეს, ნებისმიერ დროს შეეძლო, მოეთხოვა და დაუბრკოლებლად მიეღო დედის სამკვიდრო. სწორედ ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არც კი უცდია დაემალა ის ფაქტი, რომ 1986-2004 წლებში ცხოვრობდა თავის ბინაში, ... გამზირის ¹110-ის ¹46 ბინაში (სადაც იგი დღემდეა რეგისტრირებული), შესაბამისად, 1998 წელს გარდაცვლილი დედის სამკვიდროს არ დაუფლებია. აღნიშნული დასტურდება სასარჩელო განცხადებაზე თანდართული საპატრულო პოლიციის დოკუმენტაციით. 2009 წლის 11 ივნისის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღიარა, რომ გარდა საპატრულო პოლიციის 2006 წლის 24 ნოემბრის ოქმებისა, მათ ქ. ჭ-შვილის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის შესახებ არავითარი მტკიცებულება არ გააჩნდათ, ასევე მ.ო-ძეს დედის სამკვიდრო სანოტარო წესით არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ მამკვიდრებელს ქ. თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე ბინის გარდა, სხვა ნივთი არ გააჩნდა, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 312-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მ.ო-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ კანონით დადგენილ ვადაში იგი დაეუფლა ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში არსებულ ქ. ჭ-შვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთს.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. გ. ჭ-შვილი და ე. ჭ-შვილი კისრულობენ სოლიდარულ ვალდებულებას, გადაუხადონ მ. ო-ძეს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

2. ამ თანხის (5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის) მ. ო-ძისათვის გადახდამდე მ. ო-ძე უფლებამოსილია, იცხოვროს (ფლობდეს და სარგებლობდეს) ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე სადავო ბინაში;

3. პირველ პუნქტში მითითებული თანხის (5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის) მიღების მომენტიდან 2 (ორი) კვირის განმავლობაში მ. ო-ძე ვალდებულია, სრულად გამოათავისუფლოს ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე ბინა და გადასცეს გ. ჭ-შვილსა და ე. ჭ-შვილს;

4. მხარეები აღიარებენ, რომ მ. ო-ძისათვის 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდის მომენტამდე ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე სადავო ბინას დადებული ექნება ყადაღა. ყადაღა მოხსნას ექვემდებარება მ. ო-ძისათვის თანხის სრულად გადაცემისთანავე, რაზეც იგი ვალდებულია, შეადგინოს ხელწერილი თანხის მიღებაზე და განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრის სამსახურს ყადაღის მოხსნის თაობაზე;

5. გ. და ე. ჭ-შვილები უარს აცხადებენ ქ. ჭ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე, მათ შორის, ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში მდებარე უძრავ ქონებაზე, მ. ო-ძის სასარგებლოდ, გარდა ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე სადავო ბინისა, რომელიც რჩება გ. და ე. ჭ-შვილების თანასაკუთრებაში და ამ ბინაში არსებული ნივთებისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. და გ. ჭ-შვილებს უნდა დაუბრუნდეს ე. ჭ-შვილის მიერ 2010 წლის 15 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი და ნ. კ-ძის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 350 ლარის ოდენობით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება მ. ო-ძეს, გ. და ე. ჭ-შვილების შორის შემდეგი პირობებით:

1. გ. ჭ-შვილი და ე. ჭ-შვილი კისრულობენ სოლიდარულ ვალდებულებას, გადაუხადონ მ. ო-ძეს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

2. ამ თანხის (5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის) მ. ო-ძისათვის გადახდამდე მ. ო-ძე უფლებამოსილია, იცხოვროს (ფლობდეს და სარგებლობდეს) ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე სადავო ბინაში;

3. პირველ პუნქტში მითითებული თანხის (5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის) მიღების მომენტიდან 2 (ორი) კვირის განმავლობაში მ. ო-ძე ვალდებულია, სრულად გამოათავისუფლოს ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე ბინა და გადასცეს გ. ჭ-შვილსა და ე. ჭ-შვილს;

4. მხარეები აღიარებენ, რომ მ. ო-ძისათვის 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდის მომენტამდე ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე სადავო ბინას დადებული ექნება ყადაღა. ყადაღა მოხსნას ექვემდებარება მ. ო-ძისათვის თანხის სრულად გადაცემისთანავე, რაზეც იგი ვალდებულია, შეადგინოს ხელწერილი თანხის მიღებაზე და განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრის სამსახურს ყადაღის მოხსნის თაობაზე;

5. გ. და ე. ჭ-შვილები უარს აცხადებენ ქ. ჭ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე, მათ შორის, ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში მდებარე უძრავ ქონებაზე, მ. ო-ძის სასარგებლოდ, გარდა ქ.თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე სადავო ბინისა, რომელიც რჩება გ. და ე. ჭ-შვილების თანასაკუთრებაში და ამ ბინაში არსებული ნივთებისა.

შეწყდეს საქმის წარმოება მ. ო-ძის სარჩელის გამო ე. და გ. ჭ-შვილების მიმართ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

ე. და გ. ჭ-შვილებს დაუბრუნდეს ე. ჭ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი და ნ. კ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 350 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.