ას-516-484-2010 9 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ ... კავშირი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ ... კომპანია” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინება
დავის საგანი _ განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა ძირითად ხელფასზე დანამატის განსაზღვრა, განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის დანამატის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 31 მარტს .. ..პოლიტენის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “.. ..-ს” (შემდგომში შპს “... კომპანია”) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. მოპასუხისათვის განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობის განსაზღვრის დავალება;
ბ. მოპასუხისათვის განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა ძირითად ხელფასზე დანამატის განსაზღვრის დავალება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით;
გ. განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის დანამატის გადახდა 2009 წლის 1 იანვრიდან.
სარჩელის თანახმად, 2008 წლის 25 თებერვალს შპს “.. ..სა” და თბილისის მეტოპოლიტენის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის გაფორმდა კოლექტიური შეთანხმება, რომლითაც შპს “.. ..მ” იკისრა ვალდებულება, 2008 წლის მე-4 კვარტალში მოეხდინა განსაკუთრებულ პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობის განსაზღვრა და მისი გადახდა. მოსარჩელე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სისტემატურად მიმართავდა შპს “.. ..ს” ადმინისტრაციას, კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნით მიმართა 2008 წლის 25 სექტემბრის, 2008 წლის 18 ნოემბრის, 2008 წლის 25 დეკემბრის, 2009 წლის 23 იანვრისა და 2009 წლის 27 თებერვლის წერილებით, თუმცა ადმინისტრაცია თავს არიდებდა პრობლემის გადაჭრას. 2009 წლის 27 თებერვლის წერილის პასუხად 2009 წლის 11 მარტის წერილით შპს “.. ..მ” განმარტა, რომ ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობის განსაზღვრის ვალდებულების შესრულების საკითხზე ადრესატს აცნობებდა 2009 წლის მე-2 კვარტლიდან. ამდენად, მოპასუხემ უარი განაცხადა სახელშეკრულებო ვალდებულებაზე, რომელიც შეეხებოდა დანამატის 2008 წლის მე-4 კვარტლიდან განსაზღვრასა და გადახდას (ტომი I, ს.ფ. 1-11).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ... კავშირის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “... კომპანიას” დაევალა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობის განსაზღვრა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2008 წლის 25 თებერვალს შპს “.. ..სა” და .. ..პოლიტენის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის 3.13 პუნქტით შპს “.. ..მ” ვალდებულება იკისრა, 2008 წლის მე-4 კვარტალში მოეხდინა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობის განსაზღვრა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 29 ივნისის ¹3671/01-01 ბრძანების თანახმად, შპს “.. ..ს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს “... კომპანია”.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა ... კომპანიისათვის განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობის განსაზღვრას, დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, რამდენადაც 2008 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით შპს “.. ..მ” ვალდებულება იკისრა, 2008 წლის მე-4 კვარტალში მოეხდინა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობის განსაზღვრა, აღნიშნული ვალდებულებით კი მან ფაქტობრივად აღიარა საწარმოში განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობის განსაზღვრის ვალდებულება.
რაც შეეხებოდა მოთხოვნებს განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის სახით 100 ლარის განსაზღვრისა და განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის 2009 წლის 1 იანვრიდან დანამატის გადახდის შესახებ, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო არც განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობა და არც მისი გაცემის წესი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს “... კომპანიისათვის” სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ 2008 წლის 25 თებერვალს დადებული ხელშერულებით განსაზღვრული არ იყო არც განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობა და არც მისი გაცემის წესი. ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, საწარმო ვალდებული იყო, 2008 წლის მე-4 კვარტალში განეხორციელებინა დანამატის ოდენობის განსაზღვრა, თუმცა ხელშეკრულება არ მიუთითებდა, დროის რა პერიოდიდან იქნებოდა საწარმო ვალდებული, გაეცა შესაბამისი თანხა (ტომი I, ს.ფ. 159-165).
მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა .. ..ის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 169-181).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ აზუსტებდა მოთხოვნას ხელფასზე დანამატის ოდენობის 100 ლარით განსაზღვრის ნაწილში და მის ნაცვლად ითხოვდა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის განსაზღვრას 2009 წლის 1 იანვრიდან (ტომი II, ს.ფ. 27, 34-39).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა მოთხოვნის დაზუსტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი რეალურად ითხოვდა დავის საგნის შეცვლას, რაც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლს, რომლის მიხედვით დავის საგნის შეცვლა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია (ტომი II, ს.ფ. 34-39).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით ... კავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (ტომი II, ს.ფ. 42-50).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება, ასევე ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა .. ..პოლიტენის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება, კერძოდ, განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობის განსაზღვრის მოპასუხისათვის დავალება და მისი გადახდა 2009 წლის 1 იანვრიდან.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მსჯელობს, როდესაც განმარტავს, რომ 2008 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით შპს “... კომპანიას” არ წარმოშობია დანამატის გაცემის ვალდებულება, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო დანამატის გაცემის წესი. სამოქალაქო კოდექის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 2008 წლის 25 თებერვლის შეთანხმების 3.1.3 პუნქტით დგინდება, რომ ადმინისტრაცია ვალდებული იყო 2008 წლის ბოლომდე, ანუ მე-4 კვარტალში მოეხდინა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობის განსაზღვრა. რაც შეეხება დანამატის გაცემის ვალდებულებას 2009 წლის 1 იანვრიდან, სწორედ აქ დგება გარიგების დადებისას ნების გამოვლენის განმარტების საკითხი. მითითებული 3.1.3. პუნქტის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციას დანამატის გაცემის ვალდებულება წარმოეშვა 2009 წლის 1 იანვრიდან და არა ერთი, ან ათი წლის შემდეგ. ეს აზრია ჩადებული ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტში და იგი არ შეიძლება სხვაგვარად განიმარტოს.
2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებასთან მიმართებით საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ... კავშირის შუამდგომლობა წარმოადგენდა მოთხოვნის დაზუსტებასა და დაკონკრეტებას და არა დავის საგნის შეცვლას. უკიდურეს შემთხვევაში შუამდგომლობა შეიძლებოდა შეფასებულიყო მოთხოვნის ოდენობის შემცირებად, ვინაიდან მასში დანამატის ოდენობის 100 ლარით განსაზღვრის მოთხოვნა აღარ ფიგურირებდა (ტომი II, ს.ფ. 56-63).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით ... კავშირის შუამდგომლობის შეფასებას დავის საგნის შეცვლის მოთხოვნად. აღნიშნული შუამდგომლობის მიხედვით, .. ..ის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის 2009 წლის 1 იანვრიდან კონკრეტულად 100 ლარის ოდენობით განსაზღვრის ნაცვლად მოითხოვა მხოლოდ ძირითად ხელფასზე დანამატის განსაზღვრა 2009 წლის 1 იანვრიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება, ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველი და დაზუსტებული მოთხოვნების შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ პროფესიულ კავშირს თავდაპირველი მოთხოვნის ნაცვლად ახალი მოთხოვნა არ წარუდგენია, რაც დავის საგნის შეცვლად ჩაითვლებოდა. მან მოახდინა მოთხოვნის ტრანსფორმირება თავდაპირველი დავის საგნის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთა ძირითად ხელფასზე დანამატის განსაზღვრის შესახებ ... კავშირის მოთხოვნაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მოდავე მხარეებს შორის 2008 წლის 25 თებერვალს დადებული შეთანხმების 3.1.3 პუნქტი, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ და შპს “.. ..ს” ადმინისტრაციამ ცალსახად იკისრა ვალდებულება, 2008 წლის მე-4 კვარტალში მოეხდინა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის ძირითად ხელფასზე დანამატის ოდენობის განსაზღვრა. ამასთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლი, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გამოსაკვლევია, საქმის მასალების თანახმად, ხომ არ მოხდა მხარეთა შორის მითითებული შეთანხმების შეცვლა ხელფასზე დანამატის განსაზღვრის ნაცვლად სხვაგვარი შესრულებით, რაზეც საუბარია “.. ..ს” 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹02-06/203 წერილში (ტ.1, ს.ფ. 17). სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რა კონკრეტულ ვალდებულებაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და რისი შესრულების ვალდებულება აკისრია შპს “... კომპანიას”.
რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხისათვის განსაკუთრებულ სამუშაო პირობებში მომუშავე დასაქმებულთათვის დანამატის 2009 წლის 1 იანვრიდან გადახდის დავალების შესახებ, აღნიშნული საკითხი გამოკვლეულ უნდა იქნეს 2008 წლის 25 თებერვალს დადებული შეთანხმების 3.1.3 პუნქტის ნამდვილი აზრისა და მიზნის სწორად გამორკვევის, ასევე ზემომითითებული გარემოების შეფასების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინება, ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.