ას-517-485-2010 15 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ქ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე, ი. ქ-შვილის სარჩელის გამო ნ. ა-შვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; ნ. ა-შვილის შეგებებული სარჩელი ი. ქ-შვილის მიმართ უკანონო ხელშეკრულების აღკვეთის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით ი. ქ-შვილს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 339 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 3 ივნისს ი. ქ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე გადაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან გაუგრძელდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ი. ქ-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 339 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 6 ივლისს ი. ქ-შვილმა კვლავ მიმართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 15 დღით გაგრძელება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით ი. ქ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვაადაში სახელმწიფო ბაჟის – 339 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.I. ს.ფ. 81-82).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2010 წლის 9 ივლისს (ტ.II, ს.ფ. 83). ი. ქ-შვილს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 14 ივლისს. კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ტ.II. ს.ფ. 84).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.