ას-518-486-2010 24 ნოემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძესხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე
კასატორი _ ნ. ბ-აში
კასატორის წარმომადგენელი – თ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. კ-ძე, ე. ც-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. კ-ძისა და ე. ც-ძის მიმართ 1996 წლის 11 ნოემბერს მ. შ-შვილსა და ფ. კ-ძეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების, ფ. კ-ძესა და ე. ც-ძეს შორის 2005 წლის 22 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მ. შ-შვილის კანონისმიერ მემკვიდრეებად ნ. ბ-აშისა და მ. შ-შვილის ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მშობლებს- მ. შ-შვილსა და ნ. ბ-აშს ჰქონდათ უთანხმოება. მართალია, სასამართლომ განქორწინების შესახებ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ მხარეებმა ქონება გაიყვეს, კერძოდ, ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1965 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-აშს მ. შ-შვილის საკუთრებაში არსებული ქობულეთში, ... ქ.¹322-ში მდებარე სახლიდან მიეკუთვნა მე-2 სართულზე მდებარე 14 კვ.მ ¹9 ოთახი აივნის, კიბისა და სველი წერტილების საერთო სარგებლობის უფლებით. მოგვიანებით მათ სახლში მდგმურის უფლებით შესახლდა ფ. კ-ძე, რომელმაც ისარგებლა ოჯახში არსებული მდგომარეობით და დაუახლოვდა მ. შ-შვილს. 1991 წელს მ. შ-შვილი გახდა ავად, განუვითარდა აზროვნებისა და მეტყველების დეფექტი. 1996 წელს, ამ უკანასკნელის ავადმყოფობისას ქონების დასაკუთრების მიზნით, ფ. კ-ძემ მოახერხა მ. შ-შვილთან ქორწინების გაფორმება, ისე, რომ მ. შ-შვილი ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა. 1996 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებით მ. შ-შვილმა ქობულეთში, ... გამზირის ¹322-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთი აჩუქა მეუღლე ფ. კ-ძეს. სასამართლოს 1999 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-აშის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. შ-შვილსა და ფ. კ-ძეს შორის 1996 წლის 29 მარტს ქობულეთის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი. მოსარჩელემ სადავოდ გახადა 1996 წლის 11 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებაზე მ. შ-შვილის ხელმოწერის ფაქტიც, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ მასში მ. შ-შვილის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა მ. შ-შვილის, არამედ სხვა პირის მიერ. ნ. ბ-აშის სარჩელის საფუძველზე ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით 1996 წლის 11 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ნ. ბ-აშისათვის ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1965 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული 14 კვ.მ ოთახი, საერთო სარგებლობის აივანი და კიბე. 2005 წელს ფ. კ-ძე გაურიგდა მეზობლად მცხოვრებ დინა ც-ძესა და მის შვილებს და 2005 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონება უკანონოდ აღირიცხა ე. ც-ძის სახელზე. აღნიშნულს ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი _ 30 000 აშშ დოლარი, რაც ქალაქის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთისათვის არარეალურ ფასს წარმოადგენდა. გარდა ამისა, მეზობლებისათვის ცნობილი იყო ნ. ბ-აშსა და ფ. კ-ძეს შორის წლების განმავლობაში არსებული დავის შესახებ, შესაბამისად, სადავო ქონების შემძენი უნდა ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერად.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებაზე მ.შ-შვილის ხელმოწერის გამყალბებელი პირის ვინაობა სათანადო წესით არ დადგენილა. რაც შეეხება ე.ც-ძეს, იგი კეთილსინდისიერი შემძენია და არ იყო ვალდებული, საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორე ემოწმებინა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. შ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 11 ნოემბერს ქობულეთის ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მ.შ-შვილსა და ფ.კ-ძეს შორის, მ.შ-შვილის კანონიერ მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ შვილი მ.შ-შვილი და მეუღლე ნ.ბ-აში, მოსარჩელეს უარი ეთქვა 2005 წლის 22 აგვისტოს ქ.ქობულეთის ნოტარიუს ნ. ს-ძის მიერ ფ.კ-ძესა და ე.ც-ძეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ფ. კ-ძემ და ე. ც-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ნ. ბ-აშმა და მ. შ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ფ. კ-ძისა და ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მ. შ-შვილისა და ნ. ბ-აშის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულებისა და მემკვიდრედ ცნობის ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მ.შ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ნ. ბ-აშის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. ბ-აშის სააპელაციო საჩივარი 2005 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ფ. კ-ძესა და მ. შ-შვილს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება კანონიერად იქნა ცნობილი. მ.შ-შვილსა და ნ.ბ-აშს უარი ეთქვათ კანონიერ მემკვიდრეებად ცნობაზე იმ მოტივით, რომ მათ გაუშვეს მემკვიდრეობის მისაღებად კანონით დადგენილი ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნ.ბ-აში და მ.შ-შვილი ვერ იქნებიან მ. შ-შვილის უფლებამონაცვლეები ამ უკანასკნელის მიერ თავის სიცოცხლეში დადებული გარიგებებიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებში.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ფ. კ-ძესა და ე. ც-ძეს შორის დადებული 2005 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1996 წლის 11 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით მ. შ-შვილმა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება საჩუქრად გადასცა ფ. კ-ძეს, რომელიც 1970 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მასთან. ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ნ. ბ-აშის წილი ¹9 ოთახი, რომელიც მას გამოეყო 1965 წლის 24 აპრილს ქობულეთის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით. მ. შ-შვილს თავის სიცოცხლეში ჩუქების ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, ამ მოტივით ხელშეკრულების ბათილობას ვერც მისი მემკვიდრეები მოითხოვდნენ. ამდენად, სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ჩუქების ხელშეკრულება ხელმოწერილია მ. შ-შვილის მიერ, ნამდვილია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კანონიერადაა ცნობილი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ ფ. კ-ძე კანონიერ ძალაში არსებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ნივთის კანონიერი მესაკუთრეა, ხოლო ნ. ბ-აში და მ. შ-შვილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, მ. შ-შვილის კანონიერ მემკვიდრეებს არ წარმოადგენენ.
ნ.ბ-აშის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა თუნდაც იმ მოტივით, რომ მ. შ-შვილის მიერ ჩუქების ხელშეკრულება ფ.კ-ძისათვის მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ნამდვილია, ფ. კ-ძე ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ქონების მესაკუთრეა, ხოლო მესაკუთრეს კი უფლება აქვს, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, გაასხვისოს კუთვნილი ქონება. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ ფ.კ-ძემ მის საკუთრებაში არსებული ქონება მიჰყიდა რა ე.ც-ძეს, ხელშეკრულება გაფორმდა კანონის სრული დაცვით. ფ.კ-ძის მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონება აღირიცხა საჯარო რეესტრში მის სახელზე, ანუ არსებობდა რეესტრის ჩანაწერი ფ. კ-ძის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 185-ე, 477-ე მუხლებით, 487-ე მუხლის პირველი ნაწილით, 489-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ე. ც-ძემ, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, შეიძინა საჯარო რეესტრის მონაცემებით უფლებრივად უნაკლო ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად კი, რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა ე.ც-ძის არაკეთილსინდისიერება ვერ დაადასტურა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ბ-აშმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებანი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საკასაციო სასამართლო მოცემული დავის საგნად მიიჩნევს როგორც ნასყიდობის, ისე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და სადავო ქონებაზე მემკვიდრედ აღიარებას, გასაჩივრებული განჩინებით კი, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების კანონშესაბამისობაზე. საქმის განხილვა უკანონოდ წარიმართა, მათ შორის, ნ.ბ-აშის ყოფილი ადვოკატის არაკეთილსინდისიერებისა და მოწინააღმდეგე მხარესთან გარიგების გამო. სასამართლო სხდომიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაძევებულ იქნა მოცემულ საქმეში გათვითცნობიერებული კასატორის ახლობელი დ.ნ-ი. პალატას ერთობლივად არ განუხილავს მოცემული საქმის გარემოებანი, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაბუთებული ეჭვი გაუჩნდებოდა სადავო გარიგებების კანონიერებაზე, რადგან ფ.კ-ძემ გააფორმა მ.შ-შვილთან უკანონო ქორწინება, 1997 წელს ნოტარიუს მ. კ-ძის დახმარებით მიიღო კასატორის დედამთილის სამკვიდრო ქონებაზე მ. შ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და სადავო სახლიდან უკანონოდ ამოწერა კასატორის შვილი და შვილიშვილი, რომელსაც მ.შ-შვილი თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა. ამასთან, ფ.კ-ძისა და მ.შ-შვილის ქორწინების ბათილად ცნობის საკითხის განმხილველი მოსამართლე უთითებს ფ.კ-ძის აღიარებაზე, რომ აღნიშნული ქორწინება გაფორმდა მ.შ-შვილის ქონების მისაკუთრების მიზნით. წლების განმავლობაში ფ.კ-ძე შემოსავალს იღებდა სადავო ქონების გაქირავებით და შემდეგ კანონის უხეში დარღვევით გადააფორმა იგი ე. ც-ძის სახელზე, რომელმაც იცოდა, რომ ქონება სადავო იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების კანონშესაბამისობაზე, ხოლო ჩუქების ხელშეკრულების ნაწილში არასწორად დაადგინა, რომ ჩუქების ხელშეკრულება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კანონიერადაა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ნ. ბ-აშის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს განჩინებით საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს უნდა გამოერკვია, როგორც 1996 წლის 11 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების, ასევე 2005 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება შემძენის კეთილსინდისიერებასთან მიმართებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, რომ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა როგორც ჩუქების, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილში, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს განსახილველი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ დავაზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1996 წლის 11 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით მ. შ-შვილმა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება საჩუქრად გადასცა ფ. კ-ძეს, რომელიც 1970 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მასთან. ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ნ. ბ-აშის წილი ¹9 ოთახი, რომელიც მას გამოეყო 1965 წლის 24 აპრილს ქობულეთის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით. მ. შ-შვილს თავის სიცოცხლეში ჩუქების ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, ამ მოტივით ხელშეკრულების ბათილობას ვერც მისი მემკვიდრეები მოითხოვდნენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს სადავო ჩუქების ხელშეკრულების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. ასეთ პრეტენზიად ვერ იქნება განხილული კასატორის მოსაზრებები ჩუქების ხელშეკრულების სიყალბეზე და ზოგადი მითითებები სხვადასხვა დოკუმენტების არაკანონიერი გზით განადგურებაზე. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს რა შეჯიბრებითობის პრინციპით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, მხარის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი ამავე მხარეზეა, რაც გარემოებათა სათანადო მტკიცებულებებით და არა მხოლოდ ამავე მხარის განმარტებით დადასტურებას გულისხმობს.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის არგუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულების არაკანონიერებაზე იმ საფუძვლით, რომ მყიდველი ე. ც-ძე არაკეთილსინდისიერი შემძენია. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ გამსხვისებელ ფ. კ-ძის სახელზე სადავო ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის არაკანონიერება არ დადგენილა, რაც თავისთავად გამორიცხავს შემძენის კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნული ფორმულირებით კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოება _ გამსხვისებლის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია, ანუ შემძენის კეთილსინდისიერება ეფუძნება ობიექტურ ფაქტორს, საჯარო რეესტრის მონაცემებს. კანონის ეს დანაწესი განპირობებულია თვით კანონის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების მიმართ დადგენილი უტყუარობის ფიქციით. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორედ, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორედ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით ამგვარი ფაქტების არსებობა სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია და ამ მიმართებით არც კასატორს წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს საკასაციო საჩივრის იმ საფუძვლებზე მსჯელობას, რომლითაც კასატორი არაკანონიერად მიიჩნევს მისი ინტერესების დამცველის მოქმედებებს, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის არქონის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-აშის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.