Facebook Twitter

ას-519-487-2010 19 ივლისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს “ს-ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ბ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 4 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. ბ-იამ მოპასუხე შპს “ს-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი ავტომანქანისათვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად და 2008 წლის 26 დეკემბრიდან მანქანის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების მომენტისათვის მოცდენისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება დღეში 6 ლარის ოდენობით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 17 აპრილს ქ. ფოთში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მოსარჩელის კუთვნილი “მერსედესის” მარკის ავტომანქანით კ. ს-ძე შეეჯახა ფეხით მოსიარულეს, რომელიც გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების იქმით ამოღებულ იქნა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს გამომძიებლის მიერ ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილების შესაბამისად ავტომანქანა გადაყვანილ იქნა შპს “ს-ის” ფოთის ფილიალის სპეციალურ ავტოსადგომზე. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგენის შემდეგ მოსარჩელემ 2008 წლის 17 ნოემბერს მიმართა შპს “ს-ის” ფოთის ფილიალს ავტომანქანის დაბრუნების მოთხოვნით. ავტოსადგომის დირექციამ მანქანის დგომისათვის მოითხოვა 1396 ლარის გადახდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2008 წლის 19 დეკემბერს განმეორებით მიმართა ავტოსადგომს მანქანის დაბრუნების მოთხოვნით და აღმოაჩინა, რომ ავტომანქანა იყო გაძარცვული (ს.ფ. 3-11).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. ბ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მოპასუხის წარმომადგენლმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს აძლევდა დაუსწრებელი გადწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (ს.ფ. 70-71).

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებზე საჩივარი შეიტანა ბ. ბ-იამ (წარმომადგენელი მ. რ-ძე), რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ პრობლემა შეექმნა ტრანსპორტს, რომლითაც იგი მგზავრობდა ქ. თბილისიდან, რამაც განაპირობა მისი სასამართლო სხდომაზე დროული გამოუცხადებლობა. საჩივრის ავტორის მითითებით, იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწესა და სხდომის მდივანს და აცნობა სხდომაზე დაგვიანების შესახებ და ითხოვა რომ სხდომა მის მისვლამდე არ დაეწყოთ (ს.ფ. 77).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ბ. ბ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 92-95).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის განხილვა მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ პროცესზე დროული გამოუცხადებლობის შესახებ სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ინფორმირების პირობებში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა (ს.ფ. 100-108).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით ბ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება. საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლმა მ. რ-ძემ ტელეფონის მეშვეობით შეატყობინა მოსამართლის თანაშემწესა და სხდომის მდივანს მისი სხდომაზე დაგვიანების შესახებ. აღნიშნული დგინდებოდა, წარმომადგენელ მ. რ-ძის მიერ წარმოდგენილი სატელეფონო საუბრების შესახებ ამონაწერით და მოწმის სახით დაკითხული სხდომის მდივნის ჩვენებით (ტ. 1, ს.ფ. 193-199).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი მიუთითებს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საპატიო მიზეზით არ იქნა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ მთავარ სხდომაზე მობილური კავშირის ამონაწერის მიღებითა და მოწმის დაკითხვით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილი. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მობილური კავშირის ამონაწერით არ დგინდება მობილური სატელეფონო ნომრის მფლობელის ვინაობა (ს.ფ. 206-213).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შპს “ს-ს” უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. მ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს “ს-ს” დაუბრუნდეს დ. მ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.