ას-521-489-2010 2 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ბ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების _ სესხის ძირითადი თანხის _ 18000 აშშ დოლარისა და 2008 წლის 10 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარგებლის _ ძირითადი თანხის 10%-ის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ბ-ძეს მ. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 18000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე 5000 აშშ დოლარის 10%-ის გადახდა 2008 წლის 23 ივნისიდან 2009 წლის 3 აგვისტომდე, სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა. ბ-ძისათვის 5000 აშშ დოლარის 10%-ის 2008 წლის 23 ივნისიდან 2009 წლის 3 აგვისტომდე დაკისრების ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ბ-ძეს მ. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარის 10%-ის გადახდა 2008 წლის 23 ივნისიდან 2009 წლის 3 აგვისტომდე, რაც შეადგენს 20000 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ძემ, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების გზით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ამასთან კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არის უმუშევარი, ჰყავს მოხუცი დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით ა.ბ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ამავე განჩინებით განემარტა კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებისა თუ მისი ოდენობის შემცირების წინაპირობების თაობაზე, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა ადრესატს 2010 წლის 12 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით ა.ბ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 4 (ოთხი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა ადრესატს 2010 წლის 12 ივნისს (იხ. ს.ფ.113).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 13 ივნისს და საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა ამავე წლის 16 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც ა. ბ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.